ერთნი და თანასწორნი

„მე და მამა ერთი ვართ“ იოანე. 10, 30

წინამდებარე სტატია წარმოადგენს რეაქციას სტატიაზე „ერთნი, მაგრამ არა თანასწორნი“, რომელიც „იეჰოვას მოწმეთა“ (შემდგომში – „მოწმეები“) ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული [1]. სტატიის დასაწყისში ავტორები აცხადებენ: „იესოს იმაში სდებენ ბრალს, რომ ღმერთად მოაქვს თავი“ და თავადვე პასუხობენ: „მაგრამ ის უარყოფს ამ ბრალდებას“. დასაბუთებად მოჰყავთ იოანე. 10, 22-42.

იესო არსად უარყოფს თავის ღვთაებრიობას არც პირდაპირ და არც ირიბად (არც ხსენებულ მუხლებში, არც სადმე წერილში). მოწმეთა დამახინჯებული ეგზეგეტიკა მათ ცრუ იმედს აძლევთ იმისა, რომ ამ მუხლებში ქრისტეს მიერ თავისი ღვთაებრიობის უარყოფას ნახავენ. სრულიად საწინააღმდეგო აზრს ვკითხულობთ ამ მუხლებში, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.

კონტექსტში თუ წავიკითხავთ (წმინდა წერილის ტექსტები კი მხოლოდ ერთობლივ კონტექსტში უნდა ვიკითხოთ, რადგან ისინი ურთიერთდაკავშირებულნი არიან, ეხებიან რა ქრისტეს ერთიან ქადაგებას და დაუშვებელია მათი ერთიანი კონტექსტიდან ამოგლეჯა), ვნახავთ, რომ ქრისტე ადასტურებს, რომ იუდეველები დევნიან მას იმის გამო, რომ ის თავს ღმერთად აღიარებს, ამას პავლეც მოწმობს: „რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა“ (ფილიპელთა. 2, 6). ეს კი არის ამ მუხლის სიტყვასიტყვით თარგმანი ბერძნულიდან: „ὃς ἐν μορφη̨̃ θεου̃ ὑπάρχων οὐχ ἁρπαγμòν ἡγήσατο τò εἰ̃ναι ἴσα θεω̨̃“ ანუ „რომელმაც, ღვთის ხატად (ἐν μορφη̨̃ θεου̃) მყოფმა ძარცვად არ მიიჩნია ღვთის ტოლად ყოფნა“.

როდესაც იესო ამბობს, „მე და მამა ერთი ვართ“ (იოან. 10, 30), შემდეგ კი იუდეველები ეუბნებიან, რომ ის „ღმერთს გმობს“ და არის რა ადამიანი, თავს იღმერთებს (ποιεῖς σεαυτὸν θεόν – ღმერთად იქმ შენს თავს (10, 33), ქრისტე ღვთაებრიობაზე უარს არ ამბობს და მათთვის გასაგები რომ იყოს, 81 ფსალმუნის მე-6 მუხლი მოჰყავს; და მით უმეტეს მათ პირდაპირ არ პასუხობს. ხომ შეეძლო ქრისტეს იუდეველთათვის პირდაპირ ეთქვა, რომ ის ღმერთი არ არის და არც ღმერთს უტოლებს თავს? მაგრამ ასე არ ამბობს; არც სინედრიონში სასამართლოს წინაშე უთქვამს ამგვარი უარყოფა და არ ამბობს უარს იმ „ღვთისგმობაზე“, რომელშიც იუდეველები სდებენ ბრალს. ის იუდეველებს პასუხობს: „მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა?“ (იოანე. 10, 36). ამგვარად, მთელი ეს დიალოგი (კონტექსტში) გვეუბნება, რომ ქრისტესთვის, მისი უნიკალური და განკაცებული პიროვნების თვალსაზრისით, „მე ვარ ძე ღვთისა“ და „მე და მამა ერთი ვართ“ ცნებები ერთი და იგივეა და ღვთაებრივია. ამგვარად,  არა მხოლოდ ქრისტემ გააიგივა ეს ცნებები, არამედ თავად იუდეველებმაც ასე გაიგეს, ქრისეტეს პასუხი კი მათ საყვედურზე მისი ამ პოზიციის დასტური იყო. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ფსალ. 81, 6-ზე მითითებამ იუდეველები არ დააკმაყოფილა და მათ ისევ ქვებს სტაცეს ხელი, ქრისტემ კი მათ მდუმარედ თავი მოარიდა (10, 39). ქრისტეს მიერ 81 ფსალმუნის ხსენება რომ ღვთაებრიობაზე უარი ყოფილიყო, მაშინ ისინი კვლავ ქვებს არ ტაცებდნენ ხელს. მთელი ამ დიალოგის მნიშვნელობა ზუსტად იმაშია, რომ მათ ისევ აიღეს ქვები, რადგან ქრისტეს პასუხმა ისინი არ დააკმაყოფილა, რადგან მან თავისი ღვთაებრიობა კი არ უარყო, არამედ პირიქით – მიანიშნა კიდეც: „მამა ჩემშია და მე მამაში ვარ“ (იოანე. 10, 37-38). ამან ისევ გააბრაზა იუდეველები და მათ ისევ დააპირეს მისი შეპყრობა. ასე მთავრდება ეს დიალოგი.

