იმის შესახებ, რომ ქრისტე არ არის მთავარანგლეოზი მიქაელი

„საგუშაგო კოშკის საზოგადოება“ ასწავლის, რომ ამქვეყნად მოსვლამდე იესო ქრისტე მიქაელ მთავარანგელოზის სახით არსებობდა და აღდგომის შემდეგ ისევ მიქაელ მთავარანგელოზი გახდა. საზოგადოება ამტკიცებს, რომ ქრისე, ამქვეყნად ყოფნისას, მხოლოდ ადამიანი იყო, ხოლო როდესაც მოკვდა, „ადამიანმა“ იესომ არსებობა შეწყვიტა და „სულიერი ქმნილების“ – მიქაელ მთავარანგელოზის – სახით აღდგა [1].

პირველ რიგში ვიტყვით, რომ საკითხი ამგვარად დასმა აღმოჩენას არ წარმოადგენს. ეს არის იუდეო-ქრისტიანული სამყაროს ძველი ერეტიკული იდეების რეანიმირება. ადრეული ქრისტიანობის ხანაში იუდეველი ებიონიტების გნოსტიკური სექტა (I საუკუნის მეორე  ნახევარი –  IV ს.) გამოთქვავდა აზრს, რომ ქრისტე მთავარანგელოზია. წმ. ეპიფანე კვიპროსელი (+ 403) გვიამბობს: „არ ამბობენ, რომ მამა ღმერთისგან იშვა (ანუ, ძე), არამედ მთავარანგელოზად შეიქმნა [მათზე უზენაესად], ბატონობს ანგელოზებზე და ყოვლისმპრყობელის მთელს ქმნილებაზე“ (პანარიონი, Adversus Ebionaeos, haeresis XXX, 16). ამგვარად, ებიონიტების თანახმად, ქრისტე, თავისი ბუნებით, არის არსება, რომელიც გნოსტიკური სისტემების ერთ-ერთ ეონს მოგვაგონებს (ამ გნოსტიკურ შეხედულებას იუდაიზმის ელფერი ემატება). მსგავს პარალელებს ღვთისმშობლის შესახებ ქადაგების კოპტურ ვერისაშიც ვხედავთ. ამ ქადაგებას წმ. კირილე იერუსალიმელს მიაწერენ. ქადაგების ავტორს ე. წ. „ებრაელთა სახარებიდან“ ამონარიდი მოჰყავს: „ებრაელთა სახარებაში წერია, რომ როდესაც ქრისტემ დედამიწაზე ადამიანებთან ჩასვლა ისურვა, სახიერმა მამამ დიადი ძალა აირჩია ზეცაში, რომელსაც მიქაელი უწოდა და ქრისტე მას მიაბარა. ძალა დედამიწაზე ჩავიდა და მარიამი ეწოდა, ქრისტე კი მის საშოში შვიდი თვე იმყოფებოდა“ [2]. საინტერესოა, რომ ებიონიტი ეიუდეველები მხოლოდ ამ სახარებას აღიარებდნენ. შემდგომში, იერუსალიმის ეკლესიის (რომლის პირველი ეპისკოპოსი მოციქული იაკობი იყო) დაარსებისას ისინი მას გამოეყვნენ და იუდეო-ქრისტიანული ერეტიკული სექტა ჩამოაყალიბეს.

ებიონიტებზე ადრე ამ აზრს იუდეველური ელინიზმის ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა, ფილონ ალექსანდრიელი (25 წ. ქრისტეშობამდე – 50 წ. ქრისტეშობის შემდეგ), გამოთქვავდა. ებიონიტებისგან განსხვავებით, რომლებიც ქრისტიანული ტრადიციიდან გამოვიდნენ, ფილონი ასწავლიდა, რომ ლოგოსი ღვთაებისგან მოშორებით მყოფი მსახური ქმნილება იყო [3]. ამიტომ, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე. წ. „იეჰოვას მოწმეთა“ (შემდგომში – „მოწმეები“) ანტიქრისტიანულ სწავლებას ფესვები შუა ხნის პლატონისეული ელინურ-იუდეველურ ფილოსოფიაში აქვს გადგმული. ამ ფილოსოფიამ, სახეშეცვლილი ფორმით,  ადგილი ჰპოვა პალესტინაში, ებიონიტებში [4].

