რა მეწამულით შეჰმოსეს ქრისტე პილატეს პრეტორიუმში? (მათე. 27, 27–28)

აქვე ვაღნიშნავთ, რომ ეს სტატია არ არის დასკვნითი, არამედ მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო აქცენტებს სვამს. დასკვნების გამოტანა კი მკითხველისათვის მიგვინდია.

იოსებ ფლავიუსი მღვდელმთავრის შესამოსელზე მიუთითებს, რომელსაც რომაელები იერუსალიმში, ანტონიუსის ციხე-სიმაგრეში ინახავდნენ (სადაც იმპერიის პრეფექტის დროებითი საყდარი იყო განლაგებული), სადაც, სავარაუდოდ, ქრისტე გაასამართლეს. იოსებ ფლავიუსი წერს: „აქ, (ანტონიუსის ციხე-სიმაგრეში – ი. კ.) ისინი წმინდა შესამოსელს ინახავდნენ, რომლითაც მხოლოდ მღვდელმთავარი იმოსებოდა მხსვერპლშეწირვის დროს. ჰეროდეც (ჰეროდე დიდი – ი. კ.) აქ ინახავდა ამ შესამოსელს. მისი სიკვდილის შემდეგ ის რომაელთა ხელში მოხვდა, რომლებსაც ის იმპერატორ ტიბერიუსის დრომდე ჰქონდათ. ტიბერიუსის დროს, სირიელი მესაყდრე ვიტელიუსი იერუსალიმში ავიდა, სადაც მოსახლეობამ ის ბრწყინვალედ მიიღო, რისთვისაც მან მადლიერება გამოხატა – თხოვნა შეუსრულა და იმპერატორ ტიბერიუსს წმინდა შესამოსელის იუდეველთათვის დაბრუნების თხოვნით წერილი მიწერა. ტიბერიუსი დათანხმდა და წმინდა შესამოსელი იუდეველებს დაუბრუნა. ამგვარად, შესამოსელი იუდეველბს ჰქონდათ მეფე აგრიპას სიკვდილამდე. მის შემდეგ, სირიელმა მესაყდრემ, კასიუს ლონგინმა და იუდეას მესაყდრემ, კუსპიუს ფადმა, იუდეველებს უბრძანეს, სამოსელი ანტონიუსის ციხე-სიმაგრეში შეენახათ (ანუ, დაებრუნებინათ – ი. კ.), რადგან პატრონები მხოლოდ რომაელები უნდა ყოფილიყვნენ, როგორც ადრე იყო ხოლმე. მაშინ, იუდეველებმა იმპერატორ კლავდიუსს ელჩები გაუგზავნეს… როდესაც ელჩები რომში ჩავიდნენ, იქ მყოფმა მეფე აგრიპა უმცროსმა იმპერატორს თხოვნით მიმართა და იუდეველთათვის სამოსელის დაბრუნების ნებართვა მიიღო…“ (იუდეველთა სიძველენი XV, 11).

ამ ეპიზოდიდან ორი მომენტის აღნიშვნა გვსურს. პირველი: იოსებ ფლავიუსის თანახმად ეს შესამოსელი რომაელთა ხელში ჰეროდე დიდის სიკვდილისთანავე აღმოჩნდა (4-1 წწ. ჩვ., წ., აღ.,-მდე) და მათ ხელში იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობამდე დარჩა (37 წლამდე ჩვ. წ. აღ.); ტიბერიუსის დროს კი სირიელი მესაყდრე ვიტელიუსი იმპერატორის თანხმობით სამოსელს იუდეველებს უბრუნებს. ხსენებული ვიტელიუსი გახლავთ – ლუციუს ვიტელიუსი, რომის მესაყდრე სირიაში, რომელიც ამ თანამდებობას 35-39 წლებში იკავებდა (ჩვ. წ. აღ.). აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ქრისტეს წამებისა და მისთვის განაჩენის გამოტანის პერიოდში აღნიშნული სამოსელი ანტონიუსის ციხე-სიმაგრეში რჩებოდა (35-37 წლამდე, თუ ვიტელიუსის მესაყდრეობის პირველი წლიდან და ტიბერიუსის მმართველობის ბოლო წლიდან დავითვლით), სადაც რომაული გარნიზონი იდგა. ანტონიუსის ციხე-სიმაგრე ჯერ კიდევ ჰეროდე დიდმა ააშენა (ყოფილი ციხე-სიმაგრე ბარისის ადგილას). ციხე-სიმაგრის მთავარი კოშკი „სამოცდაათ მტევანი“ სიმაღლის იყო და იერუსალიმის ტაძარისკენ იყო მიქცეული. კოშკიდან ტაძრის შიდა ეზო ჩანდა. ჰეროდე ტაძარს თავისი გარნიზონის ძალებით აკონტროლებდა (იოსებ ფლავიუსი. იუდეველთა ომი V, 5, 8: I, 21, 1). ციხე-სიმაგრის მაღალი კედლებიდან იერუსალიმიც კარგად ჩანდა. ანტონიუსის ციხე-სიმაგრის მოსახერხებელი სტრატეგიული განლაგებით რომაელებმა ისარგებლეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს (ტაციტუსი, ისტ. 5. 11-12).

