ეგრეთ წოდებული აგრაფები ანუ აგრაფა (ბერძნ. ἄγραφα – „დაუწერელი“) იესო ქრისტეს გამონათქვამებია (ლოგიები), რომლებიც ოთხ კანონიკურ სახარებაში არ შესულა, არამედ ისინი ზეპირად გადაეცემოდა და ადრეული ქრისტიანი აპოლოგეტების მიერ ჩაიწერა, რაც ეკლესიის გადმოცემას შეესაბამებოდა. აგრაფები ჩვენამდე მოღწეულ ზოგიერთ აპოკრიფულ სახარებაში, ოფიციალურ საეკლესიო ლიტურგიკულ-კანონიკურ ძეგლებში და სხვა ძველ წყაროებში გვხვდება. ტერმინი „აგრაფები“ პირველად ლეიპციგელმა პროფესორმა ი. კერნერმა შემოიღო წიგნში „იესოს დაუწერელ გამონათქვამებზე“ (De sermonibus Christi agraphois. Lpz., 1776). პროფესორმა 16 აგრაფი გამოიკვლია. ამ ტერმინით ი. კერნერი მოწმობდა, რომ ადრეულ ეკლესიაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქრისტეს გამონათქვამების ნაწილი მხოლოდ ზეპირი ტრადიციით გადაეცემოდა. დროთა განმავლობაში, აღნიშნული საკითხის კვლევისას აგრაფების რაოდენობამ იმატა. თუმცა, ზოგიერთი წყაროს საეჭვოობის გამო მკვლევრებისთვის რთული აღმოჩნდა ქრისტეს ნამდვილი აგრაფების ზუსტი რაოდენობის დადგენა. უდავოა, რომ ადრეული ეკლესიის წმინდა მამებმა იცოდნენ ქრისტეს ზოგიერთი (ნამდვილი) ლოგიის შესახებ, რადგან მათ ისინი გადმოცემით მიიღეს უფრო ადრეული ხანის მამათა და მოძღვართაგან. ამ მამათაგან ერთ-ერთი იუსტინე მარტვილი იყო († 165 წ.), რომლის ერთ-ერთი თხზულებაში ერთ ასეთ აგრაფს ვხვდებით. ამგვარი აგრაფის წმ. იუსტინეს თხზულებაში არსებობა მისი ბიოგრაფიული მონაცემებით მყარდება. ცნობილია, რომ წმ. იუსტინე ქალაქ ფლავია ნეაპოლისში (ამჟამად, ისრაელის ქ. ნაბლუსი) დაიბადა ქრისტეშობიდან დაახლოებით 100 წელს. ასევე ვიცით, რომ პალესტინის სირია (Syria Palaestina) იმ ისტორიულ ხანაში (სადაც მდებარეობდა ფლავია ნეაპოლისი) რომის იმპერიის პროვინცია იყო. წმ. იუსტინე წარმართი იყო. მან კლასიკური განათლება მიიღო, რაც ფილოსოფიის ბრწყინვალე ცოდნას გულისხმობდა. მაგრამ წამების წინაშე ქრისტიანთა სიმტკიცემ წმ. იუსტინეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისი მოქცევის კუთხით (იგი, სავარაუდოდ, რომაელებთან მეორე იუდეველური ომის დაწყებამდე, 132-135 წლებში, მოიქცა, რომელიც წმ. იუსტინემ „ტრიფონ იუდეველთან დიალოგში“ ახსენა (იხ. Iust. Martyr. Dial. 1. 3; 9. 3): „მე თვითონაც, როდესაც ჯერ კიდევ პლატონის სწავლებით ვტკბებოდი, როდესაც მესმოდა, როგორ ლანძღავენ ქრისტიანებს და ვხედავდი, როგორ უშიშრად ეგებებიან სიკვდილს და ყოველივეს, რაც საშინელებად აღიქმება, შეუძლებლად მივიჩნიე, რომ ისინი მანკიერებასა და გარყვნილებას მისდევდნენ“ (II Apol. 12. 2). ამგვარად, წმ. იუსტინეს ქრისტიანად ჩამოყალიბება ჯერ კიდევ პალესტინაში დაიწყო [1]. ამრიგად, წმ. იუსტინეს წმინდა მიწის ქრისტიანულ თემთან, საიდანაც ეკლესიის ცოცხალი გადმოცემა იღებდა სათავეს, ტერიტორიული სიახლოვე სავსებით დადასტურებულია.