რატომ პირდაპირ არ უთხრა ქრისტემ იუდეველებს, რომ ის ღმერთია? ის ხედავდა, რომ იუდეველები ამისათვის მზად არ იყვნენ. ამაზე მინიშნება და 81 ფსალმუნის მოშველიებაც კი მათთვის არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი. ამგვარად, მოცემულ დიალოგში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იუდეველები ქრისტეს  პასუხმა არ დააკმაყოფილა და თავად ქრისტემაც იცოდა ეს, რომ მის არგუმენტაციას ისინი არ მიიღებენ და ამიტომაც მოერიდა მათ. ფარისეველებმა, სადუკეველებმა და ზოგადად სინედრიონმა ხომ ზუსტად იმის გამო გამოუტანეს ქრისტეს სასიკვდილო განაჩენი, რომ იგი თავის ღვთაებრიობაზე ლაპარაკობდა და მათ კვლავ იგივე – ღვთისგმობის (βλασφημεν) – ბრალდება წაუყენეს მას (მარკ. 14, 64). იუდეველებმა იოანე. 10, 36-ში ქრისტეს ზუსტად ეს ბრალდება წაუყენეს –  ღვთისგმობა (Βλασφημεῖς) და იგივე ბრალდება წარმოთქვეს სინედრიონზე: „ხომ მოისმინეთ ღვთის გმობა? რას იტყვით? მაშინ ყველამ სიკვდილის ღირსად სცნო იგი“, რადგან „ჰკითხა მღვდელმთავარმა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა? იესომ მიუგო: მე ვარ. იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით“ (მარკ. 14, 61-62). ასე შეიძლებოდა ეთქვა მხოლოდ მას, ვინც ბუნებით მამა ღმერთის ტოლი და თანაბარი იყო, როგორც ძე. მსგავსი მოწმობა (იოანე. 10, 30) ჩვენ არც ანგელოზთაგან გვსმენია, არც წინასწარმეტყველთაგან. ქვემოთ მოგვყავს იოანე. 10, 30-ის ვრცელი ანალიზი.

ქრისტემ ხედავდა, რომ ფარისევლები და სადუკეველები, ისევე, როგორც სხვა იუდეველები, მის ღვთაებრივ სტატუსს ვერ მიიღებდნენ და ამიტომ სცადა არა სიტყვით, არამედ საქმით დაერწმუნებინა ისინი თავის ღვთაებრიობაში – ის მასიურად კურნავდა ხალხს, მბრძანებლობდა სტიქიებზე, ცოდვებს მიუტევებდა, სრულყოფდა ძველი აღთქმის კანონებს  და ა. შ. და ზუსტად ამიტომ უთხრა იუდეველებს: „თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით. და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე – მასში (იოანე. 10, 37-38). ქრისტეს ძალაუფლებას მთელს სახარებისეულ მისიაში განსაკუთრებული კონტექსტი და ასპექტი აქვს, რაც მის ღვთაებრიობას ადასტურებს [2]. მხოლოდ ღვთის ძეს შეუძლია იჯდეს ტახტზე მამის მარჯვენით და მამის თანაბარი პატივითა და დიდებით. ამას პირდაპირ მოწმობს პავლე მოციქულიც: „რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს“ (ებრ. 1, 13) რადგან ქრისტე „რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი, ანგელოზებზე იმდენადვე უზენაესი, რამდენადაც მათზე უდიადესი დაიმკვიდრა სახელი“ (ებრ. 1, 3-4). საერთოდ, ებრაელთა მიმართ ეპისტოლის მთელი პირველი თავი ეძღვნება იმას, რომ ქრისტე არის არა ანგელოზი, არამედ ღვთის ძე და მას ღვთაებრივი წარმომავლობა აქვს. ქრისტე რომ დიდების უფალია, ისევე როგორც მისი მამა, ამაზე ცალკე სტატია დავწერეთ [3] და ნებისმიერს, ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული, შეუძლია მისი წაკითხვა (სტატია ძალიან მოკლე და ლაკონურია). ასევე, მოკლე სტატია მივუძღვენით იმას, რომ ქრისტე არ არის ანგელოზი ან მთავარანგელოზი [4]. სავსებით ცხადია, რომ ქრისტე, როგორც ღვთის ძე, ღვთის კრავი, მამის ტოლი ღვთაებითა  და მისი თანაბარი დიდებით, მამასთან ერთად ზის ღვთიური დიდების ტახტზე და მას ყოველი ქმნილება თაყვანს სცემს. ქრისტე იმდენად აღემატება ანგელოზურ ბუნებას, რამდენად ის მამის თანაბარია ღვთაებრიობით; ის, მამის მსგავსად „ყოვლისმპყრობელია“ (გამოცხ. 1, 8; 19, 15) და ამიტომ ქრისტეს, როგორც ღმერთს ანგელოზები სცემენ თაყვანს (ებრ. 1, 6); ის არის „მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი“ (გამოცხ. 19, 15-16). ეს ტიტული (უფრო ზუსტად კი ღვთაებრივი თვისება) ძველ აღთქმაში მხოლოდ ისრაელის ღმერთზე ითქმის (რჯლ. 10, 17; ფსალ. 135, 2-3), რაც ქრისტეს – ღვთის ძის ღვთაებრივ სტატუსზე პირდაპირ მიუთითებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქრისტეს როგორც მიწიერ ცხოვრებაში სცემდნენ თაყვანს, ისე ახალი იერუსალიმის ესქატოლოგიურ პერსპექტივაშიც, რადგან ქრისტე არის „ამინი“ და თანაც ეს „ὁ ἀμήν“ განმსაზღვრელი არტიკლით წერია, რაც მის პიროვნებას აკონკრეტებს (გამოცხ. 3, 14). ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ ღმერთი ამინი ჭეშმარიტების ღმერთია: „θεὸν τὸν ἀληθινόν“ (ესაია. 65, 16); ქრისტეც ამბობს თავის თავზე: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება (ἡ ἀλήθεια) და ცხონება“ (იოანე. 14, 6), რადგან ქრისტე, როგორც მისი მამა ყოვლისმპყრობელია (გამოცხ. 1, 8), ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი (გამოცხ. 1, 10; 22,13; ესაია. 44, 6).

ახლა კი მივაქციოთ ყურადღება იოანე. 10, 30-ის ბერძნულ ტექსტს, სადაც წერია: „ἐγὼ καὶ ὁ πατὴρ ἕν ἐσμεν“ – „მე და მამა ერთი ვართ“, თუმცა სიტყვა სიტყვით გამოდის: „მე და მამა – ჩვენ ერთი ვართ“. კონკრეტულად „ἕν ἐσμεν“ ნიშნავს „ჩვენ ვართ ერთი“, რაც ასევე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ჩვენ ვართ ერთიანი/ერთნი“. ზმნა ἐσμεν არის „ყოფნა“ ანუ “εἰμί“ ზმნის (მხოლობითი რიცხვის პირველი პირი) მრავლობითი რიცხვი (ენკლიტიკური ფორმა); ἐσμεν გვიჩვენებს მამისა და ძის მჭიდრო კავშირს და ონტოლოგიურ ერთობას.

