ჩვენს წინა სტატიებში ვწერდით „ადამის მეხსნიერების“ ფენომენზე, ანუ გენეტიკურ მეხსიერებაზე, რომელიც წინაპრებისგან შთამომავლობას გადაეცემა. ეს არის ისტორიამდელი ხანის ბუნდოვანი მოგონებები, რომლებიც ადამის შექმნის საწყისამდე, მის ღმერთთან ურთიერთობამდე, მის განცდებამდე, დაცემამდე და ზოგად ცხოვრებისეულ სირთულეებამდე მიდიან. „ადამის მეხსნიერება“, როგორც ისტორიული მოვლენების გამოძახილი, მრავალ წარმართულ კულტურას ახასიათებდა. ამ კულტურებში მრავალღმერთიანობა იყო გავრცელებული, მაგრამ მთლიანობაში ისინი მონოთეიზმისკენ ისწრაფოდენ. „ადამის მეხსნიერება“ ბიბლიის დაწერამდე და ახლო აღმოსავლეთში ებრაელი ხალხის ჩამოყალიბებამდე და გამოჩენამდე ბევრად ადრე ვლინდებოდა მესოპოტამიის უძველეს ცივილიზაციებში – შუმერსა და აქადში. რათქმაუნდა, „ადამის მეხსნიერება“ წარმართულ თაობებში მნიშვნელოვნად დამახინჯდა. ამ ფენომენმა მხოლოდ ებრაელი ხალხის გამოჩენასთან ერთად მიიღო ღვთივგამოცხადებული სახე, თუმცა ყველაზე კარგად მაინც შუმერის, აქადისა და ეგვიპტეს რელიგიურ გარემოში შენარჩუნდა (აბრაამისა და ებრაელი პატრიარქების გამოჩენამდე). ამ ცივილიზაციების რელიგიურმა ტექსტებმა არაერთი ისტორიული და ისტორიამდელი მოთხრობა შემოგვინახა, რომლებშიც „ადამის მეხსნიერება“ კარგად გამოვლინდა.
ამ სტატიაში გვსურს ერთი მცირე რელიგიური ტექსტი განვიხილოთ, რომელიც შუმერულ-აქადური მითოლოგიების პერიოდიდან არის ცნობილი. ვისაუბრებთ პირველ ადამიანზე – ადაპეზე, რომელიც შეიძლება ბიბლიური ადამის პროტოტიპად მივიჩნიოთ. ჩვენ ტექსტის მხოლოდ იმ ადგილებს შევეხებით, სადაც ამ შუმერულ-აქადური მითისა და „დაბადების“ წიგნის პირველ თავებს შორის პარალელები ჩანს.
შუმერული და აქადური მითოლოგიების თანახმად, ადაპე პირველი ადამიანი და ნახევრად ღმერთია, რადგან ის მთავარი შუმერული სამი ღმერთიდან ერთ-ერთის – ენკის (სიბრძნის ღმერთი) შვილი იყო (აქადურად – ეია). ადაპე ქალაქ ერიდუში ცხოვრობდა (შუმერების თანახმად, ეს დედამიწაზე უძველესი ქალაქია (თანამედროვე ერაყის ტერიტორია). ერიდუში ადაპეს მამა – ღმერთი ენკი ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ადაპეს ნახევარ ღმერთული სტატუსი ძლიერ ჰგავს ბიბლიური ღმერთის ჩანაფიქრს ადამის თაობაზე. საუბარია განმღრთობაზე: „მე ვთქვი: თქვენ ღმერთები ხართ, უზენაესის ძენი ხართ ყველანი“ (ფსალ. 81, 6). ამას მაცხოვარიც ადასტურებს (იოანე. 10, 34-35). ენკი, ადაპეს მამა, არა მხოლოდ სიბრძნის ღმერთია, არამედ ადამიანისა და კაცობრიობის მფარველი. ენკის სახე ძალიან გვაგონებს ქრისტეს, ანუ ლოგოსის სახეს, რომელიც ყოველივეს, მათ შორის, ადამიანის შემოქმედია (იოანე. 1, 3). ლოგოსი, როგორც შემოქმედი და მფარველი, კაცობრიობის სიყვარულისა და ხსნისათვის განკაცდება (რომ. 5, 8). აღსანიშნავია, რომ მსოფლიო წარღვნის შუმერულ-აქადური ვერსიის თანახმად (ბიბლიურ თხრობამდე დიდი ხნით ადრე) ენკი აუწყებს ნოეს (აქად. ზიუსუდრა), თუ როგორ შეუძლია მას გადარჩენა და რა უნდა გააკეთოს ამისათვის. თუ ენკი სიბრძნის ღმერთია, ქრისტე თავად სიბრძნეა (1 კორ. 1, 24); ენკი მსაჯულია, როგორც ქრისტე (იოანე. 