ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ იუდეველური პარალელების შესახებ, რომლებიც ახალ აღთქმაში – მოციქულთა ეპისტოლეებსა და ჩვენი უფლის, ისეო ქრისტეს, სახარებისეულ ქადაგებაში გვხვდება [1]. ასევე, არაერთხელ ავღნიშნეთ, რომ მოციქულები და თავად მაცხოვარი ძველ აღთქმისეულ მწერლობასა და იუდეველურ ზეპირ გადმოცემას მიმართავდნენ, რათა მათი ქადაგება ავტორიტეტული ყოფილიყო იუდეველებისთვის. ახალი აღთქმის ტექსტოლოგიური ანალიზიც იგივეს ადასტურებს. საუბარია ახალი აღთქმის იმ წერილებზე, რომლებიც იერუსალიმის (იუდეო-ქრისტიანებისგან შემდგარი) ეკლესიის წიაღში შეიქმნა, რომლის მწყემსმთავარი იაკობ მოციქული იყო. ეს ყოველივე ქრისტეს ზეპირი ქადაგების წერილობითი ფიქსაციის იუდეველურ სინაგოგალურ-თარგუმისეულ (თარგმნა-ინტერპრეტაციის) პრინციპს ადასტურებს.
საუბარი ეხება პეტრე მოციქულის ზეპირი ქადაგების წერილობით ფიქსაციას, რომელიც მარკოზმა განახორციელა, ანუ საუბარია მარკოზის სახარებაზე. ცნობილი რომაელი ისტორიკოსის, ევსები კესარიელის წყალობით, ჩვენამდე მოაღწია ორმა ფრაგმენტმა, რომლებშიც სახარებების შექმნასთან დაკავშირებით მათე და მარკოზი არიან ნახსენები. ევსები წერს ეპისკოპოს პაპიუს იერაპოლელზე (+ 155/165), იოანე ღვთისმეტყველის მოწაფეზე, რომლისგანაც მოაღწია ჩვენამდე ხსენებულმა ორმა ფრაგმენტმა. პირველ ფრაგმენტში (იხ. ევსები კესარიელი. Hist. Eccl. III, 39, 15) პაპიუსი მარკოზსა და პეტრე მოციქულს შორის მჭიდრო კავშირს გვიჩვენებს: „მარკოზი პეტრეს მთარგმნელი იყო. მან ზუსტად ჩაიწერა ყველაფერი, რაც უფლის სიტყვებისა და საქმეთაგან დაიმახსოვრა, მაგრამ არათანმიმდევრულად ჩაწერა, რადგან თავად არ სმენია უფლისა და არ დადიოდა მასთან. მოგვიანებით, იგი ახლავდა პეტრეს, რომელიც გარემოებებიდან გამომდინარე ასწავლიდა და არ ისახავდა მიზნად ქრისტეს სიტყვები თანმიმდევრულად გადმოეცა. მარკოზმა ყველაფერი ისე ჩაიწერა, როგორც სმენია – მისი საზრუნავი იყო, არაფერი გამოეტოვებინა ან არასწორად არ გადმოეცა“. მეორე ფრაგმენტში (Hist. Eccl. III, 39, 16) ნათქვამია: „მათემ იესოს სოტყვები ებრაულად ჩაიწერა; ვის როგორც შეეძლო, ისე თარგმნიდა“. მეორე ფრაგმენტში პაპიუსი თითქოს აახლოვებს ორი სახარების შექმნას, რადგან ევსებიმ ეს აბზაცები (№15 და 16) ერთი მეორის მიყოლებით შემთხვევით არ განათავსა. ბიბლიის ბერძენი მკვლევარ ი. კარავიდოპულოსის თანახმად, სიტყვები – „მარკოზი პეტრეს მთარგმნელი იყო“ – შეიძლება ასეც გავიგოთ: „მარკოზი პეტრეს განმმარტებელი იყო (έρμηνευτής Πέτρου)“. ამ ასპექტს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მცირე კვლევისთვის [2].
