მოკლედ ეკლესიაზე, გადმოცემაზე და წმინდა წერილზე

ჩვენს მიერ მოწოდებულ თემაში გვსურს გავამახვილოთ მკითხველის ყურადღება სწორედ იმ ასპექტზე, რომელიც როგორც ჩვენ ვფიქრობთ, საჭიროებს განსაკუთრებულ აქტუალიზაციას. თვით სტატიის სათაური ჩვენს მიერ ისეთი გაგებით წესით და აქტუალურობით არის შესრულებული: ეკლესია, გადმოცემა და წმინდა წერილი, როგორი გაგებითაც ისინი მოიაზრებოდნენ, აღიქმებოდნენ და განიცდებოდნენ ორი ათასი წლის განმავლობაში კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის წევრების ანუ ქრისტიანების მიერ. თავად თემა არ მოითხოვს ხანგრძლივ გამოკვლევას, რადგან არსებითად – იგი არ არის რთული. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქრისტიანული დენომინაციები ხელოვნურად ართულებენ რა ამ საკითხს, ემხრობიან პრინციპს „მხოლოდ წერილი“ (ლათ. Sola Scriptura), რაც არ შეესაბამება, როგორც ანტიკურ, ასევე შუასაუკუნეების ქრისტიანულ სულსა და აზრებს. ეს აბსოლუტური ხელოვნურობა და წმინდა წერილის რადიკალიზაცია და როგორც თვით ამ საკითხის დასმა სწორედ ამ რაკურსით – არ გვხდება ეკლესიის ისტორიაში. წმინდა მამების მიერ ეს საკითხი არ იყო რადიკალიზირებული. წმინდა მამებისთვის არ არსებობდა ასეთი პრობლემატიკა: მათთვის ცხადი იყო, რომ არსებობს გადმოცემა და არსებობს წმინდა წერილი, რომელშიც არ იყო ყველაფერი ჩაწერილი. თვით წმინდა წერილი წარმოადგენს დაფიქსირებული გადმოცემის ნაწილს, ეს ყველაფერი რეალიზდებოდა და რეზოლუციას იღებდა ეკლესიაში და ეკლესიის მიერ. გადმოცემაზე, როგორც მოციქულებიდან გამომდინარეზე, წერენ უკვე ყველაზე ადრეული დროის ეკლესიის მამები, რომლებიც თავად ემხრობოდნენ და აღიარებდნენ, როგორც წმინდა წერილს ასევე გადმოცემას, მაგალითად ისეთი მამები, როგორც წმ. ირინეოს ლიონელი (+202 წ.) (ერესების წინააღმდეგ. წგ. 3, თ. 2 სახელწოდებით „ერეტიკოსები არ მიყვებიან წმ. წერილს და არც გადმოცემას“), იგი საკუთრივ აფიქსირებს, რომ გადმოცემა მომდინარეობს მოციქულებისგან და პრესვიტერების მიმღეობის საშუალებით ინახება ეკლესიებში; ან წმ. იპოლიტე რომაელი (+ დაახ. 235 წ.), რომელიც წერს თავის წიგნში სახელწოდებით „სამოციქულო გადმოცემა: ახლა, ღვთის სიყვარულით ყველა წმინდანის მიერ, ჩვენ მივედით თვით გადმოცემის წყაროსთან რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვიღებთ ეკლესიაში იმისთვის, რომ კარგად მომზადებულმა ადამიანებმა შემოგვინახონ ჩვენს დრომდე მოღწეული გადმოცემა, რომლის შემეცნების მერეც ისინი მოკრძალებულნი და თავმდაბალნი დარჩებიან. არმცოდნენი ან შეცდომას უშვებენ ან ცთომილებაში ვარდებიან. მაგრამ სული წმინდა ქედმოუხრელ მორწმუნეებს ანიჭებს სრულყოფილ მადლს, რომ იცოდნენ მათ, ვინც დგას ეკლესიის თავში, როგორ უნდა გადმოსცენ და შეინარჩუნონ ყველაფერი  (სამოციქულო გადმოცემა. მოსკოვი, 2014. გვ. 3) [1]. აი, რას წერს მაგალითად წმ. იოანე ოქროპირი (+ 407 წ.): წესით ჩვენთვის წერილის შეწევნა არც უნდა დაგვჭირებოდა, არამედ ისეთი სიწმინდით უნდა გვეცხოვრა, რომ ჩვენს სულებს წიგნების სანაცვლად შეწეოდა მადლი სულისა. და ჩვენი სულები იმგვარადვე უნდა დაწერილიყო სულით, როგორც ეს წიგნებია მელნით დაწერილი. მაგრამ რამდენადაც ჩვენ ამგვარი მადლი განვაგდეთ, ამიტომ ამ მეორე გზით მაინც ვისარგებლოთ. ხოლო პირველი გზა რომ უმჯობესი იყო, ეს ღმერთმა საქმითაც გვიჩვენა და სიტყვითაც. ნოესთან, აბრაამთან და მათ შთამომავლობასთან, ისევე, როგორც იობსა და მოსესთან ღმერთს ხომ წერილობით არ უსაუბრია, არამედ – უშუალოდ, რადგანაც წმიდა ჰპოვა მათი გონება. როდესაც მთელი ებრაელი ერი უწმიდურების სიღრმემდე დაეცა, სწორედ მაშინ გაჩნდა წერილი, სჯულის ფიცრები და მოძღვრება – მათი საშუალებით. და ეს მხოლოდ ძველი აღთქმის წმინდანებთან მიმართებაში კი არ ხდებოდა ასე, არამედ – ახალი აღთქმისაც. ასევე მოციქულებსაც ღმერთი წერილობით კი არ მისცა რაიმე, არამედ, წერილის სანაცვლოდ სულის მადლი აღუთქვა: „მან გასწაოს თქუენ ყოველი“ (იოან. 14, 26). – უთხრა მათ“ (საუბრები მათეს სახარებაზე. საუბარი 1).