ღვთის ეკლესია, ადრეული ქრისტიანობის ხანაშივე, ყველა ამდაგვარი ერესი დაძლია (ეკლესიისთვის ეს გავლილი ეტაპია) და მისთვის ხსენებული ერესი სიახლეს არ წარმოადგენს. უბრალოდ, „მოწმეები“ ამ ერესს სხვა შეფუთვით გვაწვდიან. ისინი ებიონიტებისგან განსხვავებით უფრო თანმიმდევრულები არიან და ქრისტეს მთავარანგელოზ მიქაელად მიიჩნევენ, მაგრამ ზუსტად ამ კონკრეტიკაში ჩანს მოწმეების სწავლების მთელი აბსურდულობა. განვიხილოთ ეს საკითხი უფრო დაწვრილებით და სხვადასხვა რაკურსით.

ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ ქრისტე არ არის არც მთავარანგელოზი, არც ანგელოზი. უნდა ავღნიშნოთ, რომ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს პირველი თავის მთავარი მიზანია წინასწარმეტყველებზე (1, 1-4), ანგელოზებზე (1, 4-14) და მოსეზე (3, 1-6) ქრისტეს უპირატესობის ჩვენებაა. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს პირველი თავი ზუსტად ამ თემას ეძღვნება, რომ ძე არ არის ბუნებით ანგელოზი, არამედ ანგელოსზე მაღალია, ის არის „ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი“ (1, 3) (აქ საუბარია მამაზე); „რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“ (1, 5); „როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა“ (1, 6). ჩვენ ვიცით, რომ ანგელოზები არც ანგელოზებს, არც მთავარანგელოზებს არ სცემენ თაყვანს. ასეთი აზრი წერილისთვისაც და საეკლესიო გადმოცემისთვისაც უცხოა. ღვთის ანგელოზები მხოლოდ პირველშობილ ძეს სცემენ თაყვანს (1, 6), რადგან ის, არის რა თავისი მამის ძე, ბუნებით ღმერთია: ძეზე კი:ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისაშენი სუფევის კვერთხი. შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“ (1, 8-9). თავად ტექსტი გვიჩვენებს ძის ღვთაებრივ ბუნებასა და მამის მიმართ მის ერთბუნებოვან ძეობას. ამავე მუხლში (1, 6), ორიგინალში წერია „προσκυνησάτωσαν“, რაც ანგელოზების მხრიდან ძის ღვთაებრივ თაყვანისცემაზე მიუთითებს. ასევე, მნიშვნელოვანი აზრია ებრ. 1, 13-14-ში, სადაც ცალსახად აღინიშნება, რომ ანგელოზები ღვთის მარჯვენით ვერ დასხდებიან, რადგან მათი ბუნება ქმნილია; ღვთის მარჯვენით დაჯდომა მხოლოდ მას შეუძლია, რომელიც მარადიული შობით არის ღმერთი (იოანე. 1, 1-2; ებრ. 1, 5; 8-9), ანუ ბუნებით მამის ტოლია (იოანე. 5, 18) და მარადიულ დიდებას ფლობს (იოანე. 17, 15). ამიტომ, მხოლოდ ძე შეიძლება იყოს „ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი“ (1, 3). ებრ. 1, 14-ში ანგელოზებს „მომსახურე სულები“ ეწოდება, რაც მოციქული აზრის კონტექსტს მიგვანიშნებს, რომ ძე ღვთისა არავის ემსახურება, არამედ ანგელოზები მას თაყვანს სცემენ (1, 6), განკაცების შემდეგაც კი (მათე. 4, 11), რადგან მისი პიროვნება ღვთაებრივია. პავლე შემთხვევით არ აკრიტიკებს იუდეველებს, რომლებსაც ქრისტეს პიროვნების ღვთაებრიობასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩნდათ და სრულიად უმართებულოდ თვლიდნენ მას ანგელოზად ან უზენაეს სულიერ ქმნილებად. ებრაელთა მიმართ ეპისტოლე 70 წლით თარიღდება (I საუკუნის მეორე ნახევარი) [5]. ეს ის პერიოდია, როდესაც ოფიციალურ იერუსალიმის იუდეო-ქრისტიანულ ეკლესიას იუდეველთა სხვადასხვა ჯგუფი ჩამოშორდა. პირველნი მათ შორის ებიონიტები იყვნენ [6]. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეს „შეგონების სიტყვას“ უწოდებს (13, 22).

