კლიმენტ ალექსანდრიელის, ორიგენესა და არაკანონიკური „ებრაელთა სახარების“ ტექსტებში არსებული ქრისტეს ზოგიერთი აგრაფის შესახებ

სტატიაში „იუსტინე მარტვილის თხზულებებში ქრისტეს ერთი აგრაფის შესახებ“ [1] ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ტერმინ აგრაფაზე და მის მნიშვნელობაზე. სტატიაში ვაჩვენეთ საეკლესიო გადმოცემისა და ახალი აღთქმის ცოცხალი კავშირი. ასევე, სტატიაში აღინიშნა, რომ აგრაფების შესწავლა და სისტემური გადმოცემა პირველად პროფესორმა . კერნერმა მოახდინა XVIII საუკუნეში, რომელიც დაამკვიდრა ტერმინი „άγραφα“. მეცნიერმა თავის ნაშრომში „De sermonibus Christi agraphois“, რომელიც 1776 წელს ლათინურ ენაზე გამოიცა, 16 აგრაფა გამოიკვლია. აგრაფების კვლევაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს, ასევე, რეშმა და ნესტლემ. პირველმა, უტყუარობის ნიშნების პრინციპით, 14 აგრაფა შეარჩია, მეორემ – 27 [2]. კიდევ ერთმა მეცნიერმა, პროფესორმა . ტაუბემ, 71 აგრაფა აღწერა [3]. ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ზოგიერთი წყაროს საეჭვოობის გამო აგრაფების ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ამასთან ერთად, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული არქეოლოგები ქრისტიანული მწერლობის აქამდე უცნობ ძეგლებს აღმოაჩენენ და აგრაფების შესწავლა ახალი მონაცემებით ივსება [4].

ამ დროისთვის ცნობილი აგრაფები ბერძნულ, ლათინურ, სირიულ, კოპტურ, არაბულ და სლავურ ენებზეა ჩაწერილი (ანუ, ჩვენ გვაქვს დაკარგული პირველწყაროების თარგმანები). ქრისტეს ამა თუ იმ გამონათქვამის სინამდვილის ნიშნებია: გამონათქვამის შემცველი წყაროს სიძველე და (ზოგ შემთხვევაში) დაუზიანებლობა; აგრაფების შესაბამისობა სახარების სულისკვეთებასთან, ასევე სახარებისეულ ფრაზეოლოგიურ ბრუნვებთან მათი კონსტრუქციული თანხმობა და მსგავსება. ქრისტეს ნამდვილი გამონათქვამები (ლოგიები), რომლებიც კანონიკურ სახარებებში არ ჩაწერილა, წყაროების მიხედვით შეიძლება ოთხ ჯგუფად დავყოთ: ახალი აღთქმის ეპისტოლეებში (სახარებების გარდა) შესული აგრაფები;  არაკანონიკურ სახარებებში შემოჩენილი აგრაფები; მამების, ეკლესიის მოძღვრების ნაშრომებში და ლიტურგიკული ლიტერატურის ძეგლებში ჩაწერილი აგრაფები; ძველი ქრისტიანული მწერლობის ახლად აღმოჩენილ ძეგლებში შესული აგრაფები.

ქრისტეს გამონათქვამები სიწმინდისა და ჭეშმარიტების ბეჭედს ატარებს. ქრისტიანული ცნობიერებისათვის ძვირფასია ქრისტეს ყოველი სიტყვა, რომელიც ეკლესიამ კანონიკურ სახარებებში შეინარჩუნა. კანონიკური სახარებებიდან ცნობილია, რომ ქრისტე ზეპირად ასწავლიდა და შემდეგ, მოციქულებმა უფლის ქადაგება წიგნებში შეიტანეს. კანონიკური სახარებების დაწერას წინ უძღვოდა მოციქულთა (ზეპირი) ქადაგება. კანონიკური სახარებების შედარებით ვასკვნით, რომ მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე მახარებლებმა მხოლოდ იმის ნაწილი ჩაწერეს, რაც ქრისტეზე იცოდნენ. პავლე და იოანე მოციქულთა მოწმობაც ამას ადასტურებს [5]. მეტიც, იოანე ღვთისმეტყველი მოწმობს: ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს (იოანე. 21, 25). სახარებებიდან ვიცით, რომ იესოს ღვთაებრივ საქმეებს ყოველთვის ახლდა სწავლება, მოძღვრება და წინასწარმეტყველება, ამიტომ ოთხი, შედარებით მცირე ზომის წიგნი ვერ დაიტევდა ყველაფერს, რაც მაცხოვარმა ბრძანა. ქრისტეს მსმენელთა, განსაკუთრებით კი – მოციქულთა, მეხსიერებაში დარჩა აგრაფები, ანუ უფლის გამონათქვამები, რომლებიც არ შევიდა კანონიკურ სახარებებში. მთელი ძველი ქრისტიანული მწერლობა, მოციქულთა საქმის და ეპისტოლეების ჩათვლით, მოწმობს ქრისტიანთა ყურადღებას ქრისტეს გამონათქვამების მიმართ, რომლებიც არ არის ჩაწერილი სახარებებში.