ესე იგი მთელი მიზეზი მდგომარეობს ადამიანის დაცემულ ბუნებასა და მის ცოდვიან მდგომარეობაში, უფრო კონკრეტულად – წმინდა/არაწმინდა გონებაში (სადაც იმალება ცოდვის ჩანასახი), რომელიც გახდა მიზეზი წმინდა წერილის შექმნისა წმინდა და ღვთისმოსავი ადამიანების მიერ, რომელთაც შეინარჩუნეს გონების სიწმინდე და ღვთისმოსაობა; მაგრამ გონებით არაწმინდათათვის და სულით სუსტებისთვის ისინი იძულებულნი იყვნენ ეწერათ და ეფიქსირებინათ გადმოცემის ნაწილი წერილობით, რაც არის წმ. წერილი. ნუთუ ქრისტეს არ შეეძლო დაეტოვებინა თავისი სწავლება წერილობითი სახით? იგი ყველაფრის შემოქმედია (იოან. 1. 3) და რა თქმა უნდა შეეძლო ესეც, მაგრამ მას სურდა ჩვენთვის საუკეთესო და სურდა ეხილა ჩვენი თავი სრულყოფილი (მათ. 5, 48). ქრისტე მცნებებს ზეპირად იძლეოდა და ამგვარად საკუთარი ცოცხალი გადმოცემით გვაწოდებდა თანამოღვაწენი გავმხდარიყავით, სრულყოფილები სული წმინდის ტარებისა (იოან. 14, 15-16), რომელიც თვით ქრისტეს სიტყვებით: გასწავლით  და მოგაგონებთ ყველაფერს რაც მე გითხარით“ (იოან. 14, 26). განა იგივეს არ აკეთებდნენ მოციქულები? რა თქმა უნდა – იგივეს, და ეს კარგად ჩანს, მაგალითად, პავლე მოციქულის ეპისტოლეში, რომელიც ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის მიმართვაში აქტუალიზაციას უკეთებდა იმ კონკრეტულ საკითხებს, რომელიც ეხებოდა მხოლოდ იმ ეკლესიას. მოციქულ პავლეს მიზნად არ ჰქონდა დასახული წერილობით დაეფიქსირებინა მთელი გადმოცემა, ამიტომ სწერდა იგი კორინთელებს: „მომბაძეთ მე, როგორც მე ქრისტეს“ (1 კორ. 4, 16), ამასთან მოციქული არ ამახვილებს ყურადღებას მიბაძვის კონკრეტიზაციაზე, პირიქით, ის აგზავნის კორინთელებთან ტიმოთეს: „რომელიც არის ჩემი საყვარელი შვილი და სარწმუნო უფლის მიერ, რათა მოგახსენოთ თქვენ ჩემი გზანი ქრისტეს მიერ, თუ, როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში“ (1 კორ. 4, 17). რადგანაც ესა თუ ის ეკლესია უძლურებასა და შეჭირვებაში იმყოფებოდა კონკრეტული საკითხების გამო, სწორედ ამ კონკრეტულ საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას მოციქული პავლე. მაგალითად, საკითხი ღვთისმსახურების შესახებ არ იყო პრობლემური და არ იდგა მწვავედ დღის წესრიგში, ამიტომ მოციქულები მას არ ეხებოდნენ და არ აღწერდნენ კონკრეტულად და სიტყვა სიტყვით, იმისათვის, რომ აეხსნათ ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიისთვის ღვთისმსახურება. ამიტომ, ღვთისმსახურების და მისი მთავარი ნაწილის – ევქარისტიის სწორი ფორმის აღწერილობა, – დარჩა ეკლესიის გადმოცემაში, და არ იყო აღწერილი წმ. წერილში მხოლოდ იმიტომ, რომ არ იყო ამის აუცილებლობა. თავის ეპისტოლეებში პავლე მოციქული ერთიანად ყველა საკითხს არ აქცევდა ყურადღებას, არამედ უფრო პრობლემატურ საკითხებს. ამ მიზეზით მოციქული ხშირად ეწეოდა მისიონერულ მოღვაწეობას ეკლესიებში მორწუმნეების რწმენაში განმტკიცების მიზნით, ამ მნიშვნელობით პავლე მოციქული თავს უწოდებს ეკლესიის მსახურს  (კოლ.1, 24-25), და არა წმინდა წერილისა, როგორც წიგნისა. ამ მიზეზით, იგი თავის ეპისტოლეში ტიმოთეს მიმართ ახსენებს მას საღ სწავლებაზე: „რომელიც გესმა ჩემგან (2 ტიმ. 1, 13) და „რაც გსმენია ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო კაცთ, რომელნიც შეძლებენ ასწავლონ სხვებსაც (2 ტიმ. 2, 2).  