შევნიშნავთ, რომ ებრაელთა მიმართ ეპისტოელდან (2, 5) ცალსახად გამომდინარეობს, რომ სამყარო ანგელოზებს არ ემორჩილება, უზენაესი ძალაუფლება კი განდიდებულ ქრისტეს გადაეცემა (გამოცხ. 19, 16), რადგან ის „ყოვლისმპყრობელია(გამოცხ. 1, 8), როგორც მისი მამა (გამოცხ. 19, 15). თუ ანგელოზი სამყაროს ვერ მართავს (ებრ. 2, 5), მაშინ ქრისტე მთავარანგელოზი ვერ იქნება, რადგან წერილი მუდმივად ამბობს, რომ ცათა სასუფევლის მმართველი ქრისტე იქნება (დაბ. 49, 10; 2 მეფ. 7, 16; ფსალ. 2, 6-12; დანიელ. 7, 13-14; ლუკა. 1, 32-33; გამოცხ. 19:16 და ა.შ.).

კაცობრიობისთვის მცნებების მიმცემა მხოლოდ ღმერთს შეუძლია როგორც ძველ (გამოსვლა. 20, 2-17), ისე ახალ აღთქმაში, ღვთაებრივი ლოგოსის განკაცების შემდგომ (იოანე. 14, 15, 21). ძე, როგორც მამა ყოვლისმპყროებელია – „ὁ παντοκράτωρ“ (გამოცხ. 1, 8). არც ერთ ანგელოზს ან მთავარანგელოზს მცნებების მიცემის ძალაუფლება არ გააჩნია, არც სამყაროს ან მისი რომელიმე ნაწილის შემოქმედნი არიან ისინი – მათ არ აქვთ შემოქმედების თვისება; შემოქმედება მხოლო ყოვლისმპყრობელ ღმერთს შეუძლია და ის ქმნის (დაბ. 1, 1) ღვთაებრივი ლოგოსის მიერ (იოანე. 1, 3); თავად ლოგოსი არის ღმერთი – „θεòς ἠ̃ν ὁ λόγος“ (იოანე. 1, 1). ამ შემთხვევაში ბერძნული სიტყვა θεòς ის წინ განსაზღვრული არტიკლი „ὁ“ რომ არ დგას – ეს არაფერს ნიშნავს, რადგან არც მამის ღვთაებრიობაზე საუბრისას (იქვე და იმ კონტექსტში) იყენებს ამ არტიკლს იოანე მოციქული (იოანე. 1, 13): «ἐκ θεου̃ ἐγεννήθησαν» ან «θεòν» (იოანე. 1, 18), სადაც ძეს «μονογενὴς θεòς» ეწოდება – «მხოლოდშბილი ღმერთი» (1, 18) -ესეც უარტიკლოდ, რადგან თავად კონტექსტი გვიჩვენებს, რომელ ღმერთზეა საუბარი და ეს არ მოითხოვს დაკონკრეტეტება, კონტექსტიდან გამომდინარე. ანგელოზები და მათი დასები ლოგოსმა შექმნა, რაზეც პირდაპირ ამბობს პავლე: „რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანიყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას (კოლ. 1,  16 – 17). ამ მუხლებს წინ უსწრებს მე-14 მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ძე არის „ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი“, შემდეგ კი მოდის მუხლი ძის მიერ ანგელოზების შექმნაზე (1, 16). აქ პავლე მოციქული ლოგოსზე, როგორც შობილ და არა შექმნლი არსზე საუბრობს, რადგან ყოველივე შექმნილიმისი მეოხებით დგას“ ( 1, 17).

თუ ქრისტე ამბობს, რომ „ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული“ (მათე. 20, 28), ის აქვე ხაზს უსვამს, რომ ის არის ძე „კაცისა“. ზუსტად ეს ტერმინი გვიჩვენებს, რომ ქრისტე მსახურობს, როგორც ადამიანი და ძე კაცისა, რადგან როგორც ღმერთს მას ანგელოზები ემსახურებიან (მათე. 4, 11). მაგრამ კაცობრიობის ხნის განგებისთვის (მათე. 4, 11) ლოგოსი განკაცდება ისე, რომ ღვთაებრიობასაც ინარჩუნებს, რაზეც ზემოთ ვწერდით. ამიტომ ანგელოზები ერთმანეთს კი არ ემსახურებიან, არამედ ქრისტეს, რადგან ის არის „μονογενὴς θεòς“ (იოანე. 1, 18). ანგელოზებს (გამოცხ. 22, 9) და ადამიანებს (საქმე. 10, 26), როგორც ქმნილ არსებებს არავინ ეთაყვანება.