აგრაფების ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფებიდან ერთ-ერთს განეკუთვნება ქრისტეს გამონათქვამები, რომლებიც აპოკრიფულ სახარებებში შევიდა. მაგალითად, „ებრაელთა სახარება“ ძველი დროიდან მოდის, ის ეკლესიის (იერუალიმის იუდეველ-ქრისტიანულ თემის) მამებმა დაწერეს; ისინი ცდილობდნენ ქრისტეს შესახებ კეთილი ცნობა თავიანთი წერილით გაევრცელებინათ; მათ წერილებში უძველესი ზეპირი ტრადიციაა ასახული. მეცნიერი ერხარდტი მიიჩნევს, რომ „ებრაელთა სახარების“ პირვანდელი ტექსტი ჩ. წ. აღ. 65 – 100 წწ. შეიქმნა [6]. შესაძლოა, ლუკა მახარებელი აღნიშნულ „ებრაელთა სახარებას“ გულისხმობდა, როდესაც წერდა: რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა, როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი (ლეკა. 1, 1-2). შემდგომში, „ებრაელთა სახარება“ აპოკრიფული სახარებების სიაში გადავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა აპოკრიფი ფალსიფიკაციის მიზნით არ შექმნილა. ზოგი მათგანი შეიძლება ჭეშმარიტი გადმოცემის მოკრძალებული, მაგრამ უვიცი თხრობა ან კომენტარი ყოფილიყო. ამ მხრივ საინტერესოა, რომ „ებრაელთა სახარებას“ კანონიკურ სახარებებთან ერთად წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი (+107 წ.) [7] იყენებდა, ნეტარი იერონიმე სტრიდონელი (+ 419/420 წ.) ბერძნულ და ლათინურ ენებზე თარგმნიდა, წმ. ეპიფანე კვიპროსელს (+403 წ.) კი მისგან ამონარიდები მოჰყავდა. როგორ უკვე აღინიშნა, „ებრაელთა სახარება“ ძველი ქრისტიანული მწერლობის ძეგლია, რომელიც შემდგომში ერეტიკოსებმა – ებიონიტებმა და ნაზარეველებმა, რომლებიც იერუსალიმის იუდეველურ-ქრისტიანულ ეკლესიას გამოეყვნენ – დაამახინჯეს. მეცნიერთა შორის აზრთა სხვაობაა იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენდა სინამდვილეში „ებრაელთა სახარება“. გავრცელებულია მოსაზრება, რომ აღნიშნული სახარება არის ის, რომელსაც ებიონიტები და ნაზარეველები დამახინჯებული ფორმით იყენებდნენ. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც აღნიშნული სახარება საერთო იუდეველურ-ქრისტიანულ წყაროს განეკუთვნება. ეს წყარო, სავარაუდოდ, არის მათეს სახარების არამეული პროტოტიპი. საინტერესოა, რომ ეპიფანე კვიპრელი, ებიონიტების დამოწმებით, „ებრაელთა სახარებისა“ და მათეს სახარების იდენტურობაზე საუბრობს: ებიონიტები მხოლოდ მათეს სახარებას აღიარებენ მერინფესა და კერინფეს მიმდევრების მსგავსად, თუმცა ებრაელთა სახარებას უწოდებენ მას(პანარიონი, XXX (3)). ნეტარი იერონიმე იგივეს წერს: „…ებრაელთა სახარებაში, რომელიც ქალდეურ, ანუ სირიულ ენაზეა დაწერილი ებრაული ასოებით და რომელსაც ნაზარეველები დღემდე კითხულობენ, იგივე მოციქულთ სახარება ან, როგორც მრავალი მიიჩნევს, მათეს სახარებაა, რომელიც კესარიის ბიბლიოთეკაში ინახება…“ (იერონიმე სტრიდონელი, პელაგიანთა წინააღმდეგ, III, 2). ნეტარი იერონიმე გვიჩვენებს მათეს კანონიკური სახარებისგან განსხვავებებს, რაც დამახინჯების შედეგია. ამის თაობაზე წმ. ეპიფანე წერს, რომ „ებრაელთა სახარება“ (რომელსაც ებიონიტები აღიარებდნენ) არ არის სრულიზოგ ადგილას ყალბია, ზოგან კი შეკვეცილი (მასვე ებრაულ სახარებას უწოდებენ)“ (პანარიონი. XXX (13)).