სავსებით ნათელია, რომ მოციქული პავლე აქ საუბრობს ზეპირ გადმოცემაზე, რომელიც მან გადასცა თავის მოწაფე ტიმოთეს, მაგრამ თვითონ ეპისტოლეში ამას არ ახმაურებს, უბრალოდ ახსენებს მას მაცოცხლებელ სწავლებაზე, რომელიც ტიმოთემ მოისმინა ოდესღაც პავლე მოციქულისგან, რასაც იგი უნდა ეყრდნობოდეს ღვთისმოსაობისათვის.

წმ. იოანე ოქროპირისთვის და ეკლესიის მრავალი სხვა წმინდა მამისთვისაც გადმოცემა ისევე, როგორც წმ. წერილი წარმოადგენდა აუცილებელ და საჭირო წყაროს ქრისტიანული რწმენისთვის, ისინი არ უარჰყოფენ არც ერთს და არც მეორეს, ამაში მისდევენ პავლე მოციქულს: „მაშ, მტკიცედ იდექით ძმანო და იპყარით მოძღვრება (παραδόσεις), რომელიც გისწავლიათ სიტყვითა თუ ჩვენი წერილით (εἴτε διὰ λόγου εἴτε διἐπιστολη̃ς ἡμω̃ν)“ (2 თეს. 2, 15). მოციქულის ეს სიტყვები  ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ თვით მოციქულები რომლებიც ქმნიდნენ წმ. წერილს, წმ.წერილს არ უკეთებდნენ რადიკალიზაციას და მითუმეტეს არ ქონდათ აზრად „მხოლოდ წმინდა წერილი“. მათთვის ნორმა იყო, პირველ რიგში, მიეღოთ ცოცხალი გადმოცემა ასევე წმ. წერილი ე.ი. წერილობით დაფიქსირებული გადმოცემა და ყველაფერს ამას ეძლევა რეზოლუცია ღვთის ეკლესიაში, როგორც უმაღლესი ინსტანციისა, რომლის თავი არის ქრისტე (ეფ. 5, 23), მომცემი სიტყვიერი ფორმით ცოცხალი გადმოცემისა. მეტსაც ვიტყვით, მოცემული მუხლი თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში მოწმობს მათ წინააღმდეგ, ვინც რადიკალიზაციას უკეთებს წმ. წერილს, რადგან წმ. წერილი მოწმობს იმას, რომ ერთნაირად უნდა ვცნობდეთ გადმოცემასა და წმ. წერილს. პავლე მოციქული ქრისტეს სახელით  თესალონიკელ მორწმუნეებს აუწყებს განეშორონ: უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ (κατὰ τὴν παράδοσιν ἣν παρελάβοσαν παρἡμω̃ν) (2 თეს. 3, 6). იგივე მოციქული  ქრისტეს სახელით თესალონიკელ მორწმუნეებს აუწყებს მოერიდონ: „ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ იგი და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნენ“  (2 თეს. 3, 14). ეს სიტყვები მეტყველებენ იმაზე, რომ ვინც არღვევს მოციქულთა გადმოცემას, თავად მოციქულები უბრძანებენ არ ჰქონდეთ ურთიერთობა თესალონიკიის ეკლესიის ასეთ მორწმუნეებთან, რათა შეარცხვინონ ესეთნი, ვინაიდან ისინი საჭიროებენ შეგონებას, რადგან ძმები არიან (2 თეს. 3, 15). ასწავლის თუ არა წმ. წერილი რომ მხოლოდ ის არის თვითკმარი? არა, რა თქმა უნდა არ ასწავლის. იმაზე რაზედაც დაჟინებით მოითხოვენ “მხოლოდ წმინდა წერილის“ მიმდევრები თვით წმინდა წერილში არ არის ასეთი მაგალითები. ჩვენ გვესმის, რომ პირველი პროტესტანტები, რომლებიც აღუდგნენ კათოლიკური ეკლესიის ხელისუფალთ ქონდათ ამისი მორალური უფლება და