ინკების მეფის პაჩაკუტეკუს მიერ დაწერილი, უზენაესი ღვთაებისადმი მიძღვნილი ჰიმნი

ჩვენს სტატიებში არაერთხელ შევხებივართ წარმართთა რელიგიურ ცნობიერებას, რომლის ფესვები შორეულ წარსულში, ისტორიამდელ დროში მიდის. აღნიშნული ცნობიერება წარმართებში ე.წ. „ადამის მეხსიერების“ მაჩვენებელია. ეს ფენომენი მესოპოტამური ცივილიზაციების – აკადის, შუმერისა და განსაკუთრებით ეგვიპტის – ჰიმნოგრაფიაში კარგად აისახება, ეგპიტზე კი ამას წინათ ვწერდით [1]. ეგვიპტესადმი მიძღვნილ სტატიაში ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რამდენად ახლოს იყო ეგვიპტური ცივილიზებული სამყარო ჭეშმარიტი მონოთეიზმის გაგებასთან, რაშიც ეგვიპტელ წარმართებში არსებული „ადამის მეხსიერება“ კარგად წარმოჩნდა. „ადამის მეხსიერება“ კაცობრიობის პირველმამის, ადამის, შთამომავლებს გენეტიკურად გადაეცა, მაგრამ დროთა განმავლობაში დამახინჯდა და ამ დამახინჯებული სახით ცალკეულ ერებში დღემდე მოაღწია. ზუსტად ამ გენეტიკურ-ისტრიულ ასპექტში თავდაპირველი მონოთეიზმის ჭეშმარიტ ფესვს ვხედავთ, რომელსაც დაბადების წიგნში აღწერილ ისტორიამდე მივყავართ.

ძველი ებრაელები და ძველი ინკები (ეგვიპტელებისგან განსხვავებით) ერთმანეთისგან უკიდურესად დაშორებით ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი რელიგიებისა და რელიგიური ჰიმნოგრაფიის განვითარებაში მნიშვნელოვანი პარალელები შეინიშნება. ძველებრაული ღმერთი, იაჰვე, ებრაელთა ერთადერთი და უზენაესი ღმერთია, რომელსაც ისინი შემოქმედად, განმგებად, ყოვლისმპყრობელად, უფლად, მსაჯულად და ა.შ. აღიარებდნენ. აბრაამიდან მოყოლებული ებრაელთა რელიგიამ ჩვენამდე ჭეშმარიტი ღმერთის, და ადმიანისა და სამყაროს შექმნის შესახებ სწორი გაგება შემოგვინახა; ინკების რელიგიურ ცნობიერებაში კი კაცობრიობის თავდაპირველი რწმენის დამახინჯებას ვხედავთ. საინტერესოა, რომ ზემოხსენებულის მსგავსი ეპითეტებით ინკები თავიანთ ღვთაებებს, ვირაკოჩისა და პაჩა კამაკას, მიმართავდნენ. უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ამერიკაში ესპანელი კონკისტადორების შეჭრის პერიოდში ინკების საზოგადოების ზედა ფენებში – არისტოკრატიასა და ქურუმებში – მონოთეისტური ტენდენციების, როგორც ჩანს, საკმაოდ მყარად იყო შენარჩუნებული.

სახელი ვირაკოჩა (ინკების ენა კეჩუაზე – Wiraqucha) შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მშვენიერი საფუძველი და უფსკრული – ყოველთა დამტევნელი“. ეს ღვთაება ანდების რეგიონის მრავალი ხალხებისათვის (სანამ კოლუმბი ამერიკას აღმოაჩენდა) სამყაროს შემოქმედი იყო. პაჩა კამაკი (კეჩუას ენაზე – Pacha Kamaq, ანუ სამყაროს შემოქმედი) თავდაპირველად დედამიწის შემოქმედად განიხილებოდა, რომელიც მის სიღრმეებში მკვიდრობდა. ინკება ამ ღმერთის თაყვანისცემა მათ მიერ დაპყრობილი იჩმას ხალხისგან გადმოიღეს. შერწყმული სახელი ვირაკოჩა-პაჩა კამაკი კეჩუას ენიდან ითარგმნება, როგორც „სამყაროს გამრიგე“. შემდგომში, ინკების პანთეონის ყველა ღვთაებას ვირაკოჩა-პაჩა კამაკის ჰიპოსტასებად-ემანაციებად მიიჩნევდნენ.

ინკებს ცენტრალიზებული და იერარქიულად მოწყობილი სამყაროს კონცეფცია გააჩნდათ, რომლისთვისაც უცხო იყო დუალიზმი თანაბარი ბოროტი და კეთილი საწყისების ურთიერთდაპირისპირების თვალსაზრისით. ამიტომ, ერთი ღმერთის იდეა მათ მსოფლმხედველობას იოლად და ჰარმონიულად ერწყმოდა. ვირაპოჩა-პაჩა კამაკას გვიან გამოსახულებებში არა მხოლოდ პორტრეტულ-იკონოგრაფიულ გამოსახულებებს ვხვდებით, არამედ აბსტრაქტულსაც: ოქროს დისკოს ან ოვალის სახით; მსგავს გამოსახულებებს ეგვიპტელებთანაც ვხედავთ, რომლებთანაც მზის ოქროს დისკო უზენაესი ღმერთის ამონ-რას სახეს წარმოადგენდა. ყველაზე საინტერესოა, რომ ახალია აღთქმისა და ძველი აღთქმის ტრადიციებში ჭეშმარიტ ღმერთს მზე ეწოდება (მალ. 4, 2; ფსალ. 83, 12; გამოცხ. 12, 1-2).