ქმნილება ცვალებადია, მაგრამ ქრისტე, როგორც ღმერთი უცვლელია. ქრისტეს უცვლელობაზე საუბარია ებრ. 1, 10 – 12-ში, სადაც ძეზე ნათქვამია: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი“. ეს არის 101 ფსალმუნიდან ამონარიდი (26-28). ფსალმუნში ეს სიტყვები მამის მიმართ არის ნათქვამი, ებრ. 1, 10-12-ში კი იგივე სიტყვები ქრისტეს ეხება. ეს არის ქრისტეს რვთაებრიობაზე პირდაპირი მითითება. ქრისტე, რომ უცვლელია, ამას ებრ. 13, 8-იც მოწმობს: „იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე“. თუ ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს, ხვალ და მარადის, მაშინ ის ანგელოზი ვერ იქნებოდა, რადგან ანგელოზი რომ ყოფილიყო, ადამიანად შეიცვლებოდა და შემდეგ ისევ ანგელოზობას დაუბრუნდებოდა. „მოწმეების“ გაგებით ქრისტემ ბუნება რამოდენიმეჯერ არსებითად შეიცვალა, რაც წერილის ტექსტსა და აზრს არ შეესაბამება. წერილიდან კი ვიცით, რომ ქრისტე, ისევე როგორც მისი მამა, არის ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი (გამოცხ. 1, 10. გამოსვლა. 44, 6).

ახლა კი „მოწმეების“ ძირითადი აზრი ამ თემის შესახებ. მათ თანახმად, „ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი“ (1 თეს. 4, 16) ისე უნდა გავიგოთ, რომ აქ, თითქოს, თავად უფალი მთავარანგელოზ მიქაელის ხმით მოუხმობს და აქედან აკეთებენ დასკვნას, რომ იესო მიქაელ მთავარანგელოზია. განვიხილოთ ეს მუხლი უფრო დაწვრილებით.

1 თეს. 4, 16 ამბობს: „თვით უფალი,მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით“. „მოწმეები“ ამ მუხლს იყენებენ, რათა დაამტკიცონ, რომ იესო არის მთავარანგელოზი მიქაელი, რადგან ის „მთავარანგელოზის ხმობით“ მოდის. ის რომ, იესო მთავარანგელოზის ხმით მოდის, არ ნიშნავს, რომ ის მთავარანგელოზია. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ იესო ღვთის საყვირის ხმითაც მოდის, მაგრამ არავინ ამტკიცებს მის ღვთაებრიობას მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ის ღვთის საყვირით მოდის. 2 თეს. 1, 7 გამოცხადების შესახებ ვკითხულობთ: „უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცითრათა ცეცხლის ალით იძიოს შური“. ანუ, როგორც ჩანს, იესო მოვა მთავარანგელოზთან ერთად, რომელიც ხმას გამოსცემს.  ზაქ. 14, 5-6-ში ვკითხულობთ, რომ „…მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად. იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, არამედ, სიცივე და ყინვა“. თუ ამ ამონარიდს, რომელშიც ღმერთის მოსვლაა აღწერილი, 2 თეს. 1, 7-სა და მათე. 24, 29-31-ში აღწერილ ქრისტეს მოსვლას შევადარებთ, ცხადი ხდება, რომ ღმერთი იესოა, რომელიც თავის ანგელოზებთან ერთად მოდის. თუ „მოწმეები“ მაინც ჯიუტად დაიცავენ თავის უკუღმართ აზრს, მაშინ ამ ლოგიკით უნდა ვაღიაროთ, რომ თუ მთავარანგელოზის ხმა უფალს მთავარანგელოზად აქცევს, მაშინ ღვთის საყვირი მას ღმერთად ხდის. თუმცა, ტექსტის განმარტებისას თანმიმდევრულობა უნდა დავიცვათ. არ შეიძლება მუხლის ნაწილი ჩვენი გემოვნების მიხედვით კონტექსტიდან ამოვგლიჯოთ და ამ საფუძველზე სრულიად უსაფუძვლო დასკვნები გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით, რომ 1 თეს. 4, 16-სა და 2 თეს. 1, 7-ში აღწერილი ქრისტეს მოსვლა იგივეა, რაც მათე 24. 29-31-ში მისივე მოსვლა, როდესაც ის თავისი ანგელოზებითა და მგრგვინავი საყვირით (მათე. 24, 31) და მისი ძალის ანგელოზებით (2 თეს. 1, 7) მოვა. თუ ქრისტეს, მისი მეორედ მოსვლის ჟამს, მთავარანგელოზები ახლავენ, მათ შორის, ცხადია, მიქაელ მთავარანგელოზიც იქნება.