მართლებიც იყვნენ, მაგრამ შემდგომში მათ რადიკალურ მიდგომას წმ. წერილის მიმართ არ გააჩნია სერიოზული ფუნდამენტი და არაფრით არის დასაბუთებული, ხოლო თვით წმ. წერილი მოწმობს მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი იდეის წინააღმდეგ. ღვთითგანმბრძობილია თუ არა წმ. წერილი? რა თქმა უნდა, დიახ! და ეს ჭეშმარიტება არასდროს და არცერთი წმ. მამის მიერ არ იყო უარყოფილი, ამაში ისინი მუდამ  მიჰყვებოდნენ წმ. მოციქულებს, მაგალითად, მოციქულ პავლეს (2 ტიმ. 3, 15-17). აქ პავლე მოციქულს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში მხედველობაში აქვს ძველი აღთქმა და არა ახალი, რომელიც იმ დროს ბოლომდე არც იყო შექმნილი, ის ჩამოყალიბების პერიოდში იყო და მოციქულები წერდნენ თავის ეპისტოლეებს. იგივე პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში აბსოლუტურად თავისუფლად იყენებს უძველეს ზეპირ გადმოცემას (2 ტიმ. 3, 8), ან ასევე თავისუფლად იყენებს გადმოცემას მოციქული იუდა (იუდ. 1, 9). მეტსაც ვიტყვით: იგივე მოციქული პავლე სრულიად მშვიდად იყენებს თავის ქადაგებებში ცნობილ ანტიკურ ბერძენ წარმართ ფილოსოფოსთა გამონათქვამებს: ეპიმენიდესი, მენანდრესი, არატ კილიკიელისა, კლეანფისა, არისტოტელისა [2], ანუ შეჰყავს ისინი წმ. წერილში, შედეგად ამისა, პავლე მოციქულის ეს ეპისტოლეები შეადგინენ წმ. წერილის კანონს, დადგენილს ეკლესიის მიერ და ეკლესიისვე ავტორიტეტით ეს კანონი არის  ნაკურთხი.

ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე დავუახლოვდით სუფთა იუდაურ პარალელებს ახალაღთქმისეულ ეკლესიაში. როგორც ქრისტიანულ ეკლესიაში, ასევე იუდაურ რელიგიუირ სამყაროში ჭეშმარიტების ორი გამოცხადება არსებობდა – წერილი და გადმოცემა. იუდაური მიშნა (ებრ.מִשְׁנָה – „გამეორება“), ორთოდოქსული იუდაიზმის რელიგიური წესების შემცველ წერილობით ტექსტთან, აშკარა თანხვედრას გვიჩვენებს. მიშნა – ზეპირი რჯულის (תּוֹרָה שֶׁבְּעַל-פֶּה) კრებულია, რომელიც, ტრადიციის თანახმად, ღმერთმა მოსეს სინაის მთაზე ხუთწიგნეულთან (თორასთან) ერთად გადასცა. ტრადიციული მსოფლმხედველობის თანახმად ზეპირი რჯული წერილობითი თორის დამატებას წარმოადგენს. ფაქტიურად, საუბარია ორ თორაზე (ზეპირსა და წერილობითზე), რაც იუდაური რჯულის მოძღვრის, შამაი(ა)ს (ჩვენ წ. ა. -მდე I ს. დასასრული – ჩვენი წ. ა. I ს. დასაწყისი), სიტყვებიდან კარგად ჩანს: „ჩვენ ორი თორა გვაქვს, ერთი წერილობითი, მეორე – ზეპირი“ (ბაბილონური თალმუდი. ტრაქტატი შაბბათ. 31ა). დროთა განმავლობაში, როდესაც ზეპირი სწავლების (გადმოცემის) დავიწყების საფრთხე გაჩნდა, იუდეველმა ხუცესებმა მისი მიშნის სახით ჩაწერის გადაწყვეტილება მიიღეს – მიშნა მრავალრიცხოვანი ნაწილებად დაყოფილი ტრაქტატებისაგან შედგება. ჩვენი წ. ა. II-III საუკუნეების მიჯნაზე მიშნა შეკრიბა და მისი რედაქტირება მოახდინა რაბი იეჰუდამ. სახარების კვლევისას, ამ იუდაური ზეპირი გადმოცემის ქრისტეს სახარებისეულ ქადაგებასთან აშკარა და ცხადი კავშირი დგინდება, ამის თაობაზე ჩვენ უკვე ადრე გგვისაუბრია [3].