იოანე მოციქული წერდა მცირე აზიის ბერძნულენოვან ქრისტიანებს, რომლებიც სხვადასხვა კულტურული თუ სოციალური სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. ამიტომ, მოციქულს მათთვის ჩვეული და გასაგები ტერმინოლოგია და ლექსიკა უნდა გამოეყენებინა, რაც მათთვის სახარების ქადაგებას უფრო გასაგებს გახდიდა (იუდეველურ-სემიტური იდიომატიკის გაგება მხოლოდ იუდეო-ქრისტიანებს და მათთან მჭიდრო კავშირში მყოფ ადამიანებს შეეძლო). ამიტომ, მოციქული, თავისი სახარების პირველი თავებში იყენებს ბერძნულ მრავალმნიშვნელოვან ტერმინს „ὁ λόγος“ – „სიტყვა“ (იოანე. 1, 1), რათა სახარების დასაწყისშივე ადრესატებისთვის ეჩვენებინა, რომ ეს მარადიული ὁ λόγος – „θεòς ἠ̃ν ὁλόγος“ არის ღმერთი, ანუ ღვთაებრივი ლოგოსი, რომელიც განკაცდა (იოანე. 1, 14) და ქრისტე იესოდ იწოდა (ადამიანური ბუნებით) და ამავე დროს არ დაუკარგავს თავისი ღთაებრიობა.

მაგალითად, პარმენიდე λόγος-ს ფართო გაგებით განიხილავს, ჩვეულებრივი „ენიდან“ დაწყებული „სამყაროს კოსმიური წყობით“ დამთავრებული. იოანესთან ეს ლოგოსი პიროვნულად არის დაკონკრეტებული და ამიტომაც იყენებს არტიკლს „ὁ“, რათა მას პიროვნული ონტოლოგია მიანიჭოს. გააზრების ასეთივე სიღმრეა გამოთქმაში „ἕν ἐσμεν“ – „ჩვენ ერთნი ვართ“, სადაც „ἕν“ მამისა და ძის მაქსიმალური ონტოლოგიური ერთობისა თუ იგივეობის გამომხატველია. ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის მეორეზე (რაოდენ ახლობლები არ უნდა იყვნენ ისინი) „მე და შენ ერთი ვართ“, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ადამიანი ერთსა და იმავე ქმნილ ბუნებას განეკუთვნება.

ქრისტეს ფრაზა „მე და მამა ერთი ვართ“ – არის ღვთაებრივი ჰიპოსტასების სრული თანაარსობა. ეს არსებითად განსხვავდება ქმნილი არსებების ერთობისგან (ადამიანური თანაარსობა არ არის აბსოლუტური და ამიტომაც მას, ასევე, მსგავსარსება ეწოდება). ღვთაებრივი ბუნება არ არის უბრალოდ მამისა და ძის ერთარსებობა (ერთარსობრიობა), ეს არის ასევე ბუნებით იგივეობა. ქმნილი ბუნება კი მსგავსარსია, და თანაარსია, მაგრამ არა აბსოლუტურად. თავად სიტყვა ἕν (τὸ ἕν) არის საშუალო სქესის რიცხვითი სახელი და ერთს, ერთიანს, ერთიანობას ნიშნავს. ამ ტერმინს ჯერ კიდევ პლატონი იყენებდა. შემდეგ ის პლოტინმა განავითარა, რომლისთვისაც ἕν პირველადი ღვთაებაა, ყოველივე არსებულის წყარო, რომელიც ამავდროულად „სიკეთეა“. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ იოანე, რომელიც კარგად იცნობს ბერძნულ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას ღრმა ფილოსოფიურ ტერმინებს იყენებს და მათ მამისა და ძის ერთარსობრიობის ქრისტიანულ გააზრებას სძენს.

ჩვენ გვსურს, ასევე, ხაზი გავუსვათ ერთ ასპექტს და შეგახსენოთ, რომ თუ ქრისტე იოანეს სახარებაში მოწაფეებს ეუბნება „ამ დღეს შეიცნობთ თქვენ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ ჩემში ხართ, მე კი თქვენში ვარ“ (14, 20), ამით ის ადამიანებთან მჭიდრო ერთობას გამოხატავს, თუმცა (არც წერილიდან და არც საეკლესიო გადმოცემიდან) ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომ ქრისტეს მსგავსი გამოთქმებით და კატეგორიებით კაცობრიობასთან ერთიანობაზე ესაუბრა, როგორც ამას აკეთებს იოანე. 10, 30-ში, როდესაც მამასთან ბუნებით იგივეობაზე ლაპარაკობს. ქრისტეს არ უთქვამს, რომ „მე და თქვენ ერთნი ვართ“, რადგან მისი ღვთაებრივი ბუნება – არაქმნილია, არამედ ის უქმნელი-ღვთაებრივია და ამიტომ პიროვნულ/ჰიპოსტასურ დონეზე  მხოლოდ ბუნებით თანაბარ მამასთან შეიძლება ჰქონდეს ბუნებით იგივეობა. ამიტომაც თქვა ქრისტემ „ἐγὼ καὶ ὁ πατὴρ ἕν ἐσμεν“.