იუდეველური თარგუმების (ებრ. תרגום – თარგმანი, ინტერპრეტაცია) წერილობით დაფიქსირებას (II ს. ჩვ. წ. აღ.) წინ უძღვოდა ზეპირი თარგმანისა ტრადიციის ხანგრძლივი პერიოდი. იუდეველური თარგუმებისთვის დამახასიათებელი განმარტებისა და ლიტერატურული გაფორმების ტექნიკური ილეთი შეიძლება გავიგოთ, როგორც სინაგოგაში დამკვიდრებული ძველი აღთქმის თარგმნის/ინტერპრეტაციის პრაქტიკის შედეგი (ივრითიდან არამეულზე, ანუ ენაზე, რომელიც ებრაელთა უმეტესობისთვის იყო გასაგები). აღნიშნულ პრაქტიკას თალმუდი ასე აღწერს: მკითხველი ერთ (თორის შემთხვევაში) ან სამ მუხლს (წინასწარმეტყველები) ივრითზე კითხულობს. შემდეგ თარგუმისტი–მთარგმნელი თარგმნა-ინტერპრეტაციას სთავაზობს ისე, რომ წაკითხული მუხლების (ტრაქტატი „მეგილა“ 32a) ორიგინალურ ტექსტში არ იხედება (მიდრაში თანხუმა „ვაიარი“ 5) (მკითხველს თარგმნაც ეკრძალება და მთარგმნელისთვის კარნახიც, „რომ არ თქვან, რომ თორაში თარგმანია ჩაწერილი“). ამგვარი იყო ძველი აღთქმის ტექსტების თარგმნა/ინტერპრეტაციის მეთოდი (იუდეველების უმეტესობას მხოლოდ არამეული ენა ესმოდათ). სახარებისა და იუდეველურ პარალელებზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ მარკოზის თხრობა (მათესთან შედარებით) განვრცობილია სინაგოგალური მთარგმნელობით-თარგუმული ტექნიკის მეშვეობით. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ პეტრე მოციქული, ქადაგებისას, გარდა თავისი მოგონებებისა, მათეს სახარებასაც მიმართავდა, რომელიც ებრაულად იყო დაწერილი (პაპიუს იერაპოლელი). უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ჯერ კიდევ იყო მათეს „პროტო-სახარება“ (ანუ, სულ სხვაგვარი ფორმის სახარება, ვიდრე ეკლესიაში მიღებული), რომლითაც პეტრე სარგებლობდა. ასეთი ვარაუდის საბაბს თავად პაპიუსი იძლევა – ის τά λόγια-ზე საუბრობს, ანუ ქრისტეს ებრაულ (έβραϊδι διαλέκτώ) „გამონათქვამებზე“, რომლებიც მათემ ჩაიწერა. ამგვარად, პირველი ქრისტიანები (იუდეო-ქრისტიანები) იესო ქრისტეს გამონათქვამების კრებულს კითხულობდნენ. მათეს სახარების ავტორობის საკითხს ჩვენ აქ არ განვიხილავთ, რადგან აქ საუბარია პროტო-სახარებაზე, ანუ τά λόγια-ზე, რომელიც წინ უძღვოდა მათეს სახარებას იმ ფორმით, რომელიც ის ძველ ეკლესიაში გავრცელდა. აღნიშნულ „პროტო-სახარებას“ (თავის მოგონებებეთან ერთად) ეყრდნობოდა პეტრე მოციქული.