როცა ეკლესიამ ოფიციალურად დააკანონა ახალი და ძველი აღთქმის წმინდა წიგნები ამით მთავარ მიზნად ისახავდა ეკლესიის დაცვას აპოკრიფული წიგნებისაგან, რომლებიც პრეტეზიას აცხადებდნენ მოციქულთა ავტორობაზე, ფაქტობრივად კი გნოსტიკოსების მიერ იყვნენ დაწერილნი. ეკლესიამ დაადგინა წმ. წერილის კანონიკურობა, ინახავს მას წმინდა გადმოცემით და გადმოცემა მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს კრიტიკულად, ააშკარავებს თავის ნეგატიურ და გამოსარიცხ ასპექტს: ის უკუაგდებს: „ბილწთა და დედაბერთა ზღაპრებს“ (1 ტიმ. 4 ,7); იქვე, მოციქული პავლე აუწყებს ტიმოთეს: „გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას, რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას (1 ტიმ. 6, 20-21). ასე, რომ ჩვენც რომ მოვახდინოთ რადიკალიზაცია (ანუ წავიდეთ იმავე გზით, რომელსაც მიჰყვებიან „მხოლოდ წერილის“ მიმდევრები) საკითხისა წმ. წერილისა და გადმოცემისა პირველობის თაობაზე, მაშინ გამოდის რომ ჩვენც უნდა უარი ვთქვათ ახალ აღთქმაზე, რადგან ჯერ ხომ ეკლესია შეიქმნა და სწორედ ეკლესიამ დააკანონა წმ. წერილთა წიგნები და მასში იყო შექმნილი მოცუქულთა ეპისტოლეები და სახარება, უფრო ზუსტად ეს არის გადმოცემის წერილობით დაფიქსირებული ნაწილი. მაგრამ, ჩვენ არასოდეს არ ვახდენდით არც ეკლესიის, არც წმ. წერილის და არც გადმოცემის რადიკალიზაციას. ეკლესიის წმ. მამები მიჰყვებოდნენ „სამეფო გზას“ და ეს გზა მათ მოციქულებმა დაუმკვიდრეს, იმიტომ რომ ამაშია მოციქულთა ცოცხალი სიმართლე. სწორედ ეკლესიის წმ. მამებმა დააკანონეს და გამოარჩიეს წიგნები, რომლებიც ჩათვალეს რომ ღვთისშეგონებითაა დაწერილი. ეს ის წიგნებია და კანონი, რომლებსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ მიუხედავად დენომინაციური  განსხვავებისა. თავდაპირველად სწორედ ღვთის ეკლესია შეიქმნა და მერე გაჩდნენ წმ. წერილის წიგნები, როგორც დაფიქსირებული გადმოცემის ნაწილი. სწორედ რომ ღვთის ეკლესია  გახდა ჭეშმარიტების კრიტერიუმი, რომელმაც შესძლო კანონის შექმნა, რადგან ღვთის ეკლესია არის: ,,ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე(1 ტიმ. 3, 15), ისევე როგორც ეკლესია არის ქრისტეს სხეული (კოლ. 1, 24), ჩვენ კი – ამ სხეულის ნაწილები და ვიზრდებით საღვთო ზრდით (კოლ. 1, 19) და წარმოვადგენთ ერთიან ეკლესიას და უნდა ვმორჩილებდეთ ქრისტეს (ეფეს. 5, 24) და არამც წმ. წერილს, რადგან ჩვენ: „მისი სხეულის ასოები ვართ მისი ხორცთაგანი და მისი ძვალთაგანნი“ (ეფეს. 5, 32). ამგვარად, ჩვენ ქრისტესთან ონტოლოგიური კავშირი გვაქვს, ასე რომ: „დიდია ეს საიდუმლო, ხოლო მე ქრისტესა და ეკლესიაზე ვამბობ ამას“ (ეფეს. 5, 32). და თუმც ქრისტე წერილის მიხედვით ამბობს, რომ უნდა მოსულიყო (ლუკ. 24, 27), ისინიც მოწმობენ ამას, მაგრამ თვით საიდუმლო მისი აღმშენებლობისა ანუ მისი განხორციელებისა და აღდგომისა, გვეუწყა ეკლესიიდან, ეკლესიის მეშვეობით (და არა წმ. წერილით), და ეს არის სწორედ კეთილმაუწყებლობის მთავარი აზრი, ე.