ქრისტეს გენეალოგიაში ქორწინების დარღვევის შემთხვევების, წარმართთა მოწოდებისა და ღვთის განგების შესახებ

ამ მოკლე სტატიის სათაური, შეიძლება, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ საკიტხს ჩავუღრმავდებით (რატომ არის ნახსენები მათეს სახარებაში ოთხი ძველ აღთქმისეული ქალი – თამარი, რუთი, რეხაბი, ბერსება – როდესაც, ზოგი მათგანის ცხოვერბაში ქორწინების დარღვევას აქვს ადგილი, ზოგს კი საეჭვო ან წარმართული წარსული აქვს), მაშინ ქრისტეს სახარებისეული ქადაგების სიღრმეს გავიგებთ, რომელშიც მაშინდელი ელიტარული იუდაური საზოგადოებისათვის მიუღებელი ფრაზები ჟღერს: „მებაჟენი და მეძავნი თქვენზე უწინ შევლენ ცათა სასუფეველში“ (მათე. 21,31–32; იოანე. 8, 2-11; ლუკა. 7, 36-50). საინტერესოა, რომ მაცხოვრის მებაჟეებისა და მეძავეებისადმი ცნობილი დამოკიდებულება, რომელიც სახარებაში აშკარადაა გადმოცემული, მის გენეალოგიაში არ არის ნაჩვენები. მაგრამ, თუ ამ საკითხს ჩავუღრმავდებით, მაცხოვრის დამოკიდებულებას საეჭვო წარსულის  მქონე წინაპრებისგან შობის სურვილს გვიჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის თანახმად, გარკვეული ზნეობრივი გადაცდომებისთვის, იუდაური კანონმდებლობა სიკვდილით სასჯელს აწესებდა (ლევ. 20, 10; რჯლ. 22, 13-24).

მათეს სახარება ქრისტეს წინაპართა ჩამონათვალით, ანუ მისი გენეალოგიით, იწყება. ეს იმ დროინდელი იუდეველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისინი უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ის, ვიზეც საუბარი მიდის, ნამდვილად დავით მეფის შთამომავალია. ძველ ისრაელში, როგორც ყველგან, გენეალოგიას მამაკაცის ხაზით განსაზღვრავდნენ, ამიტომ ქალების ხსენება არ იყო აუცილებელი. მაგრამ აქ სხვა სახელებს შორის ოთხი ქალის სახელიც გვხვდება: თამარი, რუთი, რეხაბი და ბერსება – „ურიის ცოლი“. რატომ არ არიან ნახსენები დედოფლები, ცნობილი ლამაზმანები, არამედ ზუსტად ეს ოთხი ქალი? ალბათ, იმიტომ, რომ ამ ოთხი ქალის ბედში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც ისეთი, რასაც სახარების არსამდე მივყავართ, ქრისტეს სრულყოფილ სიყვარულამდე, რომელსაც ის თავად სიტყვითაც და საქმითაც აჩვენებდა. ამ მხრივ მისი სრულყოფილი სიყვარული პირდაპირ გამოიხატა იმ გენეალოგიაში, რომელსაც თავად განუკუთვნა თავისი თავი; მან მოისურვა მაღალსულიერი წინაპრებიც ჰყოლოდა და ისეთებიც, რომლებიც თავიდან დიდი ზნეობით და სულიერებით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ მერე მთელი გულით მიიღეს ღმერთი.

აღსანიშნავია, რომ მათე მოციქულისთვის, როგორ იუდეო-ქრისტიანისთვის, მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რომ სახარებისეული ქადაგება წარმართებისთვისაც იყო განკუთვნილი. მათე მახარებელს უნდოდა ეჩვენებინა, რომ (დაწყებული ქრისტეს გენეალოგიით და წარმართი მოგვების მოსვლით (მათე. 2, 1) და დამთავრებული სიტყვებით – „წადით, ასწავლეთ ყველა ერს“ (მათე. 28, 19; შეად. 21, 43)), ღმერთი წარმართებს არ უარყოფს, არამედ იესო ქრისტეს მიერ მოუწოდებს მათ თავის სასუფეველში. ამგვარად, პირველი სახარების როგორც დასაწყისს, ისე დასასრულს შინაარსის მხრივ მკაფიო აზრობრივი დატვირთვა გააჩნია. ქრისტეს გენეალოგიაში ზოგი ძველ აღთქმისეული ქალი წარმოშობით არაებრაელი წარმართები იყვნენ (რეხაბი და რუთი), რაც შემთხვევითი როდია. მათე მოციქულს სურდა ეჩვენებინა ამ ქალების სახელები ქრისტეს გენეალოგიაში. ეს ქალები უპატიოსნო ქორწინებით, უზნეო ცხოვრებით ან წარმართობით გამოირჩეოდნენ.