იმის გათვალისწინებით, რომ მარკოზი პეტრეს მთარგმნელი იყო (პაპიუს იეროპოლელის თანახმად, ევსებისგან) და მისი სიტყვებიდან სახარება შეადგინა, პეტრე მოციქული კი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იერუსალიმის ეკლესიაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პეტრე მოციქული (და მარკოზიც, როგორც მთარგმნელი) ქრისტეს ზეპირი ქადაგების მოწოდებისა და თარგმნის სინაგოგალურ ნიმუშებზე იყო ორიენტირებული. პეტრე ქრისტეს თვითმხილველი იყო და მასთან ერთად ისრაელის სინაგოგებში დადიოდა (მაგ. მარკ. 1, 16–29, 39). პეტრეს, „იესო ქრისტეს მონას და მოციქულს“ (2 პეტრ. 1, 1), „ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს“ (1. პეტრ. 5, 1), რომელსაც „დახსნისა“ და „შეკვრის“ ძალაუფლება გააჩნია (მათე. 16, 19), თავისი ავტორიტეტით ზეპირ არამეულ თარგმანში (იუდეო–ქრისტიანებისთვის) შეეძლო ცვლილებების, შემოკლებების, შესწორებების, დამატებების შეტანა თავისი პირადი მოწმობის საფუძველზე, რაც შემდგომში მარკოზმა, „პეტრეს მთარგმნელმა“, ჩაიწერა.
თვალსაჩინოებისთვის მარკოზისა და მათეს სახარებების მხოლოდ რამოდენიმე პარალელს მოვიყვანთ. აღნიშნული სახარებების ტექსტოლოგიური ანალიზი ამტკიცებს, რომ მარკოზის სახარება განვრცობილია წმინდა წერილის თარგმნა-ინტერპრეტაციის სინაგოგალურ თარგუმული ტექნიკის გამოყენებით.
მათეს სახარება
|
მარკოზის სახარება |
ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა? (მათე. 13, 54) | ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით? (მარკ. 6, 2 ) |
ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა; დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე (21, 18-19)
|
ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე! და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა (მარკ. 11, 12-14)
|
და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას. რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო. ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და განიკურნა ქალი იმავე წამს (9, 20-22)
|
ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, – იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან. მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს? ხოლო მოწაფეებმა უთხრეს: ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო? იესომ მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი. მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა. ხოლო იესომ უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან (5, 25-34)
|
და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი (17, 2) | სამოსი მისი გახდა მოელვარე და ისეთი სპეტაკი, როგორც ვერცერთი მრეცხავი ვერაფერს გაასპეტაკებს ამ ქვეყნად (9, 3) |
გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას (17, 4) |
გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი – შენ, ერთი – მოსეს და ერთიც – ელიას. რადგან არ იცოდა, რა ეთქვა, ვინაიდან შეშინებულნი იყვნენ (9, 5–6) |
ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა და უთხრა მათ: ნურავის გაანდობთ ამ ხილვას, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგება მკვდრეთით (17, 9) |
ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა მათ, არავისთვის გაენდოთ ეს ხილვა, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგებთდა მკვდრეთით. მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებთდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა? (9, 9-10).
|
ზემოთ მოყვანილი მაგალითების თვალსაჩინოებისა და დამტკიცებისთვის მოვიყვანთ ერთ პარალელურ მაგალითს ივრითული დაბადების წიგნიდან და მისი არამეული თარგუმიდან.
ივრითული დაბადება. 3, 9-10 | არამეული თარგუმი იერუშალმი I |
დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ? მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე. |
მიმართა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა მას: განა მთელი სამყარო, რომელიც შევქმენი, ჩემს წინ არაა გადაშლილი – ბნელი, როგორც ნათელი? როგორ გაიფიქრე შენს გულში ჩემგან დამალვა? განა ადგილს, რომელშიც დაიმალე, ვერ ვხედავ? სად არის მცნებები, რომლებიც გამცნე? და თქვა მან: შენი სიტყვის (მემრა) ხმა გავიგე ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, ხოლო მცნებები, რომლებიც მამცნე, განვიშორე და სირცხვილის გამო დავიმალე. |
არამეულ მარკოზსა და იუდეველურ სინაგოგალურ თარგუმებს შორის არსებული ზემოხსენებული დაახლოებები (იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია უკანასკნელთა წერილობამდელ სტადიაზე) გვაფიქრებინებს, რომ ქრისტიანულ კრებებზე პეტრე რეციტირებისას (მათეს τά λόγια) წერილის კითხვის სინაგოგალურ პრაქტიკას იყენებდა, რასაც ზეპირი არამეული თარგმან-ინტერპრეტაცია ახლავდა.