მამისა და ძის ერთობის შესახებ ამ ზემოხსენებული აზრების დაზუსტება გვსურს, რასაც მოკლედ გავაკეთებთ, რათა არ გაგვიგრძელდეს სიტყვა. სული წმიდისა და ძის პიროვნებების მამის პიროვნებისგან განსხვავება (და არა გაყოფა) მდგომარეობს არა მათ არსში, არამედ რიგში, რასაც პატროლოგიაში τάξις (წესი, რიგი) ეწოდება.  წესი/რიგი ნიშნავს იმას, რომ სამების ღვთაებრივი ერთობის წყაროს მამა წარმოადგენს: სამ პირში იგივე ბუნებაა/არსი, ის ღვთაებრივია (სიტყვა „ღვთაებრივი“ შესაბამის ბუნებაზე მიუთითებს). ანუ, სამებაში ერთობა არის მამა, რომლისგანაც იშვება ძე და სული წმინდა გამოდის. ამიტომ მამა არის ბიბლიის ღმერთი, ის არის დანარჩენი ორი პირის ერთობის მიზეზი და წყარო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დანარჩენი ორი პირი მამის დაქვემდებარებაში არ არის, რადგან მიზეზობრიობა დრომდე და დროის მიღმა აღესრულება (იოანე. 1, 1-3) და შესაბამისად, კოსმიური წყობის ქმნილ კატეგორიებში არ ჯდება. ამიტომ, როდესაც ქრისტე ამბობს, რომ „მამა ჩემზე უმეტესია“ (იოანე. 14, 28), ის აქ გულისხმობს არა მხოლოდ მამის სტატუსს თავისი ადამიანური ბუნების მიმართებაში, არამედ ასევე გულისხმობს მამის მარადიულ მიზეზობრიობას, საიდანაც მოდის სამების პირთა τάξις-ი. აქ სრულად ვერ შევეხებით სული წმიდის საკითხს. ამ თემაზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ. აქ აქცენტს ვაკეთებთ მამისა და ძის ბუნებით იგივეობრიობაზე, რადგან ეს გახლავთ ამ სტატიის თემა.

რატომ ვთქვით ზემოთ, რომ ღვთაებრივ პირებში ბუნების ერთობა იგივეობრივი და ერთარსია, ქმნილ ბუნებაში კი (მაგ. ადამიანურში) პიროვნებებს შორის არის მხოლოდ ერთარსება (ისიც არა სრული) და მსგავსება? ეს იმიტომაა, რომ სამი ღვთაებრივი პირის ერთობა რეალურად არსებობს, პირთა შორის განსხვავებას კი ჩვენ მოვიაზრებთ წარმოსახვითათ; თითოეული პირი იგივე ღვთაებას ფლობს (მაგალითად: „მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა“ იოანე. 1, 18) და სამების ერთი პირის ღვთაებრიობას დანარჩენ პირთა ღვთაებრიობისაგან ვერ გამოვყოფთ; ადამიანებში კი პირიქითაა – ჩვენ ერთი მეორის და საკუთარი თავის საპირისპირონი ვართ; ჩვენ დღითი დღე ვიცვლებით მთელი ცხოვრების მანძილზე; ჩვენ ცვალებადნი ვართ, ერთი მეორისგან განვსხვავდებით ძალაუფლებით, სიძლიერით, დროით, ხასიათითა და სხვა თვისებებით; რაც შეეხება ღმერთს, უფრო ზუსტად კი ღმერთის სამ პირს, მათში ეს ყოველივე არ არსებობს (ანუ არ არის მსგავსება, რასაც ბუნებაში ცვალებადობა შეაქვს და არ არის მახასიათებლები); არის მხოლოდ ჰიპოსტასური განსხვავებები: მამობა, შობა და გამომავლობა (იოანე. 1, 18; 15, 26). ამიტომ, ღვთაებრივ პირებში როგორც არსების, ისე ნების სრული და უმჭიდროვესი ერთობაა და ამიტომ, ერთის მეორეში მყოფობიდან გამომდინარე, ერთი პირის სრულყოფილება სხვა პირების სრულყოფილებაცაა, ანუ თითოეულ პირში არის ღვთაების სისავსე. ზუსტად ამიტომ წერს პავლე მოციქული: „მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება“ (კოლ. 2, 9). ბერძნულ ტექსტში „ღვთაების მთელი სავსება“ ჟღერს, როგორც „πα̃ν τò πλήρωμα τη̃ς θεότητος“, ანუ ქრისტეში არის ღვთაებრიობის (τη̃ς θεότητος) სრული სისავსე (πα̃ν τò πλήρωμα). ამის მხოლოდ რწმენა შეიძლება და გონებრივად ჭვრეტა იმდენად, რამდენადაც თითოეულ პიროვნებას ეს ძალუძს, რადგან ადამიანის გონებას არ შეუძლია თავის შეზღუდულობის ფარგლებს გასცდეს და ღვთაებრივი სისავსის მარადიულობა და უსასრულობა მოიცვას.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სამების პირთა ღვთაებრივ იგივეობას მათი ბუნებრივი ნება ადასტურებს, რომელიც სამივე ჰიპოსტასში ერთი და იგივეა; ისევე, როგორც მათ ერთი და იგივე ბუნება აქვთ, ასევე ამ სამის ერთსა და იმავე ნებაში ვლინდება ეს ბუნება. ზუსტად ამიტომ წერს პავლე: „თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და უფალმა ჩვენმა იესომ წარმართოს ჩვენი გზა თქვენსკენ“ (1 თეს. 3, 11). ამგვარად, მოციქულმა მამისა და ძის ერთობა დაიცვა – მას არ უთქვამს „წარმართონ“, არამედ, მხოლობით რიცხვში, „წარმართოს“ (κατευθύναι) მამამ და ძემ. ღვთის განგებულება ღვთაების ბუნებრივი ნებით გამოიხატება. აი, კიდევ ერთი მაგალითი, სადაც პავლე მოციქული აჩვენებს, რომ მამისა და ძის, როგორც ერთი ღვთაების, მადლი, ერთია: „ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან“ (რომ. 1, 7). ანუ, მამისა და ძის მადლი ერთია, რადგან მათი ღვთაებრიობა ერთია და იგივეობრივია. წმინდა წერილში ასეთი მაგალითი მრავლადაა. ქვემოთ მოვიყვანთ კიდევ რამოდენიმე მაგალითს წერილიდან, რომლებითაც მამისა და ძის ბუნებითი იგივეობრიობა დასტურდება.

„მოწმეებს“ ძალიან მოკლედ მოჰყავთ იუდეველთა დღესასწაულის – ჰანუქას – ისტორია და როგორ ეწვია იესო იერუსალიმს განახლების დღესასწაულზე. „მოწმეები“ არ აღიარებენ ძის ღვთაებრიობას და მის მამასთან თანასწორობას (შესაბამისად, მათ არც ღვთაებრივი ლოგოსის განკაცების ჭეშმარიტი მიზნები და მოტივები ესმით), ამიტომ მათთვის ძველი და ახალი აღთქმების ურთიერთმიმართების ღრმა საღვთისმეტყველო აზრი გაუგებარია, არადა, ძველი  აღთქმა ლოგოსის განკაცებითა და აღდგომით აღსრულდა. პავლე მოციქულიც ხომ ცალსახად მოწმობს, რომ „რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით“ (გალ. 3, 24). ანუ, მაცხოვრის მოსვლა ძველი აღთქმის ეპოქის დასასრულსა და ახალი (განახლებული) აღთქმის დადებას ნიშნავს, რაც ქრისტეს უწმიდესი  განკაცებითა და აღდგომით – აღესრულა.