„ებრალეთა სახარებაზე“ სხვა მამებიც წერენ, მაგრამ არსი უცვლელია: „ებრაელთა სახარების“ თავდაპირველი ვერსია ეკლესიის ჭეშმარეტი გადმოცემას შეესაბამებოდა. სახარებაში არის ეპიზოდები, რომლებიც ახალი აღთქმის წერილს შეესაბამებოდნენ. აი, მაგალითად, ასე გადმოსცემს „ებრაელთა სახარება“ იაკობ მოციქულისათვის ქრისტეს გამოცხადების ამბავს: როდესაც უფალმა ტილოები მღვდლის მსახურს გადასცა, წავიდა იგი იაკობთან და ეჩვენა მას. რამეთუ იაკობმა დაიფიცა, რომ იმ წუთიდან, რაც უფლის თასი დალია, პურს არ შეჭამდა, სანამ აღმდგარს არ ნახავდა მას. იმის მერე უფალმა თქვა: მოიტანე მაგიდა და პური. მან აიღო პური და აკურთხა, გატეხა და მართალ იაკობს მიაწოდა და უთხრა: ძმაო, ჭამე შენი პური, რამეთუ მძინარეთა სორის აღდგა ძე კაცისა (იერონიმე სტრიდონელი. ცნობილ მამებზე. 2). იაკობ მოციქულისათვის ქრისტეს გამოсხცადების ფაქტს პავლე მოციქული ადასტურებს: მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კიყველა მოციქულს (1 კორ. 15, 7). აღნიშნული მოვლენის აღწერაში თუნდაც ეჭვი რომ შევიტანოთ, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ იაკობ მოციქულისადმი ქრისტეს სიტყვები სახარებისეული სულით არის განმსჭვალული, რადგან აღდგომის შემდეგ მოციქულების ქრისტეს პურის გატეხვისას ცნობდნენ, როგორც ლუკა მახარებელი აღწერს (ლუკა, 24, 30-31).

„ებრაელთა სახარებაში“ მდიდარ ჭაბუკზე თხრობა უფრო ვრცელია, ვიდრე მათეს სახარებაში (მათე. 19, 16-26): თქვა უფალმა: როგორ ამბობ, რომ რჯული აღასრულე? რამეთუ რჯულში წერია: გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. შეხედე, შენი მრავალი ძმა, აბრაამის ძენი, ჭუჭყში არიან და შიმშილით კვდებიან, შენი სახლი კი სიმდიდრით არის სავსე და ამისგან არაფერი ერგებათ – ეს სიტყვები ორიგენემ  დაადასტურა (Com. in. Matth. XV). საინტერესოა, რომ „ებრელთა სახარებაში“ არის ნაწყვეტი, რომელიც იმის სწორ ვერსიას გადმოგვცემს, რაც მათეს სახარებაში მექანიკური ხარვეზით არის გადმოცემული; ამის თაობაზე ნეტარი იერონიმე, მათე მახარებლის ციტირებისას, შენიშნავს: „მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის (23, 35). სახარებაში, რომელსაც ნაზარეველები კითხულობენ, „ბარაქიას ძის ნაცვლადწერიაიოდაის ძის (იერონიმე სტრიდონელი. მათეს სახარების კომენტარი), რაც – უფრო სწორია, რადგან მღვდლებმა ზაქარია, იოდაის ძე (2 ნეშტ. 24, 20-21), მოკლეს და არა წინასწარმეტყველეი ზაქარია, ბარაქიას ძე (ზაქ. 1, 1).