შემონახულია ვირაკოჩე-პაჩა კამაკუსადმი მიძღვნილი რამოდენიმე  მკაფიო მონოთეისტური ხასიათის საგალობელი-ჰიმნი, ანუ „ფსალმუნი“ (თუ შეიძლება ასე ითქვას), რომელთა შეთხზვას პაჩაკუტეკუ იუპანკის მიაწერენ (+1471 წ.), რომელიც ინკების იმპერიის მეცხრე მმართველი იყო და 1438 – 1471 წლებს შორის მეფობდა. აი, ერთ-ერთი მის მიერ დაწერილი ჰიმნი:

(ამ ჰიმნის სიტყვები შეიძლება ძველი და ახალი აღთქმის ცნობილ მუხლებს შევადაროთ, რომლებიც ფრჩხილებში მოგვყვავს)

„ჰოი, ყოველივეს შემქმნელო და ფესვო (შეად. დაბ.  1, 31; 2, 1-3; იოანე. 1, 1-4)

ვირაკოჩავ, ყოველივეს დასასრულო (შეად. გამოცხ. 1, 10, 17; ესაია. 44, 6)

მბრწყინავ სამოსელში შემოსილო მბრძალებელო (შეად. ებრ. 1, 3; გამოცხ. 1, 13-14, 16)

რომელიც სიცოცხლეს შობ და აწესრიგებ ყოველივეს

ამბობ: „დაე, იყო კაცი! დაე, იყოს ქალი!“ (შეად. დაბ.  1, 27; მათე. 19, 4)

შემოქმედო (შეად. იოანე. 1, 3)

შენ მიეცი სიცოცხლე ყოველივეს

დაიცავ ისინი

დაე, იცხოვრონ მათ კეთილდღეობასა და ბედნიერებაში

უსაფრთხოდ და მშვიდად (ფსალ. 145, 1-10),

სად ხარ?

შიგნით? გარეთ?

ამ სამყაროს ზემოთ ღრუბლებში?

ამ სამყაროს ქვემოთ ჩრდილებში? (შეად. ფსალ. 138, 1-13)

შემისმინე! მიპასუხე! მიიღე გულთან ჩემი სიტყვები!

უსასრულო საუკუნეებო (შეად. ფსალ. 138, 23-24)

მაცოცხლე

დამიჭირე ხელებში, დამიკავე ხელის გულებში

მიიღე ეს ძღვენი (შეად. ფსალ. 50, 18-19, 21 და სხვ.)

სადაც არ უნდა იმყოფებოდე

ჩემო მბრძანებელო, ჩემო ვირაკოჩავ“

ორიგინალური ტექსტი კეჩუას ენაზე:

“A tiqsi Wiraqucha
qaylla Wiraqucha
tukapu aknupu Wiraquchan
kamaq, churaq
“Qhari kachun, warmi kachun,”
nispa.
Ilut’aq, ruraq
kamasqayki,
churasqayki
qasilla qispilla kawsamusaq
Maypin kanki?
Hawapichu?
Ukhupichu?
Phuyupichu?
Llanthupichu?
Uyariway!
Hay niway!
Iniway!
Imay pachakama,
hayk’ay pachakama
kawsachiway
marq’ariway
hat’alliway
kay qusqaytari chaskiway
maypis kaspapis
Wiraquchaya” [2].

_____

[1] იხ. ჩვენი სტატია: https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/11/04/solomonis-igavebis-wignshi-dzvelegvipturi-amenemopes/

[2] ჰიმნების მგალობელის მეფის, პაჩაკუტეკა იუპანკის, ზოგიერთი სხვა ჰიმნი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ: http://www.mezoamerica.ru/indians/south/pachacutec.html)

გამ. ლიტ.:

1. Ancient American Poets translated and compiled by John Curl. Bilingual Press, 2005. 163 p. თავი The Sacred Hymns of Pachacutec. — ამონ.: პაჩაკუტეკის წმინდა ჰიმნები (თარგმანი weshki); ელექტრონული რესურსი: http://www.mezoamerica.ru/indians/south/pachacutec.html

2. Берёзкин Ю. Е. Инки: исторический опыт империи. Л.: Наука, 1991. 234 с. [ელექტრონული რესურსი: http://historic.ru/books/item/f00/s00/z0000120/  Глава IV. Инка на земле – солнце на небе. Параграф 3. Тенденции к монотеизму в инкский религии: http://historic.ru/books/item/f00/s00/z0000120/st043…

© ი. კაზარიანი. სტატია, 2017

 

Post Author: tomatodua