აღსანიშნავია, რომ ქრისტეშობა თავისი აზრით დაკავშირებულია ძველ იუდეველურ დღესასწაულ ჰანუქასთან, რომელიც არის იერუსალიმის ტაძრის ხელახალი შობა, განწმენდა, განახლება და აღდგენა (იოანე. 10, 22) მას შემდეგ, რაც ის წარმართმა ანტიოქე ეპითანემ, მაკედონური წარმოშობის სირიელმა მეფემ, წაბილწა. ტაძარი ხელახლა აკურთხეს და მაკაბელებმა რომ ბერძნულ-სირიული ჯარები განდევნეს (ძვ. წ. აღ. 165 წ.), ჰანუქა დიდებული დღესასწაული გახდა (1 მაკ. 4, 36-59). ტაძრის განახლებისა და აღდგენის შემდეგ  იუდეველებმა კვლავ დაიწყეს ტაძარში ღვთის განდიდება. ასევე, ლოგოსი, ღვთის ძე, იშვება მთელი კაცობრიობის, თითოეული ადამიანის (რომელიც ცოდვით დაეცა და თავის ტაძარს, ანუ სხეულს, ცოდვებით წაბილწავს) განახლებისთვის. ლოგოსი განკაცდება, რათა აღადგინოს ადამიანი, განაახლოს, განწმინდოს მისი ტაძარი – სხეული და ასევე სულიც, რათა ადამიანებმა ღმერთი თავიანთ სხეულებსა და სულებში განადიდონ, რამეთუ ღვთის ტაძარი წმინდა უნდა იყოს (1 კორ. 3, 16-17; 6, 19-20).

ჰანუქისა და შობის კავშირი კიდევ სხვა მიზეზითაც არის ცხადი: ჰანუქა სინათლის დღესასწაულია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჰანუქია, ანუ მენორათ ჰანუქა (ებრ. מְנוֹרַת חֲנֻכָּה, – ჰანუქის შანდალი) არის შანდალი, რომელსაც ჰანუქის დღესასწაულზე რვა დღის მანძილზე ანთებენ. ჰანუქიას ანთება არის ამ დღესასწაულის მთავარი წესი და ის სულიერ სიმტკიცესა და სიწმინდის უწმინდურობაზე, სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას განასახიერებს. ჰანუქიას რვა სასანთლე, რომლებშიც ძველად ზეთს ასხავდნენ, ახლა კი სანთლებს ადგავენ, სასწაულს განასახიერებს, რომელიც მაკაბელების ბერძენ-სირიელთა ჯარის წინააღმდეგ ამბოხისა და გამარჯვებისას მოხდა. გადმოცემის თანახმად, წაბილწულ ტაძარში ნაპოვნი ზეთის დოქი მენორის რვა დღით დანთებისთვის აღმოჩნდა საკმარისი. მეცხრე სანთელი (ებრ. „შამაშ“ იשמש – დამხმარე) დანარჩენი სანთლების ანთებისთვის არის განკუთვნილი. ხოლო როგორც ვიცით, ქრისტე არის ჭეშმარიტი ნათელი. აქ ჰანუქის დღესასწაულს ქრისტესთან აქვს ანალოგია; ქრისტე ამბობს: „მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი“ (იოანე. 8, 12), ხოლო იოანე მოციქული გვაუწყებს: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად“ (იოანე. 1, 9).

იერუსალიმის ტაძართან უშუალო სულიერი კავშირი ქრისტეს სიტყვებიდან ჩანს (იოანე. 2, 19). ჩვენ აზრს განამყარებს, ასევე, ახალი აღთქმის ცნობილი მესიანისტური განმმარტებელი, დევიდ შტერნი, რომელიც ამ კავშირის გარდა ჰანუქასა და ქრისტეშობას შორის კავშირსაც ხედავს: „ბიბლია იეშუას შობის თარიღს არ უთითებს. შეიძლება ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა თაყვანი სცენ არა თარიღს, არამედ მხოლოდ იმას, რომელიც თაყვანისცემის ღირსია. მაგრამ, საინტერესოა, რომ პირველი მორწმუნეები ჰანუქასა და მესიას შობას შორის აშკარა კავშირს ხედავდნენ: პირველი მიწიერ შენობას ეხება, მეორე კი ღვთის ცოცხალ ტაძარს, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა, რადგან თავად იეშუამაც ასეთივე ანალოგია გამოიყენა, როდესაც თქვა: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას“ (2:19)“ [5]. ძალიან სამწუხაროა, რომ იესო ქრისტეს პიროვნებაზე მცდარი შეხედულების გამო „მოწმეები“ მოკლებულნი არიან ამ ქრისტოლოგიური ანალიზისა და აღთქმებს შორის შედარების სიღრმეს.