წმ. იუსტინე ფილოსოფოსი თავის ცნობილ „ტრიფონ იუდეველთან დიალოგში“ (Dialogus cum Tryphone) წერს: „არავითარი ხსნა, ჩემი აზრით, არ არის მათთვის, ვინც ის იწამეს და ქრისტედ აღიარეს და [შემდეგ] რაიმე მიზეზით იუდეველური რჯულისკენ მიიქცნენ, ქრისტე უარყვეს და სიკვდილამდე არ მოინანიეს. ვერც ისინი ცხონდებიან, ვინც დაბადებით აბრაამის მოდგმისანი არიან, რჯულის თანახმად ცხოვრობენ და თავის აღსასრულამდე არ იწამეს ეს ქრისტე, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ამ ქრისტეს მორწმუნეებს წყევლიდნენ და წყევლიან, რომელთაც ქრისტე იწამეს, რათა ცხონდნენ და ცეცხლის სასჯელს თავი დააღწიონ. ღვთის წყალობის კაცთმოყვარეობა და უზომო სიმდიდრე , იეზეკიელის თანახმად, ცოდვების მონანულს, როგორც მართალსა და უცოდველ მიიღებს; ხოლო მას კი, ვინც სიმართლისა და კეთილმსახურებისგან უკეთურებასა და ურჯულოებისკენ მიიქცევა – ცოდვილად, უკეთურად და ბიწიერად აღიარებს. ამიტომ თქვა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ: „რაშიც გპოვებთ, იმაშივე განგსჯით“ (თ. 47). ეს აზრი – „რაშიც გპოვებთ, იმაშივე განგსჯით“ – წმ. იუსტინე მოწმობით ქრისტეს ერთ-ერთი ლოგიაა. უნდა ითქვას, რომ ეს აზრი სახარების სულისკვეთებას ეთანხმება და თავად მაცხოვრის სიტყვებთან სრულ აზრობრივ თანხმობაშია: „მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე. 24, 42). ამით მაცხოვარს სურს, რომ ჩვენი ცხონების საქმეში დაუდევარნი არ ვიყოთ, არამედ კეთილმსახურებაში ვიცხოვროთ, ყოველთვის მზად ვიყოთ მასთან შესახვედრად და სამსჯავროს წინაშე წარსადგომად. საინტერესოა, რომ მეორე მსგავსი აზრი ისევ მათეს სახარებაში, ცხრა ქალწულის იგავში გვხვდება (მათ. 25, 1-13). ამგვარად, წმ. იუსტინეს ტექსტში მოყვანილი ქრისტეს ლოგიის და ცხრა ქალწულის შესახებ მაცხოვრის იგავის შინაგანი, აზრობრივი ერთობა – ცხადია.
_____
[1] წმ. იუსტინე ქრისტიანობაში საბოლოო მოქცევა ერთ ქრისტიან ხუცესთან შეხვედრის შემდეგ მოხდა. ევსები კესარიელის თანახმად ეს შეხვედრა მცირე აზიის ეფესოში მოხდა (Euseb. Hist. eccl. IV 18. 6), თუმცა მკვლევარი ბ. ბაგატი ამ საუბრის ადგილად პალესტინის კესარიის მიდამოებს მიიჩნევს (Bagatti B. San Giustino nella sua patria // Augustinianum. R., 1979. Vol. 19. № 2. P. 322).
© ი. კაზარიანი. სტატია, 2015