მეორე: სად აწამეს ქრისტე, სანამ მას გოლგოთაზე აიყვანდნენ? მეცნიერთა აზრი განსხვავდება: ერთნი მიიჩნევენ, რომ ქრისტეს ჰეროდეს სასახლეში აწამებდნენ, მეორენი კი მიიჩნივენენ, რომ ანტონიუსის ციხე-სიმაგრეში, მაგრამ პილატეს პრეტორიუმი ორივეგან შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენ ისტორიული კამათის დაწვრილებით განხილვას არ დავიწყებთ (ორივე ვერსიას არგუმენტები საკმაოდ გააჩნია). ჩვენ მხოლოდ იმას ავღნიშნავთ, რაც ჩვენი აზრით, ქრისტეს ანტონიუსის ციხე-სიმაგრეში წამების სასარგებლოდ მეტყველებს.  ანტონიუსის ციხე-სიმაგრის სასარგებლო არგუმენტს კვლავ მღვდელმთავრის სამოსელთან მივყავართ, რომელიც, იოსებ ფლავიუსის თანახმად, ანტონიუსის ციხე-სიმაგრეში ინახებოდა. ამასთან დაკავშირებით მათე მოციქულთან შემდეგს ვკითხულობთ: „მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას“ (მათე 27, 27-28). ამ მუხლების ბერძნული ორიგინალი შემდეგია: „καὶ ἐκδύσαντες αὐτòν χλαμύδα κοκκίνην περιέθηκαν αὐτω̨̃“ – „მათ, რომელთაც გახადეს მას, წითელი ქლამიდა ჩააცვეს“ (მათე. 27, 28). χλαμύδα κοκκίνην περιέθηκαν უნდა გავიგოთ, როგორც სამეფო ფერის, სამეფო ან სამღვდელმთავრო, შესამოსლად უნდა გავიგოთ. მოციქული იოანე პირდაპირ აღნიშნავს: „καὶ ἱμάτιον πορφυρου̃ν περιέβαλον αὐτόν“ (იოანე. 19, 2) – „მეწამული მოსასხამი ჩააცვეს“ – სადაც, πορφυρου̃ν პორფირს/მეწამულს ნიშნავს. ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, ესაიას წინასწარმეტყველება აღსრულდა: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო“ (ესაია. 1, 18). აქ იუდეველ მღვდელმთავართა სამოსელი უნდა გავიხსენოთ. მათ სამოსელში წითელი ან მეწამული ფერი ე.წ. ეფოდის საფუძველია (ებრ.אֵפוֹד) – ძველ ისრაელში ეფოდი მღვდელმთავრის შესამოსელის ნაწილი იყო, რომელსაც ის ღვთისმსახურებისას ატარებდა. ეფოდს ძვირფასი ნაჭრის ორი ზოლისგან ამზადებდნენ, რომელიც ოქროს, ბისონით (წვრილი გრეხილი სელი) და ცისფერი, მეწამული და მუქი წითელი ძაფებით იყო მოქსოვილი. ეფოდი გულ-მკერდსა და ზურგს ფარავდა. წინა და უკანა ნაწილები მხრებზე ორი სამხრით იკვრებოდა; თითოეულ სამხრეზე ოქროს ბუდეში ჩასმული ონიქსის ქვა მაგრდებოდა, რომელზეც ისრაელის ტომთა სახელები იყო ამოტვიფრული (გამოსვლა.28, 6-14; 39, 2-7). საინტერესოა, რომ ძველ ბერძნული თარგმანი (სეპტუაგინტა) ივრითულ ტერმინს უცვლელად ტოვებს: ‏‎ אֵפוֹד‏‎ – ἐπωμίδα – ეფოდი (გამოსვლა.25, 7; 28, 4, 6; 29, 5 და ა. შ.). როგორც ჩანს (და ჩვენი აზრითაც ასეა) რომაელმა ჯარისკაცებმა – მათეს, მარკოზისა და იოანეს აღწერით – ქრისტეს ეს სამღვდელმთავრო სამოსელი ჩააცვეს, უფრო ზუსტად კი მისი ერთი ნაწილი – ეფოდი, რომელსაც მათე χλαμύδα-ს უწოდებს. Χλαμύδα ეფოდის მსგავსად მატყლისგან მზადდებოდა. შემთხვევითი როდია, რომ ესაიაც მატყლს ახსენებს (ესაია. 1, 18), ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით.