„მოწმეებს“ თავის სტატიაში მოჰყავთ ქრისტეს სიტყვები იოანეს სახარებიდან (8, 58), მაგრამ მათი თარგმანი დამახინჯებულია. სტატიის ავტორების თანახმად, იუდეველებთან დიალოგში, ქრისტე, ვითომდაც, ამბობს: „სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი“ (იოანე 8, 58), მაგრამ ბერძნულ ტექსტში ჩვენ სულ სხვა რამეს ვკითხულობთ: „ἀμὴν ἀμὴν λέγω ὑμι̃ν πρὶν ’Αβραὰμ γενέσθαι ἐγὼ εἰμί“ – „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბებით თქვენ, აბრაამის შობამდე მე ვარ“. აქ ჩვენ ქრისტეს გამონათქვამის ორ ასპექტზე ვამახვილებთ ყურადღებას. პირველი: როდესაც ის ამბობს, „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად“ (ქრისტე ხშირად იყენებდა ამ სიტყვას თავის ნათქვამის დასადასტურებლად), ის ამით თავის ნათქვამს შესავალს უკეთებს, რათა მსმენელთა ყურადღება მიეპყრო და თავის ღვთაებრივ ავტორიტეტზე მიუთითებდა (შეად. ესაია. 65, 16 – „ჭეშმარიტების ღმერთი“, სიტყვა სიტყვით – „ღმერთი ამინი“); მეორე: აბრაამის შობამდე მე ვარ“; აქ, „მე ვარ“ არის „ἐγὼ εἰμί“ ანუ ბერძნულ ზმნა „ყოფნის“ პირველი პირი. როდესაც ქრისტე აბრაამის ქმნილ პიროვნებასთან მიმართებაში ამბობს „მე ვარ“, ის გულისხმობს, რომ ის არის მარად, მისი პიროვნება წარუვალია, რადგან ის არის თავისი მარადიული მამის ძე და როგორც თავისი მამის ძე, ის მარადიულია (იოანე. 1, 1-3). „მე ვარ“ წარუვალ ყოფაზე და უნივერსალურ პიროვნებაზე უთითებს. „ἐγὼ εἰμί“ გამოთქმით ქრისტე იუდეველბს ამცნობს, რომ აბრაამზე და ნებისმიერ ქმნილ პიროვნებაზე მაღლა დგას. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი იუდეველთა რეაქცია, როდესაც ქრისტეს ამ მოწმობის მოსმენისას ქვებს დასწვდნენ. მათ ეს მოწმობა ღვთისგმობად მიიჩნიეს. ეს ჩანს იოანე. 10, 22-42-ში (ქრისტეს საუბარი იუდეველებთან), სინედრიონის წევრებთან საუბარშიც, სადაც ქრისტე იგივეს მოწმობს: „შენ ხარ ქრისტე, კურთხეულის ძე?“ – ეკითხება მღვდელმთავარი და ქრისტე პასუხობს: „მე ვარ. იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით“ (მარკ. 14, 61-62). სიტყვა სიტყვით, ქრისტე მღვდელმთავარს ასე პასუხობს: „მე ვარ“ – „ἐγώ εἰμι“ (მარკ. 14, 62). ასე მოწმობს ღმერთი თავის თავზე მოსესთან საუბარში და ასევე უებნება ქრისტე იუდეველებს თავის მარადიულ პიროვნებაზე, რამაც გამოიწვია იუდეველთა უკიდურესად უარყოფითი რეაქცია (მათ ძალიან კარგად გაიგეს, თუ რას გულისხმობდა ქრისტე). არც ერთ ამ შემთხვევაში ქრისტე არ უარყოფს თავის საღვთო ავტორიტეტსა და პიროვნებას. იუდეველების ასეთი უარყოფით რეაქცია აჩვენებს და ადასტურებს იმას, რომ ქრისტე თავის ღვთაებრიობას არ უარყოფს, არამედ პირიქით, თავის საღვთო ავტორიტეტსა და სტატუსს მოწმობს. „ἐγὼ εἰμί“ ღმერთის მიერ თავის თავზე მოწმობაა მოსესთან საუბარში: „ἐγώ εἰμι ὁ ὤν“ (გამოსვლა. 3, 14), ანუ „მე ვარ, რომელიც ვარ“, რაც ებრაულ ორიგინალში ჟღერს, როგორც „היה‏‎“ – „მე ვარ ის, რომელიც მე ვარ“. ამით ღმერთმა მოსეს ამცნო, რომ ის არის წარუვალი მყოფობა, რომელიც მარადიულად იყო, არის და იქნება და იგივეს ვკითხულობთ იოანეს გამოცხადებაშიც (1, 8). ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ იუდეველებმა მშვენივრად გაუგეს ქრისტეს (და ამიტომაც უნდოდათ მისი ქვებით ჩაქოლვა), „მოწმეებს“ კი ეს დღემდე ვერ გაუგიათ, რომ ქრისტე თავის ღვთაებრიობაზე საუბრობდა.

„მოწმეებს“ თავის სტატიაში სურთ წარმოაჩინონ, თითქოს ქრისტემ „მე ვარ“ კი არ თქვა, არამედ „მე ვიყავი“ აბრაამამდე, რაც ქრისტეს პიროვნების ქმნილობაზე მიუთითებდა და მამასთან თანაბრობას დააკარგინებდა. როდესაც „მოწმეებმა“ დაწერეს „ვიყავი“, ამით მათ ქრისტეს წაართვეს პიროვნების მარადიულობა და პიროვნული ღვთაებრივი უნივერსალიზმი, რომელიც მას მამასთან ონტოლოგიურად აერთიანებს. სინამდვილეში კი ვხედავთ, რომ იოანე. 8, 58-ის ბერძნული ტექსტი ქრისტეს პიროვნების მარადიულობაზე მიუთითებს, რადგან ქრისტე ამბობს „ἐγὼ εἰμί“.