შესაძლებელი მოვახდინოთ ქადაგებისა და მისი თარგმანის ტექნიკის რეკონსტრუქცია, ასევე, ივრითული მათეს „პროტო-სახარებისგან“ მარკოზის ზეპირ (პეტრესგან) არამეულ სახარებამდე, შემდეგ კი მარკოზის სახარების ბერძნულ თარგმანამდე (რომელიც შემდგომში მარკოზმა გადათარგმნა და ჩაიწერა) გადასვლის პროცესების რეკონსტრუქცია. ქრისტიანულ კრებაზე მათეს პროტო-სახარება იკითხებოდა, რომელსაც პეტრე მოციქულის არამეული ზეპირი თარგმნა-ინტერპრეტაცია ახლდა. პეტრე ასწავლიდა ისე, „როგორც ამას გარემოება მოითხოვდა“ (პაპიუს იერაპოლელი). პეტრე მოციქულის თარგმან-ქადაგებები მორგებული იყო ახალმოქცეული წარმართების საჭიროებას; პეტრეს ქადაგებები გამდიდრებული იყო ზეპირი გადმოცემითა და პირადი მოწმობებით. პეტრეს ამგვარი ქადაგებები მარკოზის სახარებას დაედო საფუძვლად, რომელსაც (წარმართთა საჭიროების გამო) თან ახლდა პეტრე მოციქულის მთარგმნელის, თანამგზავრის, მოწაფისა და სულიერი შვილის – იოანე-მარკოზის (1 პეტრე. 5, 13) სინქრონული ბერძნული თარგმანი. მარკოზ მოციქული პეტრეს ზეპირ ქადაგებას, სავარაუდოდ, რომში იწერდა, სადაც სახარების საბოლოო ვარიანტი შეადგინა.
ადრეული ქრისტიანი ავტორების მოწმობები ადასტურებს, რომ პეტრეს არამეული ქადაგება ბერძნულ ენაზე წერილობით რომში დაფიქსირდა (ახალ მოქცეული ქრისტიანებისთვის). ადრეული ქრისტიანი ავტორები მარკოზის სახარების დაწერას რომთან აკავშირებენ. იხ. „პროლოგი მარკიონის წინააღმდეგ“, წმ. ირინეოს ლიონელი (Adversus haereses, III, 1, 1; sec. Eusebium, Hist. Eccl. V, 8, 2-3), მურატორის კანონი (დაახ. 170 წ., რომი), კლიმენტი ალექსანდრიელი (Hypotyposeis VI, sec. Eusebium, Hist. Eccl. VI, 14, 6-7) და სხვ [3].
მოცემული სტატიით აღნიშნულ საკითხზე საბოლოო პასუხის გაცემას არ ვცდილობთ. სტატია მხოლოდ კიდევ ერთ მიმართულებას ხსნის საკითხის შემდგომი კვლევებისთვის, რომლებიც ბევრ ძალისხმევას მოითხოვენ…
_____
[1] იხ. ჩვენი სტატიები კატეგორიებში „ბიბლეისტიკა“ და „აპოლოგეტიკა“.
[2] იხ. И.Каравидопулос. Введение в Новый Завет. М., 2016. С. 110.
[3] მოცემული სტატიის წერისას ჩვენ გამოვიყენეთ ცნობილი ბიბლეისტისა და ლინგვისტის, სემიტური ენების სპეციალისტის, მღვდელ ლეონიდ გრილიჰესის მონოგრაფია – Археология текста (Сравнительный анализ Евангелий от Матфея и Марка в свете семитской реконструкции). М., 1999. მამა ლეონიდე თავის ნაშრომში ხსენებული ორი სახარების ტექსტოლოგიურ სხვაობას დაწვრილებით ხსნის, ისევე როგორც პეტრე მოციქულის ზეპირი ქადაგებისა და მარკოზის მიერ მისი ჩაწერის სინაგოგალურ პრინციპს.
© ი. კაზარიანი. სტატია, 2017