სადუკეველები და იუდეველთა გადმოცემა

წმინდა მოციქულთა და ქრისტეს დამოკიდებულებას იუდეველური გადმოცემისადმი რიგი სტატიები მივუძღვენით, სადაც ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას წარმოადგენდა გადმოცემა ძველი იუდეველებისთვის და როგორ სცემდნენ და ახლაც სცემენ მას პატივს [1]. აღნიშნულ სტატიებში ჩვენ ასევე ვაჩვენეთ, რომ მოციქულებისა და ქრისტესთვის იუდეველური გადმოცემა წერილთან ერთად იყო მისაღები. ქრისტე და მისი მოწაფეები ქადაგებისას იუდეველურ აპოკრიფებსაც იყენებდნენ იმ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც ეს ქადაგების საკითხსა და მიზნებს შეესაბამებოდა [2]. როდესაც იუდეველურ გადმოცემას და იუდეველური საზოგადოების რელიგიურ ფონს ვეხებით უნდა ავღნიშნოთ, რომ იუდეველთა ძირითადი ნაწილისთვის გადმოცემა მისაღები იყო მაშინაც და დღესაც, მაგრამ მათ საზოგადოებაში გადმოცემის მოწინააღმდეგენიც იყვნენ. საუბარია სადუკეველებზე (ივრ. ‏צְדוּקִים), რომლებიც სახარებიდანაც არიან ცნობილნი. სადუკეველები ძველ ებრაული რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლები იყვნენ (სულ სამი ასეთი სკოლა იყო). სადუკეველები ხასმონელთა დინასტიის მმართველ მაკაბელთა დროს წარმოიქმნენ (დაახ. 150 წ. ჩვ. წ. აღ.). აღნიშნულმა სკოლამ იარსება რომაელების მიერ იუდეველთა სახელმწიფოს განადგურებამდე (70 წ. ჩვ. წ. აღ.).

სადუკეველებზე ბევრი რამ უცნობია. იოსებ ფლავიუსი, ცნობილი იუდეველი მხედარმთავარი და ისტორიკოსი (37-100 წწ. ჩვ. წ. აღ.), თავის ნაწარმოებში „იუდეველთა სიძველენი“ სადუკეველებს მდიდარ და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ მდგომარეობის მქონე ადამიანებად მოიხსენიებს (XVIII, 10, 6; XVIII, 1, 4). იესო ქრისტეს დროს სამღვდელოება  სადუკეველთა პარტიას ეკუთვნოდა (ХХ, 9, 1), რასაც მოციქულთა საქმეც მოწმობს (5, 17). საქმის 5, 17-ში სადუკეველთა რელიგიური სწავლება „სადუკეველთა ერესად“ მოიხსენიება. სადუკველებისგან განსხვავებით ფარისეველთა მრავალრიცხოვან რელიგიურ პარტიას იუდეველი ხალხი იუდაიზმის რელიგიური რწმენის მცველად მიიჩნევდა. როდესაც მოციქული და „ფარისეველიპავლე სინედრიონის წინაშე წარსდგა, სადაც მისი რელიგიური შეხედულებები უნდა განეხილათ, მას ფარისევლებმა „მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის“ მხარი დაუჭირეს (საქმე. 23, 6), ფარისეველთა და სადუკეველთა შორის კი „დავა ატყდა“ და „გაიყო კრებული“ (საქმე. 23, 7). მიუხედავად იმისა, რომ სადუკეველებს ხელთ ეპყრათ მნიშვნელოვანი ძალაუფლება, ისინი იუდეველი ხალხის მხრიდან დიდი პატივისცემით არ სარგებლობდნენ, რადგან მათი რწმენა კლასიკურ იუდაიზმს არ შეესაბამებოდა; ზოგჯერ ისინი ჰერუსიის, ანუ სინედრიონის თავში იდგნენ და რომაელთა ხელისუფლების მიმართ ლოიალურობას იჩენდნენ.