5, 22); ენკი თავისი მამის, უზენაესი ღმერთის – ანუს (ზეცის ღმერთი) პირველშობილ ძედ არის წოდებული, მაგრამ თავისი მამის პირველშობილი ძე ქრისტეც არის – „πρωτότοκος“ (კოლ. 1, 15; ებრ. 1,6). საერთოდ, ენკის სახე და მისი პარალელები ქრისტესთან, ისევე როგორც სამების სახისა (ძველ აღთქმისეული ალუზიები სამებაზე იხ.: დაბ.: 1, 1, 26; 3, 22; 11, 7-6) და შუმერული უზენაეს ტრიადის (ანუს, ენლილეს და ენკის) პარალელები ცალკე კვლევის საგანია. ადაპე თავისი მამის, ენკის, პირველსახეა, ისევე, როგორც ადამია ღვთის სახე (დაბ. 1, 27). კონკრეტულად რომ ვთქვათ, ის ღვთის ლოგოსის სახეა.
ამ შუმერულ-აქადური მითის ტექსტი უძველესი ეგვიპტური ქალაქის, თელ-ელ–ამარნის, დოკუმენტებს შორის აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ამ დოკუმენტის მეშვეობით ეგვიპტელებს ბაბილონურ ენას ასწავლიდნენ, რადგან მას დიდი რაოდენობით შენიშვნები ახლავს. ერთ-ერთი ასლი ასურელი მეფის, აშურბანიპალის (668-627 ჩვ. წ. აღ.-მდე), ბიბლიოთეკაში შემოინახა. ის მწერალთა სკოლაში ენების შესწავლისთვის გამოიყენებოდა. ტექსტში გამოტოვებებია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ეს მითი – შვიდ ბრძენთაგან ერთ-ერთზე – ადაპეზე – რამოდენიმე რედაქციაში შემორჩა.
მითის თანახმად (საყოველთაოდ აღიარებული რედაქციით), ადაპეს, ერიდუს ტაძრის ქურუმს, ევალებოდა ტაძრის თევზითა და პროდუქტით მომარაგება. აღსანიშნავია, რომ ენკის სიმბოლო – თევზია, ქრისტიანული ტრადიციის მსგავსად, სადაც თევზი – ქრისტეს სიმბოლოა. ენკი წყლის სტიქიასთანაა დაქავშირებული, ენკი სიცოცხლის წყლის პოტენციაა. ადამიანს ენკი აფსუს (პირველქმნილი ოკეანეს ფსკერიდან) თიხისგან ქმნის. ენკი როგორც ციდან ჩამომავალი წყლის, ისე მიწისქვეშა წყლის ღმერთია, ზუსტად ისე, როგორც ბიბლია მოგვითხრობს სამყაროს შექმნის აღწერისას: „თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები“ (დაბ. 1, 6) და „გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე“ (დაბ. 1, 7). ამის შემდეგ კი ადამიანი იქმნება ღვთის ხატად. უნდა იტქვას, რიმ თუ შუმერულ-აქადური ტექსტების თანახმად, ენკის მამა, ზეციური ღმერთი – ანუ – ადამიანისგან მოშორებული შემოქმედია, თავად ენკი კი ადამიანთან ახლოს მყოფი „სიმშვიდეა“, ის ადამიანთან ახლოსაა, ადამიანს ამშვიდებს, როგორც ქრისტე ეუბნება ხალხს: „მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს“ (მათე. 11, 28-29). ენკი ცხოვრების მომცემია, ქრისტეს მსგავსად (იოანე. 10, 28), მაგრამ ქრისტე, ამასთან ერთად, თავად არის სიცოცხლე (იოანე. 14, 6); ენკი, სიცოცხლის მომცემელივით, გამოსახულია ადამიანის სახით, რომლის ორივე მხარიდან მდინარეები (ტიგროსი და ევფრატე) გადმოსდის, როგორც სიცოცხლის წყარო, წყალი ხომ სიცოცხლეა. აქ გვახსენდება ქრისტეს სიტყვები, რომლებიც მან სამარიტელ ქალს უთხრა: „წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში“ (იოანე. 4, 14). ტიგროსი (ებრ. ხიდეკელი) და ევფრატე იმ დედამიწისეული სამოთხის მდინარეებია, სადაც თავდაპირველად ცხოვრობდა ადამი (დაბ. 2, 14).