კლიმენტ ალექსანდრიელის სტრომატები აგრაფების მაგალითებს შეიცავს: სამეფო ხელოვნება, პირველ რიგში, ზოგჯერ ღმერთისგან მოდის და იმაში მდგომარეობს, რომ ღვთის ნებისა და მისი ძის სიწმინდის თანახმად ვიმოქმედოთ, რომელთანგან არა მარტო მიწიური და გარე სიკეთეები მოდის, არამედ ყოველგვარი სრულყოფილი სიკეთეც. „ითხოვეთ, ნათქვამია, – დიდი და მაშინ მცირედიც მოგენიჭებათ (სტრომ, 1, 24) და კიდევ: წერილს სურს, რომ ჩვენ ამგვარი დიალექტიკოსები ვიყოთ და ამიტომ გვმოძღვრავს: იყავით გამოცდილი ვაჭრებივით (სტრომ. 1, 28). ადვილი შესამჩნევია, რომ კლიმენტ ალექსანდრიელის პირველი მაგალითი სახარებისეულ გამოთქმას ეხმიანება: ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ (მათე. 6, 33). კლიმენტი ალექსანდრიელის მიერ მოყვანილი სიტყვები სახარებისეული გამონათქვამის ვარიანტი არ არის, რადგან ერთ შემთხვევაში საუბარია თხოვნაზე ან ლოცვაზე, მეორეში – სასუფევლის ძიებაზე. ამგვარად, ყოველ გამონათქვამს თავისი ფასეულობა გააჩნია. მეორე მაგალითი მათეს სახარებას ეხმიანება (მათე. 5, 48), რადგან გამოცდილება, როგორც ასეთი, სრულყოფილებასთან ერთად მოდის. კლიმენტთან მოყვანილი ეს აგრაფა პავლე მოციქულის გამოთქმას შეესაბამება: ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს (1 თეს. 5, 21), ასევე (მათე. 13, 44-46) ყანის, ვაჭრისა და განძის შესახებ, ანუ იგავი, რომელიც, შესაძლებელია, „სტრომატებში“ მოყვანილი აგრაფის განმარტებას ან გაგრძელებას წარმოადგენს. „სტრომატების“ სხვა ადგილას კლიმეტნი წერს: მაშასადამე, ნება ყველაფერს წინ უძღვის, გონებრივი ძალები კი ემსახურებიან მას“. „ინებე, ამბობს უფალი, – და შეძლებ“ (სტრომატა 2, 17). „ინებე და შეძლებ“ შეესაბამება სახარების სულისლკვეთებას განრღვეულის განკურნების შემთხვევაში (იოანე. 5, 68).

კლიმენტ ალექსანდრიელთან თვით „ებრაელთა სახარების“ ხსენებასაც ვხვდებით, რომლის კომენტარებში იგი წერს: „აი რატომ დაიწერა ებრაელთა სახარებაში: გამეფდება ის, ვისაც გაკვირვების უნარი აქვს, გამეფებული სიმშვიდეს მიიღებს (სტრომ. 2, 9). სხვა ადგილას (სტრომ. 5, 14, 96) კლიმენტ ალექსანდრიელს სწავლების უფრო ვრცელი ვარიანტი მოჰყავს, მხოლოდ, ამ შემთხვევაში, „ებრაელთა სახარების“ დამოწმების გარეშე: ამ სიტყვების აზრი ახლოს არის შემდეგთან: მაძიებელი არ წყვეტს ძებნას, სანამ არ იპოვის და როდესაც იპოვის, აღტაცებულია, აღტაცებული ფლობს, მფლობელი კი მშვიდდება. ამ სწავლების პარალელი ოქსირინულ ლოგიებსა (Рар Ох 654 I 5а) და „თომას სახარების“ (ფსევდო–თომა) კოპტურ ტექსტშია; ოქსირინულ ლოგიებსა: ნუ შეჩერდება მაძიებელიიპოვა და როდესაც იპოვა, გაუკვირდაგაუკვირდა და ამიტომ იმეფებსჰპოვებს სიმშვიდეს“; ფსევდო–თომასთან: იესომ თქვა: ის, ვინც ეძებს, ნუ შეწყვეტს ძებნას, სანამ არ იპოვის და როდესაც იპოვის გაოგნდება, თუ გაოგნდებაგაუკვირდება და იმეფებს ყოველივეზე[8]. მოცემული ამონარიდების თანხვედრა გვაძლევს  ვარაუდის საფუძველს, რომ კლიმენტის მიერ მოყვანილი ნაწყვეტი აღებულია არა „ებრაელთა სახარებიდან“, არამედ თომას სახარების ბერძნული ვარიანტიდან, რომელიც ოქსირინულ ლოგიებშია ასახული. თუმცა გნოსტიკურ სახარებებსა და „ებრაელთა სახარებას“ შორის ცალკეული გამონათქვამების დამთხვევა, ჟანრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, არ არის გამორიცხული. სიმშვიდის თემა გვხვდება მათეს კანონიკურ სახარებაში (11, 28-29). მათეს სახარების კომენტარში ორიგენე იესოს შემდეგ სიტყვებს უთითებს: სუსტებისთვის სუსტი ვიყავი, მშიერთათვის ვშიმშილობდი, მწყურვალთათვის მწყუროდა (ორიგენე (Commentarii in Mattheum). 13.2)). მოცემული სიტყვების აზრი და მათი კონსტრუქცია გამოთქმის ჭეშმარიტებას მოწმობს. ამის შემდგომ პავლე მოციქულიც გაკადნიერდა და თქვა: ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი (1 კორ. 9, 22).