ფარისეველთა და სადუკეველთა მსოფლმხედველობაში მნიშვნელოვანი სხვაობა იყო. ყველაზე არსებით განსხვავებას ადამიანის საიქიო ხვედრის, სამყაროს უკანასკნელი დღეების და იუდეველური გადმოცემის შესახებ სწავლება წარმოადგენდა. სადუკეველები საუკუნეების მანძილზე დაგროვილ ხალხურ წეს-ჩვეულებებს და რჯულის მოძღვართა დადგენილებებს უარყოფდნენ (რომლებიც იუდეველთა უცხო ტომთა გავლენისგან დაცვას ისახავდნენ მიზნად), ჭეშმარიტად მხოლოდ იმას აღიარებდნენ, რაც წმინდა წერილში ეწერა, ზეპირ გადმოცემას (თავის მთლიანობაში) კი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. იოსებ ფლავიუსი ამასთან დაკავშირებით მოწმობს: „სადუკეველები ამბობენ, რომ კანონიერად მხოლოდ ის უნდა მივიჩნიოთ, რაც ჩაწერილია, მამათაგან გადმოცემის სახით მოღწეული დადგენილებები კი არ უნდა დავიცვათ“ (XIII, 10, 6; XVIII, 1, 4). რამდენადაც იოსების მოწმობებიდან ჩანს, სადუკეველები რჯულთან დაკავშირებულ მამათა გადმოცემას გულისხმობდნენ, თუმცა ისინი გალახასთან ერთად ჰაგადასაც უარყოფდნენ. სადუკეველთა მესიანური წარმოდგენები ფარისეველთა შეხედულებებისგან განსხვავდებოდა. ფარისეველთა შეხედულებები მომავალი მესიის შესახებ ხალხის მასებშიც ფართოდ იყო გავრცელებული. სადუკეველთა სწავლება მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულს ეფუძნებოდა. სადუკეველები იმ წინასწარმეტყველთა წიგნებს და ჰაგიოგრაფებსაც (Kebiim და Kethubim) უარყოფდნენ, რომლებიც გვიანდელ იუდეველურ მწერლობაში გადმოცემად იწოდებოდა (მიშნა, ტრაქტატი „თაანითი“, II, 1). იოსებ ფლავიუსის თანახმად სადუკეველები სავალდებულოდ „მხოლოთ ერთ რჯულს“, ანუ ხუთწიგნეულს აღიარებდნენ. ძველი ქრისტიანი ავტორებიც, კერძოდ ორიგენე (Contra Celsum I, 49) და ნეტ. იერონიმე (Comment. In Matth. 22, 31-32) იგივეს მოწმობენ, ანუ, რომ სადუკეველები მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულს აღიარებდნენ, სხვა წმინდა წიგნებს კი უარყოფდნენ (XIII, 10, 6). ამავე დროს, სადუკეველებს კარგად ესმოდათ თავიანთ მდგომარეობის სისუსტე და ფარისეველებს ეწყობოდნენ ხოლმე: „სადუკეველთა სწავლებით, ადამიანის სული სხეულთან ერთად კვდება. სადუკეველები რჯულის დადგენილებების გარდა სხვა დადგენილებებს არ აღიარებენ. სადუკეველები თავისივე ფილოსოფიური სკოლის მოძღვრების კრიტიკასაც კი მიესალმებიან. ეს სწავლება ვიწრო წრეებშია გავრცელებული, ძირითადად მათ შორის, ვინც ცნობილ საგვარეულოებს ეკუთვნის. მათი გავლენა იმდენად სუსტია, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს. როდესაც სადუკეველები სახელისუფლებო თანამდებობებს იკავებენ, რაც იშვიათად და იძულებით ხდება, ისინი ფარისეველებს ემხრობიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ხალხი ვერ აიტანდა“ (XVIII, 1, 4).

ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ პარალელი გავავლოთ სადუკეველებსა და იმ თანამედროვე ქრისტიანულ დენომინაციებს შორის, რომლებიც ეკლესიის გადმოცემას უარყოფენ. ისინი იუდეველთა (როგორც ძველი, ისე თანამედროვე) პრინციპის თანახმად წერილს აღიარებენ; გადმოცემას კი თავად ქრისტე და მისი მოწაფეები აღიარებდნენ, რის მოწმობასაც ახალი აღთქმის ტექსტებში მრავლად ვხედავთ. ამგვარი უარყოფა ტენდენციურია და არც ქრისტიანობამდელი (და შემოდგომი პერიოდის) იუდაიზმის, არც ორი ათასწლოვანი ქრისტიანული ტრადიციის რელიგიურ აზროვნებას არ შეესაბამება. გადმოცემის უარყოფით ისინი იესო ქრისტეს მიერ გადმოცემული სრულფასოვანი სახარებისეული ქადაგების მიღმა რჩებიან.

_____

[1] იხ. ჩვენი სტატიები: https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/24/qristes-qadageba-da-iudevelta-arabibliuri/ და https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/25/iudauri-arabibliuri-gadmocemebi-pavle-mociqulis/

[2] იხ., მაგალითად, ჩვენი სტატია: https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/07/22/iuda-mociqulis-epistole-da-iudeveluri/. აქ უნდა განვასხვავოთ ჭეშმარიტი იუდეველური გადმოცემა, რომელსაც ქრისტე იღებდა „ხუცესთა გადმოცემისგან“ (მათე. 15, 1-9; მარკ. 7, 8 და სხვ.), რომელსაც იგი უარყოფდა, რადგან აღნიშნული „ხუცესთა გადმოცემა“ იუდეველი ხალხის ცხოვრებაში ხელოვნურად ინერგებოდა და ჭეშმარიტი გადმოცემისა და წერილის არსს ამახინჯებდა.

© ი. კაზარიანი. სტატია, 2017

Post Author: tomatodua