ერთის მხრივ, წარმართი რომაელებისთვის ეს შესამოსელი საკრალური არ ყოფილა, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს შესამოსელი მათთვის ფასეული იყო და ამიტომაც ქრისტეს განკიცხვის შემდეგ მათ ქრისტეს სამღვდელმთავრო სამოსელი გახადეს: „და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქალმინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან“ (მათე. 27, 31). უცნაურია, რატომ გახადეს ქრისტეს სამღვდელმთავრო სამოსელი და თავისივე უბრალო სამოსი დაუბრუნეს გოლგოთაზე აყვანისას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სახარებისეული ტექსტის ქლამინდი, რომელიც იუდეველთათვის ძვირფასი იყო (იოსებ ფლავიუსის თანახმად) რომაელთათვისაც ფასეული იყო, ოღონდ მხოლოდ პოლიტიკურად და იმდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის, რომ როდესაც ქლამინდის იუდეველთათვის გადაცემის საკითხი დადგა რომალები ამ საკითხს იმპერატორ ტიბერიუსის დონეზე წყვეტდნენ, როგორც ამას ფლავიუის მოწმობს და თავადვე ადასტურებს: „სირიის მესაყდრე კასიუს ლონგინმა და იუდეის მესაყდრემ კუსპიუს ფადმა იუდეველებს უბრძანეს, შესამოსელი ანტონიუსის ციხე-სიმაგრეში შეენახათ (დაებრუნებინათ – ი. კ.), რადგან პატრონები მხოლოდ რომაელები უნდა ყოფილიყვნენ, როგორც ადრე იყო ხოლმე“. ამგვარად, ამ შესამოსლის ფლობა იუდეის მიწაზე რომაელთა ბატონობის ნიშანი იყო, რითიც ისინი, როგორც დამპყრობლები, იუდეველებზე მორალურად ზემოქმედებდნენ. ფლავიუსის თანახმად, შესამოსელი ვიტალიუსის მესაყდრეობამდე ანტონიუსის ციხე-სიმაგრის კედლებს არ გასცდენია და არც უნდა გასცდენოდა. ეს რომაელებისთვის პირნციპულად მნიშვნელოვანი გარემოება გახლდათ. შესამოსელი მათ ხელთ იყო და ისინი თავისუფლად განკარგავდნენ მას, მხოლოდ იმ პირობით, რომ ის ციხე-სიმაგრის კედლებს არ უნდა გასცდებოდა.

იუდეველი მღვდელმთავრის შესამოსელის ისტორიაში ერთი სულიერი ასპექტის აღნიშვნა გვსურს (ისევე, როგორც ესაია 1, 18-ის შემთხვევაში). ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ქრისტესა და მღვდელმთავარი-მეფის, მელქიცედეკის, როლს აიგივებს, რასაც ეპისტოლეში დიდ ადგილს უთმობს: მელქიცედეკის სახე ქრისტეს წინასახედ მოჰყავს იმის მტკიცებულებად, რომ ქრისტე არიც მეფეც და მღვდელმთავარიც (ებრ. 6, 13-20; 7, 1-28). ამიტომ, იუდეველი მღვდელმთავრის შესამოსელის ისტორიაში ჩვენ 109 ფსალმუნის 4 მუხლის (რომელიც პავლეს მოჰყავს ეპისტოლეში) დამატებით აღსრულებასაც ვხედავთ: „წესსა მას ზედა მელქისედეკისსა მღდელთმოძღუარ იქმნა იგი უკუნისამდე“ (ებრ. 6, 20). როდესაც, ღვთის განგებით, ქრისტე მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს მღვდელმთავრის შესამოსელით მიუყვანეს (იოანე. 19, 5), ისინი უნდა გონს მოსულიყვნენ. როდესაც ქრისტე, უკვე როგორც „ძველთა დღეთა“ გამოეცხადა იოანეს დიდებით, მას იუდეველი მღვდელმთავრის სამოსელი ეცვა, მაგრამ ამჯერად „ზეწარი“ – „ποδήρη“ (გამოცხ. 1, 13; გამოსვლა. 28, 4).

© ი. კაზარიანი. სტატია, 2017

Post Author: tomatodua