ქრისტე და „ოქროს წესი“

„ოქროს წესი“ ძველი ანტიკური სამყაროს ზოგადსაკაცობრიო ეთიკურ-ზნეობრივი კანონია, რომელიც ბევრ ხალხს გააჩნდა. თავად ეს წესი წარმართული სამყაროსთვის დაუწერელ კანონს წარმოადგენდა. პავლე მოციქული ამ კანონს განმარტავდა, როგორც „რჯულის საქმეს“, რომელიც წარმართებს „გულებში“ უწერიათ, „რაზეც მათი სინდისი და მათი აზრები მეტყველებს“ (რომ. 2, 14-15). ანუ, ეს არის გულში არსებული დაუწერელი რჯული, რომელიც ადამიანს ღმერთმა მისცა. სანამ „ოქროს წესსა“ და ქრისტეს ქადაგებასთან მის კავშირზე ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ მაცხოვარი აღიარებდა იუდეველურ გადმოცემასა და ზოგიერთ იუდეველურ აპოკრიფს, თავისუფლად იყენებდა მათ და ამ მხრივ თავისი მსმენელების მხრიდან გაუგებრობას არ აწყდებოდა [1]. ასევე იქცეოდნენ ქრისტეს მოწაფეები – წმინდა მოციქულები [2]. მეტიც, წარმართებში ქრისტიანობის გავრცელების მიზნით ანტიკურ ბერძენ ავტორებსაც – ფილოსოფოსებს, პოეტებსა და კლასიკოსებს – იშველიებდნენ. მოციქულები ქადაგებისთვის საჭირო წარმართულ ფილოსოფიურ ნაშრომებსა და ბერძნულ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიასაც იყენებდნენ [3]. მოციქულთა ეპისტოლეები ეკლესიამ აღიარა და მათ მსოფლიო ავტორიტეტი გააჩნიათ.

ქრისტე, როგორც რჯულმდებელი და „სიცოცხლის წინამძღვარი“ (საქმე. 3, 15), რომლის მიერაც შეიქმნა ყოველივე, რაც შექმნილია (იოანე. 1, 1-5) თავისუფლად სარგებლობს ზოგადსაკაცობრიო ზნეობის წესით, რომელიც წარმართულ სამყაროსაც ეკუთვნის. ქრისტე ამბობს: „ როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი“ (მათე. 7, 12). აქ მაცხოვარი ძველ აღთქმას იხსენებს. ასევე, აქაც: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე. 19, 18-19) და აქაც: „ეს არის პირველი და მთავარი მცნება. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“ (მათე. 22, 38–40). იგივეს ვკითხულობთ ლუკა მოციქულთან (ლუკა. 6, 31). მაგრამ იოანეს სახარებაში ვხედავთ, თუ როგორ სრულყოფს ქრისტე ამ აზრს: „გიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი – ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია“ (მარკ. 12, 32–34). კიდევ უფრო ძლიერად და მკვეთრად: „ ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის“ (იოანე. 15, 12-13). ეს სრულყოფილი აზრი პავლე მოციქულმა ცხადად გამოთქვა: „მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას. რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით“ (რომ. 5, 8-10).

აზრობრივი პარალელები იხილეთ აქ: ეფეს. 5, 2; რომ. 13, 8-10; გალ. 5, 13-15. იაკობ მოციქული აღნიშნულ ზნეობის წესს „სამეფოს“ უწოდებს (იაკობი. 2, 7-9). „ოქროს წესი“ ძველი ეკლესიის პირველ კრებაზე დამტკიცდა (49 წ.), რასაც მოციქული მოწმობს: „ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია: ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას; არ გაუკეთოთ სხვას ის, რაც თქვენთვის არ გინდათ. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ!“ (საქმე. 15. 28-29).

უნდა ითქვას, რომ ზნეობის „ოქროს წესს“ „დაუწერელი კანონის“ სტოიკურ სწავლებასთან აქვს საერთო, როგორც პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ (2. 14-15), სადაც მოციქულს სინდისს განმარტავს.