ვის აქვს სატანისთვის აკრძალვის ძალაუფლება? მიქაელ მთავარანგელოზს სატანისთვის აკრძალვის ძალაუფლება არ გააჩნია. იუდა მოციქული ეპისტოლე ამას პირდაპირ ამბობს: „მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!“ (იუდა. 1, 9). იესო კი მრავალჯერ რისხავდა ეშმაკს (მათე. 17, 18; მარკოზი. 9, 25 და სხვ.). თუ მიქაელი თავისი ძალაუფლებით ეშმაკს ვერ რისხავდა, იესო კი რისხავდა, აქედან გამომდინარეობს, რომ იესო და მიქაელი ერთი და იგივე პირვონება ვერ იქნება. აღსანიშნავია, რომ წერილი იესოს მრავალჯერ უწოდებს უფალს  – „κύριος“, მიქაელ მთავარანგელოზს კი არც ერთხელ.  როდესაც მიქაელ მთავარანგელოზმა თქვა, „შეგრისხოს უფალმა!“, მან ყოვლისმპყრობელი უფლის ძალას მიმართა, რომელიც არის ქრისტე (გამოცხ. 1, 8).

აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ ანგელოზს არც ცოდვების მიტევების ძალა აქვს და არც რომელიმე ანგელოზს მისცემია ამგვარი ძალა. წერილი ამის შესახებ არ მოწმობს. ქრისტე, როგორც განკაცებული ღმერთი ცოდვებს მიუტევებს და ასეთ ძალაუფლებას ფლობს (მათე. 9, 6), რადგან ის, როგორც მისი მამა, ყოვლისმპყრობელია (გამოცხ. 1, 8), ალფა, ომეგა, პირველი და უკანასკნელი (გამოცხ. 1, 10; ესაია. 44, 6).

_____

[1] მსჯელობა წერილის მიხედვით, 1985, საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება, გვ. 218 (ინგ.)

[2] Брюс М. Мецгер. Канон нового завета. М. 2011. С. 168-169

[3] პროფესორმა მ.დ. მურეტოვმა ამ თემას ტრაქტატი მიუძღვნა – Учение о Логосе у Филона Александрийского и Иоанна Богослова. СПб, 2012. С. 387-388

[4] საინტერესოა, რომ ერთ-ერთ მუსლიმურ გადმოცემაში (სუნა) იესო ქრისტეს ანგელოზური თვისებები ენიჭება და პირდაპირ ანგელოზიც კი ეწოდება, რაც ცნობილი არაბი ისტორიკოსის, აბუ ჯაფარ მუჰამედ იბნ ჯარირ ათთაბარის (839-923), წიგნიდან ჩანს, სახელწოდებით „შიკრიკთა და მეფეთა ისტორია“ II, სადაც ათ-თაბარი ქრისტეზე შემდეგს წერს: „ახლა ის [ისა] ტრაპეზსა და სასმელს იხმევს და ანგელოზებთან ერთად დაფრინავს, მისი [ღმერთის] ტახტის გარშემო. ის იყო ადამიანი და ანგელოზი, მიწიერი და ზეციური

[5] И.Каравидопулос. Введение в Новый Завет. М., 2016. С.283

[6] Л.И.Писарев. Очерки из истории христианского вероучения патристического периода. СПб., 2009. С. 87-112

© ი. კაზარიანი. სტატია, 2018

Post Author: tomatodua