ჩვენ დაგვრჩენია დავამატოთ, რომ ღვთიური მოძღვრის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს არც ერთი სიტყვა ან გამოთქმა არ თქმულა შემთხვევით. თუ ქრისტეს ესა თუ ის სიტყვა წერილობით წყაროებში არ შევიდა, მან მსმენელთა გულებში გაიდგა ფესვი. კანონიკურ სახარებებში ჩაწერილი ქრისტეს სიტყვები და გამოთქმები სამუდამოდ დარჩა საეკლესიო გადმოცემაში და ეს სიტყვები ახალი აღთქმის პარალელური ადგილებით დასტურდება.

_____

[1] იხ. https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/26/iustine-martvilis-txzulebebshi-qristes-erti/;

[2] მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ბიბლიოთეკა, სანქტ-პეტერბუგი, 1900, გვ. 299.

[3] მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა პოლონური მაცნე. 1936, მე-2 და მე-3 წ; 1937 – 1, 2, და 3.

[4] ე. ჰენეკეს წიგნში „ახალი აღთქმის აპოკრიფები“, ტ. I, ტუბინგენი, 1959, თავში „უფლის ცალკეული გამონათქვამები“. ი. იერემიასმა აგრაფებისადმი მიძრვნილი ლიტერატურის შესავალი ბიბლიოგრაფიული ცნობა მოგვაწოდა.

[5] იხ. ჩვენი სტატია „იუდეველური არაბიბლიური გადმოცემები პავლე მოცოქულის ეპისტოლეებში https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/25/iudauri-arabibliuri-gadmocemebi-pavle-mociqulis/;

[6] Erhardt A. A. Iudeo-Christians in Egypt: The Epistulae Apostolorum and the Gospel of Hebrews // Studia Evangelica. Bd 3. В., 1963. S. 363.

[7] ნეტარი იერონიმე სტრიდონელი (ცნობილ მამებზე, თ. 16) წერს, რომ წმ. ეგნატე წმ. პოლიკარპესადმი წერილში „ებრაელთა სახარება“ ახსენა (რომელიც იერონიმემ არამეული ენიდან ბერძნულზე გადმოთარგმნა) და მისგან ამონარიდი მოჰყავს: მე აღდგომის მერეც მინახავს იგი ხორციელად და მწამს, რომ ის არის. როდესაც ის მივიდა პეტრესთან და მასთან ერთად მყოფებთან, უთხრა მათ: ეს მე ვარ, შემეხეთ და დარწმუნდით, რომ არ ვარ უსხეულო დემონი. ისინი შეეხნენ და მყისვე იწამეს“. აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვები შესულია არა წმ. პოლიკარპესადმი წერილში, არამედ წმ. ეგნატეს სმირნელთა მიმართ წერილში (III, 2), მხოლოდ „ებრაელთა სახარებაზე“ მითითების გარეშე. იგივე ამონარიდი მოჰყავს ორიგენეს (საწყისების შესახებ, I წინად., 8) და ევსები კესარიელს (საეკლესიო ისტორია, III, 36, 11).

[8] თომას სახარების სრული ტექსტი იხ.: Nag Hammadi Codex II, 2-7. Vol. I: Gospel According to Thomas, Gospel According to Philip, Hypostasis of the Archons, and Indexes. Ed. B. Layton. Leiden – New York – Københaum – Köln: Brill, 1989 (Nag Hammadi Studies 20). P. 37–128.

© ი. კაზარიანი. სტატია, 2015

Post Author: tomatodua