თუ თითოეულ მათგანზე მოკლედ ვისაუბრებთ, შემდეგი უნდა ავღნიშნოთ: თამარმა თავისი ხრიკებით იუდასგან, თავისი სიმამრისგან შვა (დაბ. 38, 6-26) და დავითის წინაპარი გახდა. ის ქორწინების გარეშე დაორსულდა. რეხაბი იერიქონელი მეძავი იყო (ნავ. 6, 16–17). მან ისრაელის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ასევე დავითის წინაპარი იყო (მათე. 1, 5). რუთი მოავიტელი, ანუ ყოფილი წარმართი იყო, რომელმაც იუდაიზმი მიიღო, მოავიტელები კი ისრაელიანებს სძულდათ. რუთი დავით მეფის დიდი ბებია იყო (რუთის წიგნი). ბერსება ჯერ ურიას ცოლი იყო. მეფე დავითმა მისი კანონიერი მეუღლე სასიკვდილო ბრძოლაში გააგზავნა, ბერსება კი ცოლად მოიყვანა (2 მეფეთა. 11). ღმერთმა, ნათან წინასწარმეტყველის მიერ, დავითის ასეთი საქციელი დაგმო და ამის გამო მისი პირმშო (ბერსებასგან) მოკვდა. მაგრამ, ამ ქორწინების შედეგად სოლომონი იშვა (2 მეფ. 12, 1-24).

სახეზეა იმის მაგალითი, თუ როგორ მოქმედებდა ღმერთი ისრაელის ისტორიაში უკანონო ქორწინების მეშვეობით, ან მონანული მეძავების მიერ; თან, მოქმედებდა ისე, რომ თავის გენეალოგიას განუკუთვნა ეს ქალები. თუმცა, ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ წმ. მათე მოციქული ჩვენს ყურადღებას აპრყრობს ქრისტეს გენეალოგიაში მეხუთე ქალსაც – მარიამს. რათქმაუნდა, მათე მოციქულმა ქრისტეს გენეალოგიის ისტორია კარგად იცოდა და უნდა ეჩვენებინა, რომ ღმერთი იოსებისა და მარიამ უცნაური ქორწინებითაც მოქმედებებდა: „ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან“ (მათე. 1, 18).

ჩვენ ვხედავთ, რომ მარიამ ქორწინების გარეშე დაორსულდა, მაგრამ თამარისგან განსხვავებით, ეს სასწაულებრივად, ღვით განსაკუთრებული განგებით, მოხდა. ამიტომ, იესო არ არის უბრალო ადამიანი და მხოლოდ დავითის შთამომავალი, არამედ დიდებულია, რომელმაც ისრაელის ისტორიაში დიდი როლი უნდა შეასრულოს. ის ხომ „სოლომონზე უმეტესია“ (მათე. 12, 42), „აბრაამის უწინარესი“ (იოანე. 8, 58) და „იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან“ (მათე. 1, 21).

რატომ არის აქ ნახსენები ეს სახელები? ეს ქალები ხომ თავიანთ შთამომავლებს არცხვენენ. მართლაც, ერთმა სიმამრისგან შვა, მეორე მეძავი იყო, მესამე საძულველ ხალხს ეკუთვნოდა, მეოთხე კი საშინელი ცოდვის უნებლიე მონაწილე გახდა. იქნებ ჯობდა, სულ დაგვევიწყებინა ისინი და სხვა ქალების სახელები გვეხსენებინა – ისეთი ქალების, რომლებიც სახლში იჯდნენ, შვილებს აჩენდნენ და სხვადასხვა თავგადასავლებში არ გადახდენიათ?

მაგრამ ბიბლია თავის გმირებზე არა მარტო არასასიამოვნოს ამბობს, არამედ მთავარსაც ახსენებს. ის არ გვიმალავს სამარცხვინო დეტალებს, არამედ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს გვიჩვენებს: პირველი სამი ქალი დიდი მიზნის მისაღწევად რისკზე წავიდნენ და მათი რისკი გამართლდა. თამარმა ლოგინში თავისი სიმამრი შეიტყუა, მაგრამ ასე იუდას ტომი შენარჩუნდა. რეხაბმა უცხო ჯაშუშები შეიკედლა, საკუთარი ქალაქის განადგურებას შეუწყო ხელი, მაგრამ ასე აღსრულდა ღვთის ჩანაფიქრი და რეხაბს ამ ჩანაფიქრში თავისი ადგილი ჰქონდა. რუთი მხოლოდ თავისი რეპუტაციით რისკავდა, როდესაც ბოოზთან ღამის პაემანზე მიდიოდა, მაგრამ ბეთლემელებს ის რომ მეძავივით უარეყოთ, ის და მისი დედამთილი სიღატაკეში აღმოჩნდებოდნენ და მათი გვარი გადაშენდებოდა. ბერსებას ნაცვლად ყველა გადაწყვეტიებას დავით იღებდა, მაგრამ მან მისი ცოდვილი გადაწყვეტილების შედეგი სრულად მიიღო – ჯერ ქმარი მოუკლეს, მერე კი შვილი მოუკვდა. ყველაფერი ბინძურად და საშინლად დაიწყო, მაგრამ კარგად დასრულდა – ზუსტად ამ ქორწინების შედეგად იშვა მეფე სოლომონი. ოთხივე ქალის ბედს ერთი და იგივე ხაზი აერთიანებს. ადამიანებმა, ხშირად, არ იციან, როგორ მოიქცნენ, საშინელ სიტუაციებში აღმოჩნდებიან, არ იციან, რა აირჩიონ. მათი ბედი და ცხოვრებისეული გარემოებები შეიძლება საეჭვო და სამარცხვინოც კი აღმოჩნდეს. მაგრამ საქმის არსი ამაში არ არის. მნიშვნელოვანი სხვა არის: ღვთის განგების თავის ცხოვრებაში შემოშვებას ცდილობენ თუ უბრალოდ იმას აკეთებენ, რაც თვითონ უნდათ. თუ ღვთის განგებისკენ ისწრაფვიან, როგორც თამარი, რეხაბი, რუთი და დავითი და ბერსება მონანიების შემდეგ, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება – რაც სამარცხვინოდ ჩანდა, დიდებულად იქცევა; რაც ცოდვა იყო – მიეტევება. ამ მაგალითებში საოცარ ცხოვრებას და რთულ ცხოვრებისეულ გარემოებებს ვხედავთ, რომლებმა საბოლოოდ ღმერთამდე და სინანულამდე მიიყვანეს ეს ადამიანები, რადგან ისინი ღვთის განგებას ენდნენ.

ქრისტეს შობაც ხომ ერთი ოჯახის ისტორიაა – უბრალო ნაზარეთელი გოგოსი, რომელმაც საზოგადოებრივი ნორმების მიუხედავად და ახლობელთა მოლოდინის საპირისპიროდ გაბრიელ მთავარნგელოზისგან საოცარი და ერთგავარად საშინელი ამბავი მიიღო. ახლა ის ჩვენთვის ღვთისმშობელია, მაშინ კი იოსების საცოლე იყო, რომელიც უეცარ ორსულობას დათანხმდა. ხალხისა და საქმროს თვალში ამ ორსულობის მიზეზი მარტო ღალატი თუ იქნებოდა და ამისთვის მას ქვებით ჩაქოლვა ემუქრებოდა (იოსებს ის შეებრალა და უბრალოდ მისი „გაშვება“ უნდოდა). ამით ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ მარიამი ღმერთს ენდო და ყოველგვარი ეჭვის გარეშე მიიღო ეს პასუხისმგებლობა, წავიდა ამ რისკზე და ასე განკაცდა უფალი. მარიამამდე იყვნენ თამარი, რეხაბი, რუთი და ბერსება. ისინი ღმერთს ენდნენ და არ მოტყუვდნენ – მათი დაცემებითა და სიძნელეებით ღმერთმა თავისი განგება განახორციელა.

ახალ აღთქმაში ქრისტე „წესიერ ხალხს“ საოცარ სიტყვებს ეუბნება: „მებაჟეები და მეძავები უმალ შევლენ ცათა სასუფეველში“ (მათე. 21, 31–32). ეს სიტყვები ხშირად იმ გაგებით ესმით, რომ ეს ადამიანები, მთელი თავისი გარეგნული წესიერებით, მებაჟეებსა და მეძავებს არაფრით ჯობიან და მართალიც არის. ეს სიტყვები, ასევე, იმ გაგებითაც ესმით, რომ უფალი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, სასუფეველში წარსულის ცოდვების სიმძიმეს მნიშვნელობა არ აქვს, აქ მხოლოდ უსაზღვრო მიტევება და განღმრთობაა. მაგრამ ამ სიტყვებში იმ ოთხი ქალის ცხოვვრებისეული ისტორიაც ისმის, რომელთა შესახებაც მათე მახარებელი საუბრობს და ღმერთის სიყვარულის სიღრმესა და სიდიადეს გვიჩვენებს: იქ სადაც, „წესიერი“ ადამიანი გარეგნულ წესიერებასა და ადათებს მისდევს, უარყოფილმა ცოდვილმა მოულოდნელად შეიძლება ყველაფერი დატოვოს და ჭეშმარიტებას, ქრისტეს ჯვარზე გაჰყვეს…

© ი. კაზარიანი. სტატია, 2018

Post Author: tomatodua