შემდეგ, სტატიის ავტორები წერენ: „იესოს სურს, ხალხი თავად მივიდეს სწორ დასკვნამდე — დაუფიქრდეს მის საქმეებს და შეადაროს იმ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ქრისტეზე წარმოითქვა. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა ზოგჯერ იესო თავის მოწაფეებს, არავისთვის გაემხილათ, რომ ის მესია იყო“. ამაზე უნდა ითქვას, რომ თუ ქრისტე კრძალავდა გაევრცელებინათ, რომ ის არის მესია, ამას სულაც არ აკეთებდა იმიტომ, რომ უნდოდა, რომ იუდეველები თავად მისულიყვნენ ამ აზრამდე. ქრისტე თავისი მესიანობის შესახებ ამბის გავრცელებას რამოდენიმე მიზეზით გამოკრძალავდა: 1) მას არ სურდა, ეს მომხდარიყო ნაადრევად, რადგან თავად იცოდა, ვისთვის და როდის გაემხილა. იუდეველთა უდიდესი ნაწილი მესიას ელოდა, როგორც ერის პოლიტიკურ და არა სულიერ ლიდერს [6] და ლოგიკურია, თუ ქრისტე წინასწარ გააცხადებდა თავის მესიანობას, შედეგად იუდეველებს შეიძლება ანტირომაული ჯანყი მოეწყოთ (რასაც ქრისტემდეც და მერეც არაერთხელ აკეთებდნენ), მაგრამ ქრისტეს მესიანური მიზნები არ იყო პოლიტიკური. ზუსტად ამიტომ ვერ დაინახა პილატემ მასში პოლიტიკური საფრთხე და ეძებდა ხელსაყრელ შემთხვევას, რომ ქრისტე გაეთავისუფლებინა; 2) ქრისტემ თავად იცოდა, ვისთვის და როდის გაემხილებინა ინდივიდუალურად თავისი მესიანობის შესახებ, მაგალითად, როგორც ეს გააკეთა სამარიტელ ქალთან (იოანე. 4, 25). ამიტომაც არის, რომ ქრისტე პეტრესგან მიიღებს მესიანობის აღიარებას (მათე. 16, 16), თუმცა კი უკრძალავს ამის შესახებ ლაპარაკს, რათა იუდეველებში გაურკვევლობა არ გამოეწვია, რადგან ისინი პოლიტიკურ მესიას ელოდნენ. ამიტომ, ქრისტე მოციქულებს თანდათანობით უყალიბებს წარმოდგენებს ჭეშმარიტი სულიერი მესიანობის შესახებ, ხალხში კი ერიდება ამ ამბის გავრცელებას, რათა პალესტინის რომაელ მბრძანებლებთან კონფლიქტი არ გამოეწვია; 3) სინედრიონის წევრებისა და მღვდელმთავრების წინაშე ქრისტე თავის მესიანობას ადასტურებს, რადგან იცის, რომ მან უკვე ყველაფერი აღასრულა და ჯვარზე მიდის (მარკ. 14, 61-62). იუდეველებმაც ხომ ზუსტად იმიტომ მიუსაჯეს მას სიკვდილი, რომ მან მესიად გამოაცხადა თავი (და აქვე ხაზი გაუსვა თავისი მოვლინების სულიერ მხარეს, რასაც იუდეველები ვერ ჩასწვდნენ) და დასცინეს კიდეც (მარკ. 15, 31-32); ამიტომაც „მისი ბრალი ამ წარწერით იყო გადმოცემული: იუდეველთა მეფე“ (მარკ. 15, 26), რადგან იესო ქრისტეს განკაცების ეპოქაში იუდეველებს მესიის პიროვნება მხოლოდ პოლიტიკური გაგებით ესმოდათ, როგორც პირი, რომელიც ისრაელს პოლიტიკურ თავისუფლებასა და რომისაგან დამოუკიდებლობას მოუტანდა.

სტატიის ავტორები განაგრძობენ: „მაგრამ ახლა იესო მტრულად განწყობილ იუდეველებს პირდაპირ ეუბნება: „საქმეები, რომლებსაც მამაჩემის სახელით ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე, მაგრამ თქვენ არ გწამთ“ (იოან. 10. 25, 26). ეს ფრაზა დასაზუსტებელია. იესო იუდეველებს ასე არა მხოლოდ ამ მიზეზის გამო პასუხობს, არამედ იმიტომაც, რომ მამა თავის სახელს აძლევს ძეს და მათ ღვთაების ერთი სახელი აქვთ (იოანე. 17, 11; მათე. 28, 19). მამისა და ძის სახელის ერთობა და ის, რომ მამა ღმერთი სახელს ანიჭებს განკაცებულ ძეს, ეს მამისა და ძის ღვთაებრივ უფლებამოსილებებზე და განკაცებულ ძეში ამ სახელის ღვთაებრივ ძალაუფლებაზე მეტყველებს, ზუსტად ამიტომ ქრისტე ეუბნება მოწაფეებს: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ“ (იოან. 16, 23). და არა მხოლოდ თავის სახელს, არამედ დიდებასაც აძლევს მამა ძეს განკაცებიში: „ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე“ (იოანე. 17, 5). ქვეყნის შექმნამდე დიდების ქონა ნიშნავს ღვთაებრივი არაქმნილი დიდების ქონას, რომელსაც მარადიული დიდება ახასიათებს. აქედანაც კი ჩანს ლოგოსის ღვთაებრივი პირის მარადიულობა, ლოგისისა, რომელსაც განკაცებისას იესო ქრისტე ეწოდა და ამიტომ, როდესაც ძე განკაცდა, ის მამას სთხოვს, რომ მან განადიდოს იგი ადამიანურ სხეულში, მის მიერ შესრულებული მისიისთვის.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ რადგანაც ძე და მამა ერთია/ერთიანია (ἕν ἐσμεν), მათი დიდებაც ერთი/ერთიანია. ამიტომ ამბობს ღმერთი, „მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას – გამოქანდაკებულ კერპებს“ (ესაია. 42, 8) და ჩვენ ვიცით, რომ ეს დიდება მამას თავის ძესთან ერთად ჰქონდა სამყაროს შექმნამდე (იოანე. 17, 5). ასევე, გვესმის ისიც, რომ ერთი ღმერთი – მამა და ძე – თავიანთ ღვთაებრივ დიდებას არც ერთ ქმნილ პირს არ მისცემენ, ხოლო ქრისტე განდიდებაზე მხოლოდ იმისთვის საუბრობს, რომ მისი ღვთაებრივი პირი, რომელსაც ეს დიდება სამყაროს შექმნამდეც ჰქონდა, განკაცებაშიც განდიდდეს. აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის ესაია. 42, 8-თან, რადგანაც 1) ქრისტე, როგორც ღვთაებრივი პიროვნება, თავისი მამის ძეა, 2) მას ეს დიდება სამყაროს შექმნამდეც ჰქონდა და შესაბამისად, 3) მამის დიდება მისი დიდებაცაა (იგივე ღვთაებრივი დიდება). აქედან გამომდინარეობს ნათლობის ფორმულაც, რომელიც ქრისტემ მოციქულებს დაუდგინა: მოენათლათ ერთი სახელით – მამის, ძის და სული წმიდის სახელით (მათე. 28, 20) – რათა სამების დიდება (რომელიც ასევე ერთია) მთელს სამყაროში გავრცელებულიყო.