„ოქროს წესი“ ცნობილია არისტოტელეს ნაწარმოებიდანაც. კითხვას, თუ „როგორ მოვექცეთ მეგობრებს?“ – არისტოტელე პასუხობს: „ისე მოექეცით, როგორც თავად გსურთ, რომ მოგექცნენ“ [4]. აღნიშნული დაუწერელი კანონი პლატონთან [5] და სხვა ბერძენ ფილოსოფოსებთანაც გვხვდება. ჰომეროსს დაუწერილი წესის ახლო აზრი მოჰყავს: „როგორც სიტყვასაც წარმოთქვავ, ისეთივეს გაიგებ პასუხად, როგორც უკან მობრუნებულ ტალღას“ (ჰომერი, ილიადა, XX, 250).

ზნეობის წესი ძველ იუდეველ რაბინებსაც აქვთ. ეს კარგად ჩანს რაბი ჰილელის (ჩვენ წ. ა. -მდე I ს. დასასრული – ჩვენი წ. ა. I ს. დასაწყისი), გამოთქმაში: „ნუ გაუკეთებ მოყვასს იმას, რაც თავად არ გსიამოვნებს“ (ბაბილონური თალმუდი, მიშნა, ტრაქტატი „შაბათი“, 31a). იონათანს თავის თარგუმში (თორას თარგმანი არამეულ ენაზე, იონათან ბენ უზიელის მიერ შესრულებული) ვაიკრას წიგნის (ანუ ლევიანნი 19, 18) ამ მუხლზე ვრცელი განმარტება მოჰყავს, რომელიც აზრითა და ფორმულირებით ძალიან გავს რაბი ჰილელის გამონათქვამს. იუდეველ ბრძენებს მიაჩნდათ, რომ ებრაელების დამოუკიდებლობის დაკარგვის, რომის წინააღმდეგ ამბოხში დამარცხების, ტაძრის დანგრევის და ყველა მათი ტანჯვის მიზეზი ისრაელის ძეთა შორის არსებული უმიზეზო სიძულვილია. რაბი აკივამ, რომელიც ტაძრის დანგრევის შემდგომი თაობის წინამძღვარი იყო, თქვა: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი – ეს თორის ყველაზე ზოგადი წესია“. ტრაქტატ აბოთში (3:14) რაბი აკივა განავრცობს ამ აზრს იმის დასტურად, რომ ადამიანისადმი სიყვარული ფუძემდებლური პრინიციპია. რაბი აკივას, მტკიცებულების სახით, ბერეშითის (დაბადება) წიგნის მეცხრე თავის პირველი მუხლი მოჰყავს: „ღვთის ხატად შექმნა მან ადამიანი“ – „ღმერთს ადამიანი უყვარს, რადგან ღვთის ხატადაა შექმნილი. განსაკუთრებული სიყვარული ადამიანისადმი იმით გამოიხატა, რომ ის ღვთის ხატად შეიქმნა“.

ზოგადსაკაცობრიო ზნეობის „ოქროს წესი“ სხვა ძველ ხალხებსაც ავქს, რაზეც დაწვრილებით აღარ დავწერთ.

_____

[1] იხ. ჩვენი სტატია https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/24/qristes-qadageba-da-iudevelta-arabibliuri/

[2] იხ. ჩვენი სტატიები https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/25/iudauri-arabibliuri-gadmocemebi-pavle-mociqulis/ და https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/07/22/iuda-mociqulis-epistole-da-iudeveluri/

[3] იხ. ჩვენი სტატია https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/20/axali-aghtqmis-samociqulo-epistolaruli-warmartul/

[4] Диоген Лаэртский. О жизни, учениях и изречениях знаменитых философов [V, 21] / Общ. ред. и вступит ст. А. Ф. Лосева. М., 1979. С. 211.

[5] Платон. Критон // Платон. Избранные диалоги. М.: Художественная литература, 1965. С. 316—317.

© ი. კაზარიანი. სტატია, 2017

Post Author: tomatodua