ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წმინდა წერილის ტექსტებზე წარმართული (ბერძნული) რელიგიური და ფილოსოფიური ტექსტების გავლენის შესახებ – კერძოდ, ამ ტექსტების გავლენაზე ახალი აღთქმის ტექსტებზე [1]. შემდგომში, ახალი აღთქმის ეს ტექსტები მსოფლიო ეკლესიის უზენაესმა ავტორიტეტმა (კრებამ) აკურთხა და ისინი ახალი აღთქმის წიგნების კანონში შევიდნენ – კანონში, რომელიც ეკლესიამ შექმნა, რადგან ეკლესია: „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველია“ (1 ტიმ. 3, 15). ამჯერად, ძველი აღთქმის ლიტერატურაზე ძველეგვიპტური ტექსტების გავლენაზე ვისაუბრებთ – კერძოდ, სოლომონის იგავების წიგნზე „ამენემოპეს დამოძღვრის“ გავლენაზე, რომელიც ეგვიპტურ წარმართულ სამყაროში საკმადო ცნობილი წიგნი იყო. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში მცხოვრებ ებრაელებზე ეგვიპტური კულტურა დიდ გავლენას ახდენდა და ეს გავლენა ებრაელების სოციალური ცხოვრების მრავალ ასპექტში იგრძნობოდა. ამის მიზეზია ეგვიპტური კულტურის სიძველე, მისი მიმზიდველობა; მეორე გარემოება იმაში მდგომარეობს, რომ ებრაელები ეგვიპტეში თავის გადასარჩენად თავისი, როგორც ერის, ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მივიდნენ და ეგვიპტელებთან ერთ სახელმწიფოში დიდ ხანს ცხოვრობდნენ.
ბიბლიური ძველაღთქმისეული წერილის თანახმად, ებრაელთა მამათავარმა, აბრაამმა, ეგვიპტეში გარკვეული დრო გაატარა (დაბ. 12, 10); მისი შვილთაშვილი, იოსები, ძმებმა ეგვიპტელებს მონად მიყიდეს. თავისი სიბრძნისა და გონივრულობის წყალობით, ის ფარაონის მოადგილე გახდა, რომელმაც „იოსები განმგებელად მთელს ეგვიპტის ქვეყანას დაუდგინა“ (დაბ. 41, 43). შიმშილის დროს, იოსების მამა, იაკობი, თავის შვილებთან ერთად ეგვიპტეში ჩავიდა. იოსებმა მათ თავი გაუმხილა, ძმებს აპატია და ეგვიპტეში დასახლება შესთავაზა. იოსების თხოვნით ფარაონმა მათ გეშემის მდიდარ ოლქში მიწები დაურიგა (დაბ. 45, 10). წერილის თანახმად, „გამრავლდა და გაძლიერდა ხალხი ეგვიპტეში“ (საქმე. 7, 17). იოაკობი და მისი 12 ძე ისრაელის 12 ტომის მამათავრებად მიიჩნევიან, რომლებმაც ებრაელი ერი ეგვიპტეში ყოფნისას ჩამოაყალიბეს. რამოდენიმე თაობის შემდეგ ფარაონს მათ ერთგულებაში ეჭვი შეეპარა და მათი შევიწროვება დაიწყო. მოსე წინასწარმეტყველმა, რომელიც: „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა“ (საქმე. 7, 22) თავისი ერის ხსნა გადაწყვიტა. მან ერი, აღთქმული მიწის ნახვის იმედით, უდაბნოში გაიყვანა. საინტერესოა, რომ ღმერთისგან განდგომის პირველ ეტაპებზე ებრაელები ეგვიპტურ წარმართობაში გადადიოდნენ, რაზეც პირველმოწამე სტეფანე ამბობს: „მორჩილება არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისაკენ მიიქცნენ თავიანთი გულით. და უთხრეს აარონს: შეგვიქმენი ღმერთები“ (საქმე. 7, 39-40). აღნიშნულ ძველაღთქმისეულ პერიოდს პავლე მოციქული „კერპთაყვანისმცემლობად“ იხსენიებს (1 კორ. 10, 7).