ი. სახარებისა და ისიც გვეუწყება ეკლესიიდან: „გამოვუცხადო ყველას, რა არის ზიარება საიდუმლოსი, საიდუმლოსი უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი იესოს მეოხებით, რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფბათ მრავალფეროვანი სიბრძნე ღვთისა, საუკუნო წინასწარგანჩინებისაებრ, რომელიც აღასრულა მან უფლის ჩვენის იესოს მიერ“ (ეფეს. 3, 9-11). საინტერესოა, რომ აღმშენებლობის საიდუმლოებაზე ეკლესიის მეშვეობით იგებენ მთავრობანი და ზეციური ძალები, ანუ ანგელოზთა დასი, რადგან უეჭველად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: „უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით (1 ტიმ. 3, 16). და ამას ყველაფერს ანგელოზთა სამყარო იგებს ეკლესიიდან. უნდა ჯეროვნად გავიაზროთ, რა პატივი დასდო ღმერთმა და დიდი როლი მიაკუთვნა ღვთის ეკლესიას, უნდა დავაფასოთ ეს ფასდაუდებელი ძღვენი, რასაც ღმერთი ეკლესიიდან გვაუწყებს, რა სიღრმეებში უნდოდათ ანგელოზებს რომ ჩასწვდომოდნენ და რა გვეხსნება ჩვენ: „მათთვის (ანუ წინასწარმეტყველებისთვის) გამოცხადებულ იქნა, რომ მათ კი არა, არამედ თქვენ გმსახურებდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან ზეცით მოვლენილი სულის მიერ, და რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს(1 პეტრ. 1, 12). ასეთი როლი გვერგო ეკლესიას, უფალი ჩვენი, იესო ქრისტეს მიერ, რომლისთვისაც მამამ: „ყველაფერი ფეხქვეშ დაუმორჩილა მას; და მისცა მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული, სავსება ყოვლის აღვსებისა ყოვლით (ეფეს. 1, 22-23). ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტია: სწორედ ეკლესია არის სისავსე აღმავსებელისა და არა წმ. წერილი, რადგან ეკლესია არის მორწმუნეთა საზოგადოება და სული წმინდის ცოცხალი მატარებელი, ჭეშმარიტების მატარებელი და როგორც სისავსე აღმავსებელისა ეკლესია არის: „ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე“ (1 ტიმ. 3, 15), ხოლო წმ. წერილი გვაძლევს ამის ნათელ მტკიცებულებას, დაფიქსირებულს წერილობით, რაც ჩვენ შეიძლება დაგვეკარგა, სწორედ ამაშია წმ. წერილისა და გადმოცემის სინთეზი ნაკურთხი ეკლესიის ავტორიტეტით.

არ შეიძლება დაუპირისპირო ერთმანეთს წმ. წერილი და გადმოცემა. არ შეიძლება წმ. წერილის მაქსიმალიზაცია და მხოლოდ მისი დოგმატის რანგში აყვანა. თუ რეალობაში ყველაფერი გახდებოდა წმ. წერილი, მაშინ: „ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს“ (იოან. 21, 25). სისავსე (ბერძ. Πλήρωμα) არის არა წმ. წერილში ან გადმოცემაში, სისავსე ქრისტეშია (კოლ. 1, 19), რომელსაც ქრისტე აუწყებს ეკლესიას (ეფეს. 1, 23). ქრისტე არის ეკლესიის თავი, რომლის მეშვეობითაც ქრისტე გვაძლევს გამოცხადებას. ეს არის წმ. წერილის და გადმოცემის დაურღვევლობის ერთიანობის ნიმუში, რათა ჩვენ ყველა წმინდანთან ერთად ჩავწვდეთ: „შეგეძლოთ სიგრძისა და სიგანისა, სიღრმისა და სიმაღლის წვდომა“ (ეფეს. 3, 18). ამგვარად, რაც: „ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღმრთის მთელი სავსებით (πα̃ν τò πλήρωμα του̃ θεου̃)“ (ეფეს. 3, 19) და ღვთის სისავსის თანაზიარნი გავხდეთ.