შუმერულ-აქადური მითის თანახმად, ადაპე ერთხელ სათევზაოდ წავიდა. ზღვა მშვიდი იყო, მაგრამ უეცრად ამოვარდნილმა სამხრეთის ქარმა ტალღა აწია და ადაპეს ნავი გადააყირავა. გაბრაზებულმა ადაპემ სამხრეთის ქარს ფრთა მოტეხა (აქ ქარის პერსონიფიკაციას ვხედავთ) და ის შვიდ დღეს ვეღარ ქროდა. ზეციურმა ღმერთმა ანუმ, ენკის მამამ, ეს რომ შეიტყო, ადაპეს პასუხი მოსთხოვა. ენკიმ თავის ძეს, ადაპეს, ურჩია სამგლოვიარო სამოსის ჩაცმა, რათა ზეციური ტაძრის კართან მდგომ თამუზსა და გიშზიდში სიბრალული გამოეწვია. ენკის ეშინოდა, რომ ღმერთი ანუ ადაპეს სიკვდილის საკვებსა და წყალს დაალევინებდა და ურჩია ადაპეს, არაფერი ეჭამა. ანუ განრისხებულია მოკვდავი ადამიანის კადნიერების გამო, მაგრამ თამუზისა და გეშზიდის მეოხებით ადაპე შეიწყალა და მას უკვდავება უბოძა – ის ბრძანებს, რომ ადაპესთვის სიცოცხლის პური და სიცოცხლის წყალი მიერთმიათ, მაგრამ მამის რჩევით ადაპე უარს ამბობს ძღვენზე. ანუს ძალიან გაუკვირდა და არ მოეწონა ეს საქციელი და ადაპეს დედამიწაზე დაბრუნება ბრძანა. ადამიანის დედამიწაზე „დაბრუნება“ ადამის სამოთხედან გაძევების ალუზიაა (დაბ. 3, 23) – „მიწა ხარ და მიწად მიიქცევი“ (დაბ. 1, 19). საინტერესოა, რომ ანუ ადაპეს მარადიულ ცხოვრებასთან ზიარებას ჭამისა და სმის ფორმით სთავაზობს. ადამიც ხომ ამისკენ იყო მოწოდებული – მარადიული ცხოვრების დამკვიდრებისკენ განმღრთობითა და ღვთის ზიარებით, რისი სიმბოლოც დედამიწისეულ სამოთხეში მდგარი სიცოცხლის ხე იყო (დაბ. 1, 9). ადაპეს სიცოცხლის პურსა და წყალზე ამბობს უარს, რითიც ანუს ღვთაებრივ ტრაპეზში მონაწილეობას უარყოფს, როგორც ადამმა უარყო განმღრთობა და ღმერთთან ზიარება. ადამისა და ადაპეს შორის განსხვავება იმაშია, რომ ადამი ბოროტებისა და სიკეთის შეცნობის ხის ნაყოფს ჭამს (დაბ. 3, 6) და ამით ღვთის მცნების შესრულებაზე უარს ამბობს, როგორც ადაპე ღმერთ ანუს ნებაზე უარს ამბობს სიცოცხლის პურსა და წყალზე უარის თქმით. ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ღმერთის ნების შესრულებაზე ამბობს უარს, რამაც ადამიანის დედამიწაზე (უკვე დაცემულ დედამიწაზე) გაძევება გამოიწვია, სადაც ადამი „პიროფლიანი“ ჭამდა პურს და სიკვდილს ეზიარებოდა (დაბ. 3, 19). ადაპე კი ტაძარში შრომობდა და ტაძარს თევზით ამარაგებდა. ღმერთმა ანუმ მას უკეთესი წილი განუმზადა, ადაპე ამაზე უარს ამბობს და დედამიწაზე ბრუნდება. ღმერთი ანუ ადაპეს ეუბნება, რომ უკვდავება მხოლოდ მან კი არა, არამედ მისმა შთამომავლებმაც დაქარგეს. ეს ბიბლიურ თემას ეხმიანება, სადაც ადამი დაცემული და მოკვდავი შთამომავლობის მშობელი ხდება. ვფიქრობთ, რომ ორი პერსონაჟის სახელების მსგავსებაც არ არის შემთხვევითი. სიტყვა „ადამი“ ებრაული אָדָם,-სგან მოდის და სიტყვასიტყვით „ადამიანს“ ნიშნავს. ეს სიტყვა იმავე ფუძისაა, რაც „אדמה“ (ებრ. – ადამა)– „მიწა“. ებრაული და აქადური ენები სემიტური ჯგუფის ენებია. აქადური, ფაქტიურად, ებრაულის წინამორბედია. აქადურ სიტყვა „ადაპეს“ შეიძლებოდა იგივე მიმართება ჰქონოდა „მიწასთან“, როგორც ებრაულ სიტყვას „ადამას“ მიწასთან, რომელშიც დაბრუნდა ადაპე და რომელშიც გაძევებულ იქნა ადამი. ერთ-ერთი აქადური ვერსიის თანახმად ადაპეს „ერიდელი აბგალა“ უწოდეს, სადაც „აბ“ არის წყალი, „გალ“ დიდი, ხოლო „ლუ“ ადამიანი. ეს კარგად გვიჩვენებს ადამიანის წყალთა ონტოლოგიურ კავშირს აჩვენებს. ამას დაბადების წიგნიც მოწმობს, რომელშიც მოთხრობილია, რომ სამყარო წყლიდან და წყლით შეიქმნა. როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, სიცოცხლის წყალს ქრისტესთან პირდაპირი პარალელები გააჩნია; ასევე, სიცოცხლის პურიც უშუალოდ ქრისტესთან არის დაქავსირებული, რადგან თავად მაცხოვარმა თქვა: „მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს“ (იოანე. 6, 35).
მითის თანახმად, ადაპე მეთევზე იყო, მეთევზეობა კი ღმერთებს ესათნოვებოდა, რადგან შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში პირველი ადამიანი ნახევრად თევზისა და ნახევრად ადამიანის სახით მოიაზრებოდა და აქედან არის წყლის სტიქიასთან კავშირიც – „აბ-გალ-ლუ“.მითის მიზანია იმის ახსნა, თუ რატომ არიან ადამიანები მოკვდავნი და რატომ დაკარგეს უკვდავება. კაცობრიობის მიერ უკვდავების ბრალი ადაპეს კი არა, არამედ მის მამას – ენკის – ედება, რომელმაც საჭმელ-სასმელზე უარის თქმა ურჩია თავის ძეს, თუმცა ანუ ადაპეს საქციელით იყო უკმაყოფილო და ამის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია. რათქმაუნდა, ამ წარმართულ მითში ღვთივგამოცხადებულ (ბიბლიურ) ვერსიასთან სრულ შესაბამისობას ვერ ვნახავთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც არ უნდა ყოფილიყო დამახინჯებული ეს ისტორია შუმერულ-აქადურ მითებში, ის პირველი ადამიანის შექმნისა და დაცემის ბიბლიურ ისტორიას მრავალ მომენტში ეხმიანება.
