იუდა მოციქულის ეპისტოლე და იუდეველური აპოკრიფები

როგორც ჩვენს წინა სტატიებში ვაჩვენეთ, მოციქულები, თავიანთ საეპისტოლო მემკვიდრეობაში, არა მხოლოდ ძველი აღთქმის წერილს, არამედ იუდეველურ გადმოცემასაც იყენებდნენ, რაც მათთვის სრულიად კანონზომიერი და მისაღები იყო [1]; მით უმეტეს, რომ იუდეველური გადმოცემის (ზეპირი თორა) აუცილებლობას თალმუდიც უთითებს (ტრაქტატი „შაბათი“ 31a). მეტიც, თავად მაცხოვარი, მისი ქადაგების ქმედითობისთვის, არა მხოლოდ იუდეველურ გადმოცემას, არამედ აპოკრიფულ წყაროებსაც იყენებს [2]; ანუ წყაროებს, რომლებიც იუდეველთა ფართო წრისათვის კარგად იყო ცნობილი; მათთვის ამა თუ იმ აპოკრიფს ფასეულობა და ავტორიტეტი გააჩნდა. იგივე ეხება იუდა მოციქულის ეპისტოლესაც. იუდა მოციქული თავის ეპისტოლეში ერთ ძველ იუდეველურ აპოკალიფტიკურ გადმოცემას იყენებს. საუბარია ძველ იუადური აპოკრიფული ლიტერატურის წიგნზე სახელწოდებით „ენოქის წიგნი“. იუდა მოციქული ენოქსაც ასახელებს და მის წინასწარმეტყველებასაც მოიხსენიებს (იუდა. 1, 14). აღნიშნული აპოკრიფი იუდას რამოდენიმეჯერ მოჰყავს, განსაკუთრებით 6, 13, 14-15 მუხლები. სავარაუდოდ, ეს წიგნი კარგად იყო ცნობილი ადრესატებისთვის (რადგან იუდას ეპისტოლე ძველ აღთქმისეული იუდეველური ქადაგების ფარგლებს არ სცდება). ადრესატები კი გაფანტული იუდეველ-ქრისტიანები იყვნენ (რადგან, ცნობილი ბერძენი ბიბლეისტის, ი. კარავიდოპულოსის თანახმად, ეპისტოლეში მრავალი კლასიკური ბერძნული გამოთქმაა). ეპისტოლეში იუდა მოციქული (ან ის, ვინც მისი სახელით წერს) ერეტიკოსებსა და ცოდვილთა მომავალ სასჯელზე საუბრობს. აღნიშნული ერეტიკოსები, ერთის მხრივ, „მხოლოსა მფლობელსა ღმერთსა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უარ-ჰყოფენ“ (იუდა, 1.4), მეორეს მხრივ კი აღვირახსნილობას მიეცემიან და თავიანთ ხორცს ბილწავენ. ეპისტოლედან ჩანს, რომ ეს ერეტიკოსები მორწმუნეთა შორის ოფიციალური ეკლესიის წიაღში იმყოფებიან და თავისი ცხოვრების წესით ქრისტიანულ აღაპებს შეურაცხყოფენ. ეს შეიძლება გნოსტიკოსთა წინამორბედნი ან ებიონიტები – მოიუდეველო ქრისტიანები – იყვნენ; ეს უკანასკნელსნი I საუკუნის მეორე ნახევარში იაკობ მოციქულის იერუსალიმის ეკლესიას გამოეყვნენ, იესო ქრისტეს ღმერთად არ აღიარებდნენ, თუმცა მას ისრაელის მესიად და მართლად აღიარებდნენ (ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია, III, 27). მოგვყავს სამოციქულო ეპისტოლეში არსებული ენოქის წიგნზე მითითებები:

 

იუდა მოციქულის ეპისტოლე

 

ენოქის წიგნი
წინასწარმეტყუელა მათთჳს მეშჳდემან ადამისითგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა, მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდათა მისთაჲთა. ყოფად სასჯელისა ყოვლისათჳსვე და მხილებად ყოველთა უღმრთოთა მათთა ყოველთათჳს საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომელ ურჩულოებდეს და ყოვეთათჳს სიტყუათა ფიცხელთა, რომელთა იტყოდეს მისთჳს ცოდვილნი უღმრთონი“ (იუდა. 1, 14-15)

 