როცა პავლე მოციქული წერს სახარებაზე ის იხსენებს მას, არა როგორც წმ. წერილს, არამედ როგორც კეთილ მაუწყებელს, ზეპირად თქმულს. ეს მოწმობს იმაზე, რომ პავლე მოციქულმა კორინთელებს ზეპირად უქადაგა და არა წიგნით, თუმცა მოჰყავს წერილიდან მოწმობები: „ხოლო გაუწყებთ თქვენ,  ძმანო, სახარებას, რომელიც, გახარეთ, რომელიც, ირწმუნეთ, რომელშიც დგახართ, და რომლითაც ცხონდებით, თუ კი ისე, იმარხავთ სიტყვას, როგორც გახარეთ და თუ, ამაოდ არ ირწმუნეთ რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის რაც თავად მივიღე: რომ ქრისტე წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა და რომ დაიმარხა და წერილისადვე მიხედვით მესამე დღეს აღდგა“ (1 კორ. 15, 1-4). ეს არის პავლე მოციქულის ალუზია მთელი რიგ ძველი აღთქმის ტექსტებთან მიმართებაში (ეს. 53, 5-12; ფს.15, 8-10) და პირველ რიგში ოსია წინასწარმეტყველის წიგნთან მიმართებაში (ოს. 6, 1-3), რომლებსაც პავლე ხსნის უკვე სახარებისა და მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის საკითხის ჭრილში. შემდეგ პავლე მოციქული წერს: „ამრიგად, გინდა მე, გინდა ისინი, ჩვენ ასე ვქადაგებთ და ასევე ირწმუნეთ თქვენც“ (1კორ. 15, 11), ანუ ზეპირად, შემდეგ მოციქული წერს: „ხოლო თუ ქრისტესთვის იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგი თქვენგანი, რომ არ არის აღდგომა მკვდართა?”;  ეს იმაზე მეტყველებს, რომ თუ პირველ კორინთელ ქრისტიანებს ხელში ჰქონდათ წმ.  წერილი (რაც იმ დროს ეს ძალზედ ფასეული შენაძენი იყო  ყველას როდი შეეძლო მისი ქონა) როგორც ყოველ ჩვენთაგანს, მაშინ მათ ზუსტად ეცოდინობადათ წმ. წერილის ავტორიტეტიდან გამომდინარე, რომ აღდგომა არსებობს, ისინი არ ატეხდნენ შფოთს და არ აიძულებდნენე მოციქულს ეწერა მათთვის უარყოფითი ეპისტოლე. ეს ეპისტოლე მოციქულის მიერ იყო დაწერილი იმ მიზეზის გამო, რომ ზოგიერთი კორინთელი ქრისტიანი ჩავარდა ზოგიერთი  მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ ურწმუნოებაში. პავლე მოციქული ამხელს კორინთელებს იმაში, რომ ისინი ედავებიან ერთი მეორეს წარმართთა წინაშე, არცხვენს მათ და ახსენებს, რომ ეკლესია წმინდათა მეშვეობით განიკითხავს სამყაროს და მეტიც ანგელოზებსაც: ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს და განა მით უმეტეს არ განვსჯით ამ ქვეყნიურ საქმეთაც?“ (1 კორ. 6, 2-3). და საყვედურობს მათ: „თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცნ პირებს აყენებთ“ (1კორ. 6, 4), ამით ის აჩვენებს მათ თუ რა როლი ენიჭება ეკლესიას, რომ ეკლესია ანგელოზებსაც განსჯის. მაგრამ მოციქული პავლე თავის მკაცრ ხასიათს არბილებს სულერი აღზრდის შეგონებით, რადგან კვლავ შეიძინოს კორინთელები: „ხოლო მე გაქებთ, ძმანო რადგანაც ჩემი ყველაფერი გახსოვთ და როგორც გადმოგეცით, ისე იმარხავთ გადმოცემას (καὶ καθὼς παρέδωκα ὑμι̃ν τὰς παραδόσεις κατέχετε)“ (1 კორ. 11, 2). ანუ აქ მოციქული პავლე პირდაპირ მოწმობს გადმოცემაზე, რომელიც  კორინთელებმა მიიღეს მისგან ამ მხრივ ისინი არიან გადმოცემის შემსწავლენი, მაგრამ მათ შორისაც აღმოჩდნენ ისეთნი, რომელნიც გამორიცხავდნენ ზოგიერთი საკითხისადმი ურწმუნოებას. აქედან კარგად ჩანს, რომ ეპისტოლეში დასმული ესა თუ ის საკითხი ეხებოდა ადრეული