ენოქი, როგორც ახალ აღთქმისეული აპოკალიფტური წინასწარმეტყველი და ძველ იუდეველური აპოკრიფული პარალელები

მოციქული იოანე ღვთისმეტყველი გვაუწყებს: „მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი“ (გამოცხ. 11, 3) და აგრძელებს: „ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებე“ (გამოცხ. 11, 4–6); როდესაც აღასრულებენ თავიანთ წინასწარმეტყველებასა და მოწმობას, მაშინ „უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ“ (გამოცხ. 11, 7).

მოციქულის სიტყვების თანახმად, ანტიქრისტეს მოსვლის წინ ღმერთი ადამიანებს ორ მოწმეს მოუვლენს, რომლებიც ათას ორას სამოცი დღის მანზილზე იწინასწარმეტყველებენ. ეს ორი წინასწარმეტყველი ღვთის წინაშე იდგება ორი ზეთისხილისა და ორი სასანთლის მსგავსად და ღმერთისგან ისეთი ძალა მიენიჭებათ, რომ სასწაულებს მოიმოქმედებენ. მათ ღვთის ძალა  დაიცავს და თუ ვინმე განიზრახავს მათდამი ბოროტებას, სასტიკ სასჯელსა და სიკვდილს მოიწევს. როდესაც წინასწარმეტყველები მოწმობას აღასრულებენ, მხეცი, რომელშიც ანტიქრისტე მოიაზრება, შეებრძოლება, დაამარცხებს და მოკლავს მათ. წარწყმედის ძე მათ გვამებს „დიდი ქალაქის მოედანზე“ დაყრის, ქალაქისა, რომელშიც ჯვარს ეცვა უფალი (გამოცხ. 11, 8) და სხვადასხვა ქვეყნებისა და ტომების ხალხები სამნახევარი დღის მანძილზე უყურებენ მათ გვამებს და არ დამარხავენ მათ. ადამიანებს წინასწარმეტყველთა სიკვდილი გაახარებს და ისინი სიხარულის ნიშნად ერთმანეთს ძღვენს მიართმევენ (გამოცხ. 11, 10). სამნახევარი დღის შემდეგ ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს მკვდრეთით აღადგენს, რაც შიშს მოჰგვირს მათ მხილველებს. გაისმება ზეციური ხმა – „ამოდით აქ“ (გამოცხ. 11, 12) და ორი მოწმე მათი მტრების თვალწინ ღრუბლებზე ზეცად ამაღლდება. იმ დროს მოხდება დიდი მიწისძვრა, რომელიც ქალაქის მეათედ ნაწილს დაანგრევს და შვიდი ათასი კაცი ამოწყდება, დანარჩენები კი, მომხდარით განცვიფრებულნი, ღმერთს დიდებას მიაგებენ (გამოცხ. 11, 13).

იოანე მოციქულის ხილვა ღვთის ძის მოსვლის წინა დროს ნათლად გადმოგვცემს, მაგრამ ისმის კითხვა: ვინ არიან ღვთის მოწმენი, რომელთა სახელებსაც მოციქული არ ახსენებს? ვინ არიან წინასწარმეტყველნი, რომლებსაც ღმერთი ბოლოჟამს მოავლენს და რომლებსაც ანტიქრისტე მოკლავს? ამ კითხვაზე ეკლესიის მამები პასუხობენ, რომ ღვთის ორ მოწმეში უნდა ვიგულისხმოთ ილია ან ენოქ წინასწარმეტყველნი. ილია წინასწარმეტყველის შესახებ აზრს საფუძველი წმინდა წერილში უდევს. მალაქია წინასწარმეტყველი ღვთის სახელით ამბობს: „აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე. ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო“ (მალ. 3, 23–24). აქ, უფლის დღეში ღვთის ძის პირველად მოსვლას ვერ ვიგულისხმებთ, ილიაში კი იოანე ნათლისმცემელს, რადგან განკაცებული ლოგოსი დედამიწაზე პირველად იმისათვის მოვიდა, რომ ეცხოვნებინა ადამიანები და თავისი სული დაედო მათთვის; მოვიდა არა იმისათვის, რომ სამყარო განესაჯა, არამედ, რათა „სამყარო მის მიერ ცხონდეს“ (იოანე. 4, 17); მალაქიას სიტყვებში კი ღმერთი მსაჯულად და შურისმაძიებლად არის გამოხატული, რომელიც სასჯელის ღირსებს დასჯის; ღვთის ძე კი ასეთად მეორედ მოსვლისას მოგვევლინება, როდესაც მკვდართა და ცოცხალთა განსასჯელად მოვა. თუმცა სახარებაში ვხედავთ ამგვარ იგავურ პარალელს (ლუკა. 1, 17), მაგრამ აქ საუბარია იოანე ნათლისმცემელზე, რომ ის ღვთის წინაშე ილიას „ძალითა და სულით“ მოდის, ხოლო სამყაროს აღსასრულის წინ თვით ილია წინასწარმეტყველი მოევლინება წუთისოფელს საქადაგებლად (მათე 17, 11).

რაც შეეხება მეორე მოწმეს, რომელიც ქრისტეს დიდებით მოსვლის წინ მოგვევლინება, ანუ ენოქს, წმინდა მამების აზრი, ერთის მხრივ იესო ზირაქის ძის სიტყვებს ეფუძნება: „ენოქი მოეწონა უფალს და წაყვანილ იქნა, თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა“ (ზირ. 44, 16); მეორეს მხრივ კი პავლე მოციქულის სიტყვები: „ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა,“ (ებრ. 9, 27). ამიტომ, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ მეორე მოწმე, რომელსაც სამყაროს აღსასრულის წინ უზენაესი ღმერთი მოავლენს და რომელსაც მოკლავს ანტიქრისტე – ენოქია, რადგან მან ჯერ არ იხმია სიკვდილი, რადგან „დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა“ (დაბ. 5, 24). ყველა ადამიანს სიკვდილი უწერია, ეს ორი მართალი კი ჯერ კიდევ ცოცხალია, პავლე მოციქულის თანახმად კი „ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1 კორ. 15, 50). თუმცა წერილის ამ მოწმობებში არ არის პირდაპირი აზრი იმის შესახებ, რომ ენოქი ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ მოგვლევლინება. ასეთი აზრი წერილიდან ლოგიკურად მომდინარეობს, ხოლო პირდაპირ გამოთქმულია ერთ-ერთ ძველქრისტიანულ აპოკრიფულ ნაწარმოებსა და კიდევ უფრო ძველ იუდეველურ აპოკრიფულ წყაროში, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

აღსანიშნავია, რომ იუდეველთა წარმოდგენით ილიას დანიშნულებაა მესიას წინამორბედობა, რაც ილიას უჩვეულო ბედთან, ანუ მის ზეცად ცოცხლად აყვანასთან არის კავშირში. აქედან წარმოიშვა მოსაზრება, რომ მეორე ძველაღთქმისეული მართალი, ენოქი, რომელიც ღმერთმა ცოცხლად აიყვანა ზეცაში, ასევე, მოევლინება ქვეყანას მესიას მოსვლის წინ. ეს აზრი ქრისტიანულ მწერლობაში ცალსახად და გარკვევით არის გამოთქმული. პირველად ის ნიკოდიმეს აპოკრიფულ სახარებაში (თ. 25), შემდეგ კი მრავალ საეკლესიო მწერალთან გვხვდება (წმ. კირილე ალექსანდრიელი, წმ. ეფრემ ასური, ნეტ. ავგუსტინე, წმ. ანდრია კესარიელი და სხვ.). თუმცა, ეს აზრი პირველად ქრისტიანობამდელ ხანაში წარმოიქმნა. ენოქის მოვლინების მოლოდინი მისივე სახელით დასათაურებულ აპოკრიფულ იუდეველურ წიგნში გვხვდება, ანუ ენოქის წიგნში. აქ, ისრაელის სიმბოლურ ისტორიაში ნათქვამია, რომ სამსჯავროს დადგომის წინ ანგელოზები პატრიარქს ღვთის ერის წიაღში გადაიყვანენ (ენოქი. 90, 31). აქ აღწერილი მოვლენების ქრონოლოგია იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ენოქი მესიას მოსვლის წინ მოვა, რომლის შესახებაც სიმბოლურ ისტორიაშივეა საუბარი (ენოქი. 90, 37). ენოქის, როგორც მესიას წინამორბედის შესახებ აზრი შეიძლება იმ მიზეზითაც წარმოშობილიყო, რომ გვიანდელ იუდაიზმში ენოქისადმი (რომელიც ადამიდან მეშვიდე პატრიარქია) განსაკუთრებული პატივისცემა გაჩნდა, მისი ზეციური ცხოვრება და ღვაწლი კი ისრაელის ბედს მჭიდროდ დაუკავშირდა. თალმუდში პატრიარქ ენოქზე ფანტასტიური თქმულებებია ჩაწერილი და მას თითქმის ღვთაებრივი ძალები ენიჭება; ენოქის წიგნშიც ის ღმერთსა და დაცემულ ანგელოზებს შორის შუამავლად, „სიმართლის მწერლად“ წარმოგვიდგება, რომელიც ისრაელის ძეთა საქმეებს იწერდა (თ. 12); მის წინაშე ხილული და უხილავი სამყაროს საიდუმლოებები იხსნება (თ. 17-83); ჯერ კიდევ თავისი მიწიერი ცხოვრებისას იგი ცოცხალთა გარემოდან გადიოდა და სულთა უფალთან, „კაცის ძესთან“ ზესამყაროში იმყოფებოდა, სადაც ზეციური სამყაროს ყველა საიდუმლო გაემხილა (ენოქი. 12, 1-2; 81, 5-10). კიდევ ერთ იუდეველურ აპოკრიფში – იუბილეთა წიგნში, პატრიარქი ენოქი სხვა ძველაღთქმისეულ მართალთაგან განსხვავდება, როგორც უდიდესი ბრძენი და წინასწარმეტყველი, რომელმაც სამსჯავრომდე ისრაელის ძეთა მთელი ბედი განჭვრიტა. მიწიდან აღყვანების შემდეგ: „ის სამსჯავროს, მარადიულ სასჯელსა და ადამიანების ძეთა ყოველ ბოროტებას იწერს; ის ნიშნად არის დადგენილი, რათა ადამიანების ძეთა წინააღმდეგ მოწმე იყოს და ადამიანთა ყოველი საქმე გამოაცხადოს სამსჯავროზე (იუბილ. თ. 4 და 10). ამის შედეგ ისიც არის გასაგები, თუ რატომ განეკუთვნა პატრიარქ ენოქს, როგორც ადამიანთა საქმეების მოწმეს, მესიის მოსვლის წინა მოვლენებში და ადამიანთათვის მსჯავრის გამოტანაში მონაწილეობა.

_____

გამ. ლიტ.: А. Смирнов. Мессианские ожидания и верования иудеев около времен Иисуса Христа. СПб., 2010. с 292-294.

© ი. კაზარიანი. სტატია, 2017

Post Author: tomatodua