ზემოთ, ებრაელი ერის წარმომავლობისა და მათი ეგვიპტელებთან თანაარსებობის მოკლე ქრონოლოგია მოვიყვანეთ. ამ ეტაპზე ისინი ეგვიპტური ცხოვრების ყველა მხარეს ეცნობოდნენ. ეგვიპტური ცივილიზაცია მაღალი კულტურით გამოირჩეოდა და ებრაელების რელიგიურ და კულტურულ შეხედულებებზე ის აუცილებლად მოახდენდა გავლენას. სტატიის ბოლოს სოციალური ცხოვრების რამოდენიმე მაგალითს მოვიყვანთ. ახლა კი, „ეგვიპტური სიბრძნიდან“ იმ ნასესხობას მოვიყვანთ, რომელმაც ისრაელის საუკეთესო წარმომადგენელთა გონება შეიპყრო. თუ „ამენემოპეს დამოძღვრას“ (ამენემოპე ფარაონის სახელით იყო დასახელებული ასე) და ბიბლიას ერთმანეთს შევადარებთ, აშკარა ნასესხობას ვნახავთ. „დამოძღვრა“ ბრიტანეთის მუზეუმის №10474 პაპირუსშია დაცული. ეგვიპტოლოგები პაპირუსს სხვადასხვა თარიღით ათარიღებენ, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს დათარიღება, პაპირუსის ტექსტი უკვე XXI დინასტიის დროს არსებობდა, ანუ ჩვ.წ.აღ.-მდე 1076-944 წლებში. ეს ქაიროს მუზეუმის ოსტრაქონით მტკიცდება, რომელიც ჩვ.წ.აღ.-მდე II საუკუნით თარიღდება და პაპირუსის ტექსტის ნაწილებს შეიცავს (3/8 – 4/10).
შევადაროთ „ამენემოპეს დამოძღვრისა“ და სოლომონის იგავების წიგნის ადგილები:
„გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი. თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება“ (იგავ. 23, 4-5).
ამენემოპეს დამოძღვრა (9/14-19, 10/4):
„ნუ ეცდები სარგებლის პოვნას, რათა შენი საჭიროება უზრუნველყო. თუ სიმდიდრე ძარცვით მოიპოვე, ერთი ღამითაც არ დარჩება ის შენთან, განთიადისას შენს სახლს დატოვებს – მის ადგილს ნახავ, მას კი ვეღარ… ბატივით ფრთები მოისხა და ცაში გაფრინდა“
იგავნი სოლომონისა (22, 24-25):
„ნუ იმეგობრებ ბრაზიან კაცთან და ფიცხ კაცს ნუ გაეკარები; რათა მისი გზა-კვალი არ ისწავლო და შენ თავს ხაფანგი არ დაუგო“
ამენემოპეს დამოძღვრა (11/13, 11/17):
„არ დაუმეგობრდე ბრაზიანს, არ მიუახლოვდე მას სასაუბროდ… არ შეგიტყუოს და მარყუჟებში არ გაგაბას“
იგავნი სოლომონისა (22, 17-18):
„ყური დამიგდე, მოისმინე ბრძენკაცთა სიტყვები და ცოდნისკენ მოაქციე გული, რადგან საამურია, თუკი დაიმარხავ გულში, თუ ბაგეზე გექნება გამზადებული“
ამენემოპეს დამოძღვრა (3/9-16):
„დაუგდე ყური, გაიგე ნათქვამი; მოიქეც, რათა განმარტო ეს, სასარგებლოდ გაიმყარო თავში, რადგან ზიანია მისთვის, ვინც ამას არ გაიგებს“
ზემოთ მოყვანილი მაგალითები (ამათ გარდა, კიდევ სხვებიც არსებობს) სოლომონის იგავებსა და „ამენემოპეს დამოძღვრას“ შორის ყველაზე აშკარა შესაბამისობას წარმოადგენენ, რაც მოწმობს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის. „ამენემოპეს დამოძღვრა“ კიდევ უფრო ძველი ეგვიპტური ნაწარმოების, „ანის მოძღვრების“ და ძველეგვიპტური დიდაქტიკური ლიტერატურის სხვა ძეგლების, გაგრძელებაა. ეგვიპტური ტექსტების გავლენა იობის წიგნშიც ჩანს. ზოგიერთი მეცნიერი იობის წიგნზე მესოპოტამური გავლენის კვალს ხედავს, მაგრამ ამასთან ერთად ეგვიპტური გავლენაც უდაოა. იობის