ისიც უნდა ითქვას, რომ ძველი აღმოსავლეთის მრავალ მითოლოგიაში ოთხი ქარი დედამიწის ოთხ მხარესთან იყო დაკავშირებული (შეად. გამოცხ. 7, 1) და ფრთიანი არსებების სახით იყო წარმოდგენილი (ძველი აღთქმისა (ეზეკიელ. 1, 5-10) და ახალი აღთქმის (გამოცხ. 4, 6-8) ქერუბიმების მსგავსად, რომლებიც ოთხი მახარებლის სიმბოლოდ (არწივი, ლომი, ვერძი და ადამიანი) გამოისახებიან), რომლებიც ეკლესიის გუმბათოვან ჭერზე გამოისახება, დედამიწის ოთხ მხარეს, რაც ქრისტეს სიტყვის დედამიწის ოთხივე მხარეს გავრცელების აღმნიშვნელია. და ეს ანგელოზი ანუ ქერუბიმი კი მახარებლად გამოისახება (ბერძნ. ἄγγελος). მესოპოტამიურ წარმართობაში სამხრეთულ ქარს უარყოფითი მნიშვნელობა ენიჭება – სამხრეთის მხარე უარყოფითი იყო, რადგან კეთილი ღმერთები ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ. ზოგიერთ მითოლოგიაში სამხრეთით მკვდრების სამეფო განლაგდებოდა. ადაპეს რომ სამხრეთის ქარი დაატყდა აიხსნება იმით, რომ მისი მკვდრების სამეფოში წაყვანა უნდოდათ. ანუს სურს, რომ ადაპემ უზენაესი ცხოვრება შეიმეცნოს და გადარჩეს – უზენაესი ღმერთების წრეში დამკვიდრდეს (შემთხვევით ხომ არ სთავაზობენ ადაპეს მარადიული ცხოვრების ტრაპეზს), მაგრამ ადაპე ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს.
ორივე შემთხვევაში ვხედავთ, რომ ადამიანი უკვდავებასა და მარადიულ ცხოვრებაზე უარს ამბობს. მთავარი სხვაობა იმაშია, რომ ადამი „განმღრთობადად“ შეიქმნა (წმ. იონე დამასკელის სიტყვებით (PG 94 924 A), ამიტომაც ვერ ხედავდა ის თავის სიშიშვლეს დაცემამდე და ღმერთთან სინერგიით ღმერთს უნდა დამსგავსებოდა (დაბ. 1, 26-27); ადაპე კი უკვე ნახევარღმერთი იყო (შუმერულ-აქადურმა სამყარომ განმღრთობის ცნება არ იცოდა) და ადამიანურ პირობებში ცხოვრობდა, ყოველდღიურ ჯაფასა და შრომაში. მაგრამ იმის გამო, რომ მას ნახევარღმერთის სტატუსი ჰქონდა და ღმერთ ენკის შვილი იყო, უზენაესმა ღმერთმა ანუმ გადაწყვიტა, მისტვის უკეთესი მომავალი მიეცა. ადამმაც და ადაპემაც უარესი ხვედრი აირჩიეს, უკვდავების ნაცვლად მოკვდავნი გახდნენ და ზეცის ნაცვლად მიწიერება აირჩიეს. ამ ხვედრს როგორც ძველი მონოთეისტები, ისე პოლითეისტი წარმართებიც დასტიროდნენ…
_____
გამ. ლიტ.: 1. Мифологический словарь./Гл. ред. Мелетинский Е.М. – М.: Советская энциклопедия, 1990 г.- 672 с.; 2. Самозванцев А. М. Мифология Востока. – М.: Алетейа, – 384 с. 3. Ассиро-вавилонский эпос: Пер. с шумерского и аккадского языков В.К. Шилейко / Изд. подгот. В.В. Емельянов; Отв. ред. И.М. Стеблин-Каменский; Ред. изд- ва Л.Н. Мурзенкова; Худож. Е.В. Кудина. — СПб.: Наука, 2007. — 641 с.: Адапа. Миф: (Пьеса). – С. 419-436.
© ი. კაზარიანი. სტატია, 2018