ის უამრავ წმინდათან ერთად მოდის, რათა მათზე მსჯავრი აღასრულოს; უკეთურებს გაანადგურებს; ყოველ ხორციელთან მსჯავრი ექნება ყოველივეზე, რაც ცოდვილებმა და უკეთურებმა მის წინააღმდეგ ჩაიდინეს და მოიმოქმედეს“ (ენოქი. 1, 9)
„დაუტევეს სამკჳდრებელი მათი სასჯელად დიდისა მის დღისა საკრველებითა მით სამარადისოჲთა, წყუდიადსა ქუეშე დაჰმარხნა“ (იუდა. 1, 6)

 

„რომლებიც ამგვარად ინახებიან ტანჯვისა და უბედურების დღისთვის“ (ენოქი. 45, 2) (ეთიოპიური ენოქი)
რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელისაჲ საუკუნოდ დამარხულ არს“ (იუდა. 1, 13) წყვდიადი იქნება მათი საცხოვრებელი“ (ენოქი. 8, 12)

იუდა მოციქულს კიდევ ერთი იუდეველური აპოკრიფული წიგნი მოჰყავს – ე. წ. „მოსეს ამაღლება“ ანუ „მოსეს მიძინება“ [3]. იუდას ეპისტოლეს 1, 9-ში იუდა მიქაელ მთავარანანგელოზისა და ეშმაკის დავაზე საუბრობს; დავა მოსეს სხეულს ეხება. კლიმენტი ალექსანდრიელის, ორიგენეს, წმ. ათანასე დიდის მოწმობით მოსეს სხეულზე მიქაელ მთავარანგელოზისა და ეშმაკის დავა (გადმოცემის თანახმად, ეშმაკი მოსეს სხეულზე ძალაუფლებას მოსეს მიერ ეგვიპტელის მოკვლის გამო ასაბუთებდა) გვხვდებოდა აპოკრიფულ წიგნში „აღსვლა“ ანუ „მოსეს ამაღლება“ (Aνάβασις ანუ Aνάληψς Μωυσέως). ზოგადად, ისრაელის დიდი კანონმდებლისა და ბელადის უჩვეულო სიკვდლსა და დაკრძალვაზე გადმოცემა ფართოდ იყო გავრცელებული იუდეველურ გადმოცემაში, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი სახით (თალმუდის მიდრაშები) [4].

იუდას ეპისტოლე მურატორის კანონის (II საუკუნის ბოლო) ახალი აღთქმის წიგნებშიც შედის, მისი ტექსტი მთლიანადაა მოყვანილი P72 პაპირუსში, რომელიც ცნობილია, როგორც ბოდმერის პაპირუსი 8 (III ს.). ბიბლეისტ ი. კარავიდოპულოსის თანახმად იუდა მოციქულის მცირე მოცულობის ეპისტოლე ძალზე ფასეულია ორი მიზეზის გამო: 1) „ეპისტოლეს ავტორს ერეტიკოსებთან პოლემიკაში როგორც ძველი აღთქმის წიგნებიდან, ისე იუდეველური აპოკალიფტური გადმოცემიდან მოჰყავს არგუმენტები და მათ თავისი მიზნებისთვის იყენებს; 2) ეპისტოლე ეფუძნება იმ რწმენას, რომ ქრისტიანი მხოლოდ დოგმატური სწავლების სიწმინდით არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ პრაქტიკულადაც უნდა იყოს მაღალზნეობრივი ადამიანი. ერთი ან მეორე ფაქტორის არარსებობა ქრისტიანობას ვნებს. ამ ჭეშმარიტებას, ამა თუ იმ სახით, სხვადასხვა ტერმინოლოგიით, ახალი აღთქმის ყველა ავტორი აღიარებს“ [5].

_____

[1] იხ. ჩვენი სტატია: https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/25/iudauri-arabibliuri-gadmocemebi-pavle-mociqulis/

[2] იხ. ჩვენი სტატია: https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/24/qristes-qadageba-da-iudevelta-arabibliuri/

[3] იხ. П.Покорны, У.Геккель. Введение в Новый Завет. М., 2012. С 696-697.

[4] იხ.: http://bible.optina.ru/new:iud:01:09. აპოკრიფული აპოკალიფტიკა საკმაოდ ხშირად იუდეველთა თალმუდურ მემკვიდრეობაშიც გამოიყენება, სადაც ენოქის წიგნიც არის შესული (იხ.А.Смирнов. Мессианские ожидания и верования иудеев около времен Иисуса Христа. С.п., 2010. С.198).

[5] იხ. И.Каравидопулос. Введение в Новый Завет. М., 2016. С.310.

© ი. კაზარიანი. სტატია, 2017

Post Author: tomatodua