ადგილობრივი ეკლესიის სულიერ-ზნეობრივ საკითხებს. თვით წმ. წერილის არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ როგორც ჩვენ ასევე იმ დროინდელი ქრისტიანები სულიერად სუსტნი და უძლურნი ვართ. სწორედ ამიტომ, ჩვენი უძლურების გამო, იქნა დაწერილი ეპისტოლეები სულიერად მტკიცე და ჯანსაღი მამების მიერ, რომლებითაც ჩვენ დღესაც ვხემძვანელობთ. ეს ეპისტოლეები დაიწერა საუკუნეებისა და ქვეყნის დასრულებამდე, რადგან ღვთის განგებამ განჭვრიტა ჩვენი სულიერი სიღატაკე, ვინაიდან ქრისტე: „როდესაც მოვა ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?” (ლკ.18, 8). ამიტომაა გასაკვირი „მხოლოდ წერილის“  მიმდევართა დამოკიდებულება, რომლებიც ყველანაირად იფარგლებიან წმ. წერილით, უარყოფენ (როგორც ისინი ფიქრობენ) გადმოცემას და წმ. წერილს აყენებენ ეკლესიის მაღლა, რაც ისტორიულად აბსოლუტურად არ შეესებამება ორათასწლოვან ქრისტიანობას, ე.ი. არ შეესებამება თვით მოციქულების დამოკიდებულებას წმ. წერილისადმი. ამ იდეის მიმდევრებს სჯობდა ევლოთ პირიქითა მიმართულებით: ანუ წმ. წერლიზე  ნუ იქნებიან ჩამოკიდებულნი, ისინი ყოვლად ხელოვნურად უკეთებენ მას კონსერვაციას,  გამოვიდნენ თავადვე შექმნილი შემოსაზღვრული ჩარჩოებიდან და გათავისუფლდნენ, გაიშალონ და მიიღონ ეკლესიის სამოციქულო ცოცხალი გადმოცემა, ეკლესიის,  რომელსაც ვერ მოერევიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი (მათ. 16,18); ეკლესიის, რომელიც დადგენილ იქნა სული წმინდით (საქ. 2, 1-4; 41-47), რომელიც თავადაც თავისუფალია და ამიტომ სუნთქავს იქ, სადაც სურს (იოან. 3, 8) და თავად იძლევა სულიერ შობას (იოან. 3, 6-7). ამიტომ არ არსებობს არანაირი საჭიროება ჩაიკეტო იმაში (წმ. წერილი) რისი ერთადერთი აღიარება ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ თვითონ ხელოვნურად ვკეტავთ ჩვენს თავს ხორცის უძლურებისა და დაცემული ბუნების გამო. ამ სულიერი უძლურებიდან ხსნა არის – ქრისტე, როგორც ჭეშმარიტებაში, რომელიც გვათავისუფლებს ჩვენ (იოან. 8, 32), ვინაიდან ქრისტე არის – ჭეშმარიტება და სიცოცხლე (იოან. 14, 6). ამ ჭეშმარიტებას და სიცოცხლეს გვაუწყებს ჩვენ – ეკლესიას, რომლის თავი თავადაა ქრისტე, და ზუსტად აქედან გამომდინარეობს ის, რომ ეკლესია არის: ,,ჭეშმარიტების სვეტი და სიმტიკიცე“ (1 ტიმ. 3, 15), და  ეკლესიაში ევქარისტიის სახით ჩვენ გვეძლევა სიცოცხლე და ჭეშმარიტება, რომლის მიღებისას, ჩვენ „საუკუნო სიცოცხლე“–ს ვეზიარებით (იოან. 6, 54-55). ყველაფერი ამის შედეგად ჩვენ უმაღლეს ნეტარებას ვაღწევთ – განმღრთობას, იმას, რისთვისაც მოხდა აღმშენებლობა – ადამიანის ღმერთთან ერთობა (იოან. 17, 21), ნეტარებისა და სიყვარულის უმაღლეს ფორმასთან (იოან. 6, 56), რათა ღვთის შეცნობისას გავხდეთ ღვთიური ბუნების თანაზიარნი (2 პეტ. 1, 3-4).

_____

[1] იხ. ასევე http://azbyka.ru/otechnik/Ippolit_Rimskij/Apostolskoe_predanie/ 

[2] იხ. ჩვენი სტატია https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/20/axali-aghtqmis-samociqulo-epistolaruli-warmartul/

[3] იხ. ჩვენი სტატია https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/24/qristes-qadageba-da-iudevelta-arabibliuri/

© ი. კაზარიანი. სტატია, 2016

Post Author: tomatodua