სტატიის ავტორები აგრძელებენ: „ახლა იესო დედამიწაზეა, მისი მამა კი ზეცაში, ამიტომ შეუძლებელია იესო იმას გულისხმობდეს, რომ ის და მამა პირდაპირი გაგებით ერთნი არიან“. ამის გაგება „მოწმეებს“ უჭირთ მათივე ნაკლულოვანი ღვთისმეტყველებისა და დამახინჯებული ბიბლიური ეგზეგეტიკის გამო. ქრისტე ზუსტადაც რომ იმას ამბობს, რომ ის და მამა ერთნი არიან, რეალურად ერთ ბუნებაში არსებობენ, რომელიც არა უბრალოდ ერთი, არამედ იგივეობრივია, რაც ჩანს 1) ხსენებული მუხლების ბერძნული ენის ტექსტოლოგიური ანალიზიდან (რაც პრაქტიკულადაც ვაჩვენეთ) და 2) სახარების მუხლების შედარებითი ღვთისმეტყველებიდან (რაც ასევე ვაჩვენეთ). ამიტომ, როდესაც ქრისტე ამბობს, რომ სანამ აბრაამი იყო „მე ვარ“, რომ ის და მამა ერთნი არიან, რომ ძეს მამისგან აქვს დიდება სამყაროს შექმნამდე, როდესაც იოანე წერს, რომ ლოგოსი იყო ღმერთთან და იყო ღმერთი, ყველა ეს მოწმობა პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ძისი ბუნება არ არის ქმნილი, ის არამატერიალურია და მაშასადამე, სულიერია, აბსოლუტურად სულიერი, იმიტომ რომ ღვთაებრივია, აქედან გამომდინარე ყველგან მყოფიცაა, ამიტომაც ამბობს ქრისტე, რომ „ღმერთი სულია“ (იოანე. 4, 24).

სტატიას დავასრულებთ „მოწმეების“ ბანალურ არგუმენტზე პასუხით. არგუმენტი ასე ჟღერს: „იესოს არასდროს უთქვამს, რომ ის ღმერთია. მაშ, რატომ სდებენ ამაში ბრალს?“ ქრისტემ თავის თავზე იმაზე მეტი თქვა, ვიდრე Εγώ ειμί ο Θεός (რაც ბერძნულად ჟღერს – „მე ვარ ღმერთი“), მან თქვა, რომ ის და მამა ერთია. ქრისტემ თქვა, რომ ძის დიდება მარადიულია; ქრისტემ თქვა, რომ „მე ვარ“ აბრაამზე უწინარეს, რითიც მოსესთან გამოცხადებაში ღმერთის მიერ თავისი თავის განცხადებაზე მიუთითა, რამაც პირდაპირ მიუთითა ქრისტეს ღვთაებრიობაზე (იმიტომაც წვდებოდნენ იუდეველები ქვებს ყოველთვის, როცა ქრისტესგან მისი ღვთაებრიობის მოწმობა ესმოდათ), ხოლო პავლესა და იოანეს მოწმობები ადასტურებენ ქრისტეს პიროვნების ღვთაებრიობას. თავის თავზე მოწმობის ხსენებულ მაგალითებში ქრისტემ იმაზე გაცილებით მეტი თქვა, ვიდრე Εγώ ειμί ο Θεός ფრაზით იტყოდა. მოსეს სახით კაცობრიობისთვის ღმერთის გამოცხადების ყველაზე აშკარა შემთხვევაშიც კი ღმერთმა არ თქვა, Εγώ ειμί ο Θεός, იმიტომ რომ ეს არ იყო საკმარისი (ასე ქანაანის წარმართულ ღმერთებზეც ითქმოდა), ამიტომ, ღმერთმა თქვა, „მე ვარ რომელიც ვარ“, რაც ებრაულ ორიგინალში, როგორც უკვე ვაღნიშნეთ, ჟღერს „היה‏‎“, ანუ „მე ვარ ის, რომელიც მე ვარ“. ასე მოწმობდა თავის თავზე ძე ღვთისა, იგივე ლოგოსი, განკაცებული ქრისტე, რომელიც გამოეცხადა მოსეს (გამოსვლა. 3, 14). ამ გამოცხადებით ამცნო, რომ ძისა და მამის სახელი და დიდება ერთია, ისინი ხომ „ἐγὼ καὶ ὁ πατὴρ ἕν ἐσμεν“ (იოანე. 10, 30). და მხოლოდ თავისი ღვთაებრივი მისიის აღსრულებისა და ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ ქრისტე მოციქულებისგან იღებს მისი ღვთაებრიობის აღიარებას სიტყვებით: „ὁ κύριός μου καὶ ὁ θεός μου“ (იოანე. 20, 28).

_____

[1]იხ.:https://www.jw.org/ka/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98/%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98/?fbclid=IwAR0nIgR9ufnLDTY0Vt9V5FmfNwoLb7OrelVxLnxBFD93CrpyAI4jxbRvnmU

[2] მოცემულ სტატიაში ყველაფერზე ვრცლად ვერ დავწერთ, ამიტომ მკითხველს ვთავაზობთ შესანიშნავ ნაშრომს Demetrios Trakatellis. Authority and Passion: Christological Aspects of the Gospel According to Mark.  Published by Holy Cross Orthodox Press (1987), მონოგრაფიის ავტორს ქრისტეს – განკაცებული ღმერთის- საღვთო ავტორიტეტის ყველა ახალ აღთქმისეული მტკიცებულება მოჰყავს.

[3] იხ.: https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2019/04/10/vin-aris-didebis-ufali/

[4] იხ.: https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2018/12/26/imis-shesaxeb-rom-qriste-ar/

[5] იხ. Девид Стерн. Комментарий к еврейскому Новому Завету. М., 2004. С. 265.

[6] ამ თემაზე არსებობს სპეციალური და დაწვრილებითი კვლევა, რომელშიც ვრცლად არის მოყვანილი იუდაური ლიტერატურა. იხ. А.Смирнов. Мессианские ожидания и верования иудеев около времен Иисуса Христа. От маккавейских войн до разрушения Иерусалима римлянами. СПб, 2010.

© ი. კაზარიანი. სტატია, 2020

Post Author: tomatodua