წიგნში ნახსენებია სირაქლემა (30, 29; 39, 13) და ბეჰემოტი (40, 10), ანუ ეგვიპტური ფაუნის წარმომადგენლები. ეგვიპტური გავლენა ეკლესიასტეს წიგნშიც აშკარად შეიმჩნევა. წიგნში ერთ-ერთი მთავარი ადგილი სიამოვნებაში დროის ტარების თემას ეთმობა (2, 24; 3, 12; 3, 22; 5, 18; 9, 7; 9, 9). იგივე მოტივს ვხედავთ ეგვიპტურ ე. წ. „მექნარის სიმღერაში“ (ჰაი-ინჰერეტის V სიმღერა, 5, 2, 15): „ჭეშმარიტად, იზეიმე, იცხე, დაიდე მკერდზე ყვავილები, ახლოს გყავდეს საყვარელი… ყოველდღე იქეიფე სიკვდილის დღემდე“. ეს არის რამზეს III პერიოდი (XX დინასტიის ფარაონი), რომელიც ჩვ.წ.აღ.-მდე დაახლოებით 1185-1153 წლებში მართავდა ეგვიპტეს. იგივე მოტივი უფრო გვიანდელი ხანის ეგვიპტურ მიცვალებულთა მოსახსენებელ საგალობლებშიც ჩანს, როდესაც ეგვიპტური სამეფოს დასასრულს საიქიოს მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გავრცელდა.
აშკარა მსგავსებაა ეგვიპტური ღმერთის, ატონის, ჰიმნსა (ერეტიკოსი ფარაონის, ეჰნატონის, დროს დაწერილი – XIV საუკუნე ჩვ.წ.აღ.-მდე) და 103-ე ფსალმუნს შორის:
„შენ დასავლეთში ჩადიხარ, დედამიწა კი ბნელშია, მკვდრის მსგავსად. ნაგებობებში სძინავთ, თავები დაბურული აქვთ, ერთმანეთს ვერ ხედავენ, მთელი მათი ქონება, რომელიც თავქვეშ ედოთ, დატაცებულია, ისე, რომ არც იციან. ყველა ლომი თავის ბუნაგს ტოვებს. როცა ღამდება და დედამიწას დუმილი მოიცავს, ქვეწარმავლები კბენენ მათ სიბნელეში, რადგან მათმა შემოქმედმა ისინი თავის ცის კამარაზე იპოვა“
ატონის ჰიმნის ამ ადგილს 103-ე ფსალმუნი (20-21) უნდა შევადაროთ:
„განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა. ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს“
ატონის ჰიმნი:
„გემები ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ დაცურავენ ერთნაირად – ყველა გზა ხსნილია, როდესაც შენ ბრწყინავ. მდინარეში თევზები შენი სახის წინაშე მხიარულოობენ, რამეთუ შენი სხივები ზღვის სიღრმეებში აღწევს“
103-ე ფსალმუნი (25):
„ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი – მცირენი დიდებთან ერთად; იქ ხომალდები დადიან…“
ატონის ჰიმნი:
„რაოდენ მრავალია ის, რასაც შენ აკეთებ და რაც სამყაროს წინაშე დაფარულია, ერთადერთო ღმერთო, რომლის მსგავსიც არავინაა, შენ ერთმა შექმენი დედამიწა შენი გულის სურვილით“
103-ე ფსალმუნი (24):
„რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით“
ყველაზე მთავარი, რაც ამ შემთხვევაში უნდა გავიგოთ, ეს არის მიზანი, რომელსაც ძველი აღთქმის ავტორი/ავტორები ისახავდნენ. ეს ტექსტები ხომ ღვთივგამოცხადებული რელიგიის თვალსაზრისით იწერება, მათი ავტორები იუდეველი მონოთეისტები არიან. ისინი ამით თავის რწმენას და რელიგიურ ხედვას ხაზს უსმევენ ღვთივგამოცხადებული რელიგიის ასპექტში, მაგრამ ეგვიპტური წარმართული მემკვიდრეობის ზოგ ტექსტს იყენებენ. განა მოციქულები იგივეს არ აკეთებდნენ თავის ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში, განსაკუთრებით პავლე, რომელიც თავისი მისიონერული საქმიანობისთვის ბერძენი ფილოსოფოსებისა და პოეტი კლასიკოსების აზრებს თავისუფლად იყენებდა?… აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში საიქიოს შესახებ ეგვიპტური შეხედულებებიც აისახა, განსაკუთრებით, წარმოდგენები ფსიქოსტასიის შესახებ: ქალღმერთ მაატის როლი ოსირისის სამსჯავროზე, სადაც ადამიანის გული სასწორზე იწონება. ბიბლიური წიგნები აწონვის მეთოდს არაერთხელ ახსენებენ – იობის წიგნი (31, 6): „ამწონოს მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება“; იგავნი სოლომონისა (16, 2): „სულთა ამწონი უფალია“ და (21, 2) „გულებს უფალი წონის“.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეგვიპტეში მცხოვრებ იუდეველებს ეგვიპტელთა დაკრძალვის წესები არ ეთაკილებოდათ, რაზეც პირდაპირ არის საუბარი ბიბლიაში. დაბადების წიგნში იოსების შესახებ თხრობა შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „მოკვდა იოსები ას ათი წლისა, შემურვეს იგი და ჩაასვენეს კიდობანში, ეგვიპტეში“ (50, 26). ამგვარად, ებრაული სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, იოსები, ეგვიპტეში, ეგვიპტური წესით დაიკრძალა. ეგვიპტელთა წარმოდგენით ადამიანის ცხოვრების იდეალური ხანგრძლივობა 110 წელია.
„ამენემოპeს დამოძღვრაში“ ღმერთსა და მის ძალაუფლებაზე ასახული შეხედულებები ბიბლიური შეხედულებების ანალოგიურია (24, 13-8): „ადამიანი ხომ თიხა და ჩალაა – ღმერთია მისი შემოქმედი“. მსგავსს ესაია წინასწარმეტყველისა (29, 15-16; 45, 9; 64, 8) და იერემია წინასწარმეტყველების წიგნებში (18, 2-4) ვხედავთ. და ბოლოს, დაბადების წიგნში (2, 7): „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“. „ამენემოპეს დამოძღვა“ XXX თავით სრულდება. ამგვარად, სოლომონის იგავებში (22, 20) ნათქვამი გასაგები ხდება: „ხომ მოგწერე ოცდაათი შეგონება რჩევისა და ცოდნისა“, სადაც ოცდაათი იდეალურად შედგენილ შეგონებათა წიგნს გულისხმობს. XXX თავში ნათქვამია, რომ შეგონებათა წიგნი შეიძლება სასარგებლოც იყოს და სასიამოვნოც, რადგან მისი მეშვეობით უცოდინარი ადამიანი შეიძლება განათლდეს. დიდაქტიკური ლიტერატურის მიზანი, როგორც ქვემოთ მოყვანილი გამოთქმიდან ჩანს, ახალგაზრდა გადამწერის მომზადება იყო, რომელიც შემდგომში დიდებულამდე ამაღლებას შეძლებდა. „შენს წინაშე ოცდაათი თავია! ისინი ახარებენ და მოძღვრავენ, ისინი ყველა წიგნთა წიგნია, ისინი უცოდინარს ასწავლიან. თუ მათ უცოდინარს უკითხავენ, მათი წყალობით ის განათლდება. აავსონ მათ შენი გული და გახდები ის, რომელიც ასწავლის. გადამწერი ხომ მარდია, ის დიდებულად გახდომას იმსახურებს“.
_____
[1] იხ. https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/20/axali-aghtqmis-samociqulo-epistolaruli-warmartul/
გამოყენებული ლიტერატურა:
М.А. Коростовцев. Религия Древнего Египта. СПб, 200. С. 230-231; The Legacy of Egypt, S.R. K. Glanville, contributor W. O. E Oesterley, p. 246-248, Oxford, 1942.
© ი. კაზარიანი. სტატია, 2017