ძველი წარმართული მესოპოტამური სამართლებრივი ძეგლებიდან ძველ აღთქმაში საკანონმდებლო სესხების შესახებ

ჩვენს ერთ-ერთ წინა სტატიაში [1] ბიბლიაზე ძველი მესოპოტამური ძეგლების გავლენის შესახებ ვწერდით. კერძოდ, ჰამურაბის კანონებს შევეხეთ. ამ კანონების მოკლე ისტორია და აბრაამის საოჯახო დავის მაგალითზე მათი გავლენა ვაჩვენეთ. ამ მაგალითმა კარგად აჩვენა, რომ ისეთი მესოპოტამიელი მართლებიც კი, როგორებიც იყვნენ ყოფილი წარმართები აბრაამი და სარა, ჰამურაბის მესოპოტამური კანონმდებლობის ნორმებს იცავდნენ. მესოპოტამიიდან მოშორებით ყოფნის დროსაც კი აბრაამი და სარა ფორმალურად მისდევდნენ ამ სამართალს და თავის ოჯახურ პრობლემებსაც ამ სამართლის მიხედვით წყვეტდნენ. ეს გასაკვირი როდია, რადგან მესოპოტამური ძეგლები ახლო აღმოსავლეთში ერთადერთ საკანონმდებლო ნიმუშს წარმოადგენდნენ, რომელთა მეშვეობითაც სოციალური პრობლემები წყდებოდა, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.

აბრაამისა და სარას მაგალითი ბიბლიაში ერთადერთ არაა. ჩვენთვის ცნობილია წმინდა წერილში ბევრი ამგვარი სესხების შესახებ, რაც მოწმობს, რომ მესოპოტამური სამართლებრივი ძეგლებიდან სესხებას ჰქონდა ადგილი ან ისინი ნიმუშს წარმოადგენდნენ. იმავე სტატიაში [2] ჩვენ ლაგაშის კანონმდებლობის შესახებაც ვწერდით (შუმერული ქალაქ-სახელმწიფო ლაგაშ). ლაგაშის ისტორიიდან ცნობილია მეფე ურინიმგინა (XXIV ს. ჩვ.წ.აღ.-მდე), რომელმაც ნინგირსის, ბაბისა და სხვა ღვთაებების მიწები მეფის საკუთრებიდან ტაძარს გადასცა. ურინიმგინა, რეფორმების გატარებისას, ღვთაების ნებას ასრულებდა, ნინგირსუს სიტყვებს მიჰყვებოდა. წარწერა გვამცნობს: „ლაგაშის მკვიდრნი გადასახადებისგან … ქურდობის, მკვლელობისა და პატიმრობისგან იხსნა … რათა ღატაკი (და) ქვრივი ძლიერ ადამიანს არ მიბარებოდნენ. ურუკაგინამ ეს შეთანხმება ღმერთ ნინგირსუსთან დადო“. აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ეს იდეა, თითქმის ასეთივე სიტყვებით, ძველი აღთქმის წიგნში – გამოსვლაში – გვხვდება: „ობოლს და ქვრივს ნუ შეავიწროვებთ“ (გამ. 22, 22). აქვე ავღნიშნავთ, რომ როგორც მეფე ლაგაშის ღმერთ ნინგირსუსთან შეთანხმება, ასევე, ღმერთის ძველ აღთქმისეული კანონი, რომელიც მან ისრაელს დაუწესა წარმოადგენენ ღვთაებასა და მმართველს შორის დადებულ შეთანხმებას. გამ. 22, 22-ის თანასწორობის პრინციპის უზენასეობა მესოპოტამურ „შულგას კანონებშიც“ კარგად ჩანს. შულგა ურნამას, შუმერული ურის მესამე დინასტიის დამაარსებლის (XXI ს. ჩვ.წ.აღ.-მდე) შვილი იყო. შულგას კანონებში ნათქვამია: „… ობოლი მდიდარს არ გადაეცემოდა, ქვრივი ძლიერის ხელში არ გადადიოდა“. შულგას კანონების 29 პარაგრაფია შენარჩუნებული. §10 თანახმად, ჯადოქრობის ბრალდება ორდალიით მოწმდებოდა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი დამნაშავის ქონება ბრალმდებელს გადაეცემოდა. მოსეს რჯულიც დაუნდობელია ჯადოქრობის მიმართ: „ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო“ (გამ. 22, 18). თუმცა, აღსანიშავნია, რომ მოსეს რჯული ბრალეულობის გამოვლენის პროცედურას არ იძლევა; ის ცდილობს შეზღუდოს ამგვარი ბრალდებების ბოროტად გამოყენება: „განერიდე ტყუილს და ნუ მოაკვდინებ უდანაშაულოსა და მართალს, რადგან ურჯულოს არ გავამართლებ“ (გამ. 23, 7)

მესოპოტამიის ქალაქ ეშნუნის კანონმდებლობაც შეიცავს ძველ აღთქმისეულ პარალელებს. „ეშნუნის კანონები“ ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი კანონებია აქადურ ენაზე. ჩვენამდე ამ კანონმდებლობის 60 სტატიამ მოაღწია. კანონმდებლობის თანახმად, ცოლის ღალატი, გათხოვილი ქალის გაუპატიურება, ბავშვის მოტაცება და ღამით ქურდობა სიკვდილით ისჯებოდა. საინტერესოა, რომ მოსეს რჯულიც სიკვდილით სჯის მრუშს (რჯლ. 22, 22), დანიშნულ ქალზე მოძალადესა (რჯლ. 22, 23-25) და ისრაელიტის გატაცებას (გამ. 21, 16). ღამით ქურდობის შემთხვევა გამოსვლის წიგნში უფრო დეტალურადაც განიხილება. ღამის ქურდის მოკვლა მკვლელს ბრალად არ ედებოდა, დღის ქურდის მკვლელობა კი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა (გამ. 22, 2-3).

ჰამურაბის კანონებსა და ძველი აღთქმის კანონმდებლობაზე საუბრისას მათ შორის კიდევ უფრო პირდაპირი პარალელებიც არის აღსანიშნავი (ზოგადად კი პარალელი ბევრია). ჰამურაბის კანონები მოსეს ხუთწიგნეულთან შინაარსითა და ფრაზეოლოგიით ახლოს დგას. ჰამურაბის კანონების  §§ 195-197, 200 – ში ნათქვამია: „თუ ძემ მამას დაარტყა, მას ხელი უნდა მოაჭრან. თუ ადამიანმა სხვის შვილს თვალი ამოსთხარა, მასაც თვალი უნდა ამოთხარონ. თუ ძვალი გაუტეხა ვინმეს, მსასც ძვალი უნდა გაუტეხონ… თუ ადამიანმა მის თანაბარ ადამიანს  ძვალი ამოუგდო, მას კბილი უნდა ამოუგდონ“.  ძველი აღთქმის კანონმდებლობაშიც გამოიყენება თანაბარი მიგების პრინციპი: „თუ ზიანი მიადგა, მიეცი სული სულის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ, დამწვრობა დამწვრობის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ, დაბეჟილობა დაბეჟილობის წილ“ (გამ. 21, 23-25).

ძველი აღთქმის შესწავლაში მნიშვნელოვანია დოკუმენტები (ფირფიტები), რომლებიც არქეოლოგებმა ძველი ხურიტული ქალაქის, ნუზის, ტერიტორიაზე აღმოაჩინეს (ერაყში, კირკუკის ახლოს მდებარე იორგან-თებეს ნაქალაქარი). ეს ქალაქი ჩრდილოეთ მესოპოტამიაში მდებარეობდა, ანუ იმ რეგიონში, სადაც დიდ ხანს მკვიდრობდა აბრაამი. ამ რეგიონთან მისმა შთამომავლებმაც შეინარჩუნეს ურთიერთობა. ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან იყო ისააკის ცოლი; იქვე იცხოვრა იაკობმა ოცი წელი. დაბადების წიგნში ჩვენ ვხვდებით შვილად აყვანის წესს, რომელიც ძველ კანონებში ხშირად არის ნახსენები. მე-15 თავში აბრაამი ჩივის, რომ უფალმა არ მისცა მას შთამომავლობა და მისი მემკვიდრე მისი მოსამსახურეა. ნუზის ტექსტები მოწმობენ შვილად აყვანის (მონისაც კი) პრაქტიკას. შვილობილს მემკვიდრეობად ერგებოდა ახალი მშობლების ქონება, თავის მხრივ კი მას მათზე უნდა ეზრუნა, მათი ქონება უნდა განეკარგა და მათი გარდაცვალების შემდეგ მოსახსენებელი წესები აღესრულებინა. სპეციალური შეთანხმებები სადაო სიტუაციებს არეგულირებდა იმ შემთხვევაში, თუ უშუალო მემკვიდრეები გაჩნდებოდნენ. მოვიყვანოთ ამ სახის რამოდენიმე ტექსტი. ცნობილია წარწერა შვილად აყვანის ცნობით, რომელიც ეხელთეშაფს, ფუხიას ძეს, ეკუთვნის. მან ზიგი, ვინმე აკუიას ძე, იშვილა: „ამიტომ ჩემი მიწები, სახლები, შემოსავლები და მონები, ჩემი ქონების ერთი (ნაწილი) ზიგის გადავეცი. თუ ეხელთეშაფს (თავისი) შვილები ეყოლება, ისინი ორმაგ წილს მიიღებენ, ზიგი კი მეორე იქნება; თუ ეხელთეშაფს მემკვიდრე არ ეყოლება, ზიგი (მთავარი) მემკვიდრე იქნება… სანამ ეხელთეშაფი ცოცხალია, ზიგი მას უნდა ემსახუროს, მის სამოსზე უნდა იზრუნოს“. მეორე წარწერის მაგალითი: „შურიხა-ილუ შენიმასთან დებს ხელშეკრულებას. თავისი მიწებისა… (და) შემოსავლების შენიმას ერთ (ნაწილი) მისცა. თუ შურიხა-ილუს ძე ეყოლება, ის, როგორც მთავარი (შვილი), ორმაგ წილს მიიღებს, შენიმა კი მეორე იქნება და თავის კუთვნილ წილს მიიღებს. სანამ შურიხა-ილუ ცოცხალია, შენიმამ მას თაყვანი უნდა სცეს. როდესაც შურიხა-ილუ მოკვდება, შენიმა მისი მემკვიდრე გახდება“. არის კიდევ ერტი სახასიათო მაგალითი. ეს არის წარწერა, რომელზეც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საოჯახო კერპების გადაცემას: „მან (ნაშვიმ) ვულუ, ფუხიშენის ძე, იშვილა. სანამ ნაშვი ცოცხალია ვულუმ ის საკვებითა და სამოსით უნდა მოამარაგოს. როდესაც ნაშვი მოკვდება, ვულუ მისი მემკვიდრე გახდება. თუ ნაშვის ძე ეყოლება, ის ქონებას ვულუსთან თანაბრად გაიყოფს, მაგრამ ნაშვის ძემ ნაშვის ღმერთები უნდა აიღოს. თუ ნაშვის ძე არ ეყოლა, მის ღმერთებს ვულუ წაიღებს“. ამ ტექსტიდან ჩანს, მემკვიდრეობის უფლების გადაცემის ნიშანი იყო ღმერთების გადაცემა. ამიტომ, როდესაც ბიბლიაში იაკობისა და ლაბანის ურთიერთობის შესახებ ვკითხულობთ,  ზოგიერთი სპეციალისტი პირდაპირ ამბობს, რომ ლაბანმა იაკობი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. როდესაც ლაბანს საკუთარი შვილები შეეძინა, იოაკობის მდგომარეობა შეირყა და მან თავისი ქონებით ქანაანში დაბრუნება გადაწყვიტა. ამ მხრივ გასაგები ხდება რაქელი უცნაური საქციელი, რომელმაც თავის მამას კერპები მოპარა. ამით მას სურდა, თავისი ქმრის ლაბანის (თავისი მამის) ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება გაემყარებინა.

ნუზის საკანონმდებლო ტექსტები პირდაპირ გვეუბნება იმ შემთხვევებზე, როდესაც ადამიანი ვაჟს იშვილებდა და შემდეგ მას თავის ქალიშვილს მიათხოვებდა. ასეთ შემთხვევაში დაქორწინებამდე ვაჟი თავის ახალ მამას ემსახურებოდა გარკვეული პერიოდი და მას სხვა ქალზე ქორწინება ეკრძალებოდა. ეს პირდაპირ შეესაბამება ბიბლიურ თხრობას იაკობისა და მისი ბიძის, ლაბანის, ქალიშვილებზე ქორწინების შესახებ (დაბ. 29, 16-30; 31, 50). კიდევ ერთი ნაპოვნი  ფირფითის თანახმად, მამამ თავის ვაჟზე გოგო დანიშნა იმ დათქმით, რომ თუ ვაჟი მოკვდებოდა, ქალი გარდაცვლილის ძმის ცოლი გახდებოდა. იგივე სიტუაციაა იუადასა და თამარის შესახებ ბიბლიურ თხრობაში. იუდამ თამარი ირს, თავის პირველ ძეს, მიათხოვა; ირის სიკვდილის შემდეგ კი თავის მეორე ძეს ონანს (დაბ. 38, 6-8). ბიბლიაში ეს წესი დაკანონებულია (რჯლ. 25, 5-10). საინტერესოა, რომ ნუზის მკვიდრთათვის სიკვდილის წინ მამის დარიგებას უდიდესი ავტორიტეტი და ფაქტიურად იურიდიული ძალა ჰქონდა. ასეთივე ხასიათის იყო სიტყვები, რომლებსაც სასიკვდილო სარეცელზე ბიბლიური პატრიარქები წარმოთქვავდნენ (დაბ. 27, 33; 49). ამრიგად, დაბადების წიგნი მოწმობს, რომ ებრაელთა წინაპრები ცხოვრობდნენ ისეთ გარემოში, რომელშიც ძველი მესოპოტამური კანონმდებლობის ნორმები მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ ხუთწიგნეულის ღვთივშთაგონებული ავტორი ისე იყენებდა არაბიბილიურ კანონმდებლობას, რომ ბიბლიური პრიორიტეტები აესახა. ბიბლიურ კანონმდებლობას განსაკუთრებული იდეური მნიშვნელობა გააჩნია – მისი განმარტება განსხვავდება მესოპოტომაიური საკანონმდებლო ტექსტებისგან. მათ შორის ბევრი მსგავსებაა, მაგრამ ასევე ბევრი იდეურ-აზრრობრივი განსხვავებაც. ძველი მესოპოტამიის საკანონმდებლო ძეგლები, ისევე, როგორ ხუთწიგნეულის, იმ განსაკუთრებულ როლს მოწმობს, რომელსაც ძველ საზოგადოებაში კანონები თამაშობდნენ. კანონების დიდი მნიშვნელობა მათი ღვთაებრივი წყაროს იდეიდან გამომდინარეობდა. თავისი კანონების ეპილოგში ჰამურაბი ამბობს: „მე ვარ ჰამურაბი, სამართლიანობის მეფე, რომელსაც შამაშმა სიმართლე მიანიჭა!“. ხუთწიგნეულშიც მუდამ ხაზგასმულია მოსეს მიერ რჯულის საღვთო წარმომავლობა: „აი, მე გასწავლეთ თქვენ დადგენილებები და კანონები, როგორც უფალმა, ჩემმა ღმერთმა, მიბრძანა!“ (რჯლ. 4, 5). თუმცა, ხუთწიგნეულში კანონმდებლობის საღვთო წარმომავლობის იდეამ სრულიად სხვაგვარი განვითარება ჰპოვა, ვიდრე მესოპოტამურ კანონმდებლობაში. გარეგნული მსგავსების მეშვეობით კიდევ უფრო კარგად შეიძლება განსხვავების დანახვა.

მესოპოტამიაში ღვთაება არ არის კანონების შემოქმედი, არამედ ის მხოლოდ მართლმსაჯულების მფარველია. ამ გაგებით, კანონი წარმოგვიდგება, როგორც კოსმოსური ჭეშმარიტება, რომელიც ღვთაებაზე მაღლა დგას. ასე მხოლოდ თეორიაში იყო,  საქმეზე კი მიწიერი კანონმდებელი კანონის წყაროდ და ნამდვილ ავტორად მიიჩნევდა თავს. თავისი კანონების ეპილოგში ჰამურაბი ამბობს: „მე ვარ მეფე, მეფეთა შორის დიადი; ჩემი სიტყვები რჩეულია, ჩემმა სიბრძნემ კი თანატოლი არ იცის… მეფე, რომელიც იმეფებს ქვეყანაში, დაე ინახავდეს სამართლიან სიტყვებს, რომლებიც მე ჩემს სტელაზე ამოვკვეთე; ნუ უარყოფს ჩემს ბრძანებებს… თუ ეს ადამიანი პატივს არ მიაგებს ჩემს დადგენილებებს, რომლებიც ჩემს სტელაზე ამოვკვეთე, მოიძულებს ჩემს წყევლებს, არ შეუშინდება ღმერთების წყევლას და გააუქმებს ჩემს კანონებს, რომლებიც მე დავადგინე, ჩემს სიტყვებს დაამახინჯებს, შეცვლის ჩემს დადგენილებებს, წაშლის ჩემს სახელს და დაწერს თავისას… დაე, დიდმა ანუმმა, ღმერთების მამამ, რომელმაც ძალაუფლებისკენ მომიწოდა, განაშოროს მას მეფური შარავანდედი, დაამსხვრიოს მისი სკიპტრა, დაწყველოს მისი ბედი“. ამგვარად, თუმცა კი კანონები კოსმოსურ პირველსახესთან გაკრვეულ შესაბამისობაშია, კანონების დადგენის ბრძანება კი ღვთაებისგან მოდის, რეალურ ისტორიულ სიტუაციაში კანონებს მეფე გამოხატავს; მეფეს გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება მათი გამოყენების შესახებ, კანონები მისი ავტორიტეთი არის სანქციონირებული. ამიტომ მესოპოტამური სამართლებრივი ნორმები მეფეს, როგორც კანონების შემოქმედს, შეწყალების უფლებას ანიჭებს, რაც ხუთწიგნეულისთვის უცხოა. ხუთწიგნეულში კანონი შემოქმედი ღმერთის ნებას ეფუძნება. ამასთან, ღმერთმა უბრალოდ კი არ დაადგინა კანონები, მას თავად კანონის ფორმულირებაც ეკუთვნის. ხუთწიგნეულში კანონები პირველი პირით გამოითქმის. ეს ღვთის სიტყვაა და არა ადმიანის. ამით იხსნება ბიბლიაში საკრალური და სამოქალაქო სამართლის ერთობა.

ასეთი იდეური განსხვავებები სხვა სამართლებრივ საკითხებშიც არსებობს. მესოპოტამური სამართალი ღალატის შემთხვევაში ცოლის დასჯის თუ შეწყალების გადაწყვეტილებას ქმარს ანდობს. ჰამურაბის კანონების §129 თანახმად, თუ ქმარი თავის ცოლს ღალატს აპატიებს, მაშინ მეფე ცოლის საყვარელს აპატიებს. ეს კანონი ქმრის უფლებას იცავს. ბიბლიური დადგენილებები ამ საკითხში არავითარ შეწყალებას არ ითვალისწინებენ. ლევ. 20, 10 და რჯლ. 22, 22-23 მსგავს დანაშაულს სიკვდილით სჯის. ამ შემთხვევაში ღალატი არ არის უბრალოდ ქმრისთვის მიყენებული ბოროტება – ეს არის ღვთის წინაშე ცოდვა, რომელმაც მრუშობა აკრძალა. მრუშობის ასეთი ხედვა სხვადასხვა ბიბლიურ ეპიზოდებშია ასახული (დაბ.20, 6; დაბ. 39, 8; ფსალ. 50, 6). თუმცა, რიცხ. 5, 12-ში მრუშობა ქმრისთვის ღალატიც ეწოდება.

მესოპოტამური და ბიბლიური განსხვავებები ფასეულობათა სისტემაში საფუძვლიანი განსხვავებებით აიხსნება. ბიბლიური თვალსაზრისით ადამიანი ღვთის ხატია და მიწიერი ქმნილების იერარქიაში მას უმაღლესი საფეხური უკავია. ბიბლიურ აქცენტს ადამიანზე, როგორც ღვთის ხატზე უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, მესოპოტამური სამყაროსგან განსხვავებით. ადამიანს არ ეკრძალება ცხოველების მოკვლა საკვებად და მსხვერპლშეწირვისათვის (ლევ. 17, 4), მაგრამ თუ ცხოველი კლავს ადამიანს, ის ამით ღვთის ხატს ანგრევს. ასეთ შემთხვევაშ ცხოველი უნდა დაისაჯოს, მისი ხორცი კი საკვებად არ გამოიყენება – ის, როგორც ცოდვით შებღალული, ზიზღს იწვევს. ბიბლია ადამიანის მკვლელობის მიმართ შეუვალად მკაცრია, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისადმი კი მომთმენია. ადამიანის სიცოცხლე უნიკალურია, ის ფასდაუდებელია, მისი დაკარგვა ვერაფრით ანაზღაურდება. მესოპოტამური კანონმდებლობა, ბიბლიასთან შედარებით, უფრო მკაცრია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისადმი, ვიდრე მკვლელობისადმი. ეს განსხვავება იქიდან გამომდინარეობს, რომ მკვლელობის შესახებ ბიბლიურ სამართლებრივ ნორმებს საფუძვლად რელიგიური შეფასება უდევს, მესოპოტამურ ნორმებს კი ეკონომიკური და პოლიტიკური შეფასება.

____

[1] იხ. https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2018/06/25/hamurabis-kanonebis-roli-abraamis-ojaxur/

[2] იხ. იქვე.

გამ. ლიტ.: Акимов. В.В. Правовые памятники древней Месопотамии и Библия // Труды Минской дух. Семинарии. Жировичи, 2006. С.104-119; Обзор законов Древней Месопотамии. См.: История древнего мира. Ранняя древность. Отв. ред. И. М. Дьяконов. М., 1989. С. 99-108; Тураев Б. А. История Древнего Востока. Мн., 2002. С. 112.

© ი. კაზარიანი. სტატია, 